სკოლამდელი განათლება ბავშვის წარმატებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. იმისათვის რომ გავიგოთ, რა დატვირთვა აქვს ადრეულ განათლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარებაში, სიტყვათა მარაგის ჩამოყალიბებაში და კიდევ ბევრ სასარგებლო უნარის გამოიმუშავებაში დავეხმაროთ, ამის შესახებ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი ნანა გეგელიშვილი გვესაუბრა. ქალბატონი ნანა 20 წელიწადზე მეტია ადრეული განათლების პროგრამებზე მუშაობს, ასევე სწავლის უნარის დაქვეითების მქონე პრობლემებსა და დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების საკითხებს იკვლევს. ამჟამად გახლავთ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანადგომა" დამფუძნებელი.
- მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნეირმეცნიერთა მიერ მრავალი მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რითაც დამტკიცდა, რომ ადრეული განათლება წამყვანი მიმართულებაა ბავშვის მომავალი წარმატებისთვის. აუცილებელია ისიც, რომ მშობლები ფლობდნენ ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას. ჰარვარდში ჩატარებული კვლევის თანხმად, ყოველ ათას ბავშვში სამასს განვითარების ხელოვნური შეფერხება აღენიშნება, მიზეზად კი ტოქსიკური სტრესი სახელდება. რისგან არის გამოწვეული ტოქსიკური სტრესი? მისი გამომწვევი შეიძლება იყოს:
დედის დეპრესია - ხშირ შემთხვევაში მშობლები ვერც ხვდებიან რა ზიანს აყენებნ თავისი დეპრესიით შვილს; უგულველყოფა - როდესაც არ გვცალია, არ ვაქცევთ ბავშვს ყურადღებას. მკაცრი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ. ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე სიტყვიერი, ფიზიკური ხომ თავისთავად. მშობლებმა არც იციან, ამ ყველაფრით რამხელა საფრთხე შეიძლება შეუქმნან ბავშვის განვითარებას. რით ვლინდება ეს ყველაფერი? იმით, რომ ბავშვებს აქვთ ძალიან ცუდი მეხსიერება, არ აქვთ კარგი კონცენტრაციის უნარი, რაც მეხსიერების ერთ-ერთი კომპონენტია. საერთოდ, ადრეულ განათლებაზე მეცნიერები ამბობენ, "ან გამოიყენე, ან დაკარგე" იმიტომ, რომ ეს პერიოდი მშობლებმა, ძიძებმა, ბებიებმა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ბავშვებს გავუძლიეროთ სწავლის ის უნარები, რომელიც მომავალში ძალიან დასჭირდებათ და გამოადგებათ.
ბავშვს რომ ჰქონდეს ძლიერი სიტყვათა მარაგი, ჩამოუყალიბდეს მეტყველების კარგი უნარი, უნდა ვესაუბროთ ემოციურად, მინიმუმ 15 წუთი დილას და საღამოს.
ეს მოსწონს თვეების ბავშვსაც კი. ამ ასაკის ბავშვების შემთხვევაში ძირითად აქცენტს აკეთებენ კვებასა და ჰიგიენაზე, არადა ამასთან ერთად, ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვს მოვასმენინოთ მუსიკა, რაც დადებითად მოქმედებს და ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას. მუსიკა უნდა იყოს მშვიდი და მარიტივი, ძალიან კარგია, თუ ამას რიტუალის სახეს მივცემთ და ძილის წინ მოვასმენინებთ.
სანამ ბავშვი ალაპარაკდება, მანამდე მისი ტვინი "ენის, ბგერების სტატისტიკას" აგროვებს, ბგერები, რომელსაც ისმენს, რჩება ბავშვის ნეირონებში და ხელს უწყობს მის მალე ალაპარაკებას, ეს კი თავისთავად ამდიდრებს სიტყვათა მარაგს. მრავალფეროვანი სიტყვათა მარაგის არსებობა ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი იქნება ძალიან კარგი მკითხველი, არ იწვალებს კითხვაზე.
რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა მშობლების მხრიდან. არსებობს კვლევაც, რომლის თანახმად სოციალურად დაუცველ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ სიტყვათა მარაგის სიმცირე. უფრო დეტალურად გამოარკვიეს მიზეზი და აღმოჩნდა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს ყოველ 6 სიტყვაში 4 სიტყვა ნეგატიურ ასპექტში ესმის, ფერხდება მისი სიტყვათა მარაგის განვითარება, ხოლო იმ ოჯახებში, სადაც 6 სიტყვიდან ექვსივე პოზიტიურია ბავშის მიმართ, განვითარება უფრო სწრაფად ხდება.
ლექსის დაზეპირებას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ბავშვმა ის არ გაიაზრა კონტექსტის მიხედვით.
ზოგადად, ძალიან კარგია თუ მშობელი ბავშვს დაახატინებს ლექსის შინაარს, ეს არის გრძელვადიანად დამახსოვრება, რადგან ლექსის კონცეფიციას დებს ნახატში და ეს ნიშნავს, რომ იაზრებს. გარდა ამისა, ხატვა ხელის მოტორიკას უწყობს ხელს და თან ბავშვი შინაარსსაც ადვილად დაიმახსოვრებს. თითების მოტორიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია ბავშვის მეტყველების განვითარებასთან. საერთოდაც, ლექსებსა და მოთხრობებში ჩართონ მშობლებმა თითებით თამაში, მაგალითად, წერია, წვიმს, ეცადონ, განუსახიერონ ეს მოქმედება თითებით, რადგან ეს უწყობს ხელს მეტყველების განვითარებას.
6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის
ციცი ომანიძე