მშობლები ბავშვებში მენინგიტის არასტანდარტული სიმპტომების შესახებ გააფრთხილეს 3 თვემდე ბავშვებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ ამ საშიში დაავადების ნიშნები, რომლებსაც როგორც წესი, აკვირდებიან დიაგნოსტიკის დროს. მენინგიტის კვლევის ბრიტანულმა ფონდმა დააფინანსა ახალი კვლევა, რომ დაედგინათ, როგორ მიმდინარეობს ეს დაავადება ყველაზე მოწყვლად ასაკობრივ ჯგუფში - 3 თვემდე ასაკის ბავშვებში. სწორედ სამ თვემდე ბავშვებშია ყველაზე ხშირად ბაქტერიალური მენინგიტის შემთხვევები, რომლებსაც სიკვდილიანობა მოჰყვება, ამიტომ ადრეულ დიაგნოსტირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა გამოაქვეყნეს ჟურნალ The Pediatric Infectious Disease-ში. მათ გააანალიზეს ამ ასაკობრივი ჯგუფის 263 ბავშვის მონაცემები და დაადგინეს, რომ ამ ასაკში ბავშვებს ხშირად საერთოდ არ აქვთ არავითარი სიმპტომები.
მენინგიტის გავრცელებული სიმპტომებიდან, მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსზე მეტი) მხოლოდ 54%-ს ჰქონდა, კრუნჩხვა - 28%-ს, კომა - 6%-ს, კუნთების და კისრის დაჭიმულობა - მხოლოდ 3%-ს. თანაც, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ინფექციის თანმხლები იქნება მაღალი ტემპერატურა.
ამიტომ მშობლებს სთხოვენ, დააკვირდნენ სულ უმცირეს გამოვლინებებს, მაგალითად, მომატებულ კაპრიზულობას და ძილიანობას, ძუძუზე ან ბოთლზე უარის თქმას. ანუ ბავშვის ხასიათის და ქცევის ცვლილებებზე ყოველთვის ჩააყენონ საქმის კურსში ექიმი.
ზოგადად, ეს ინფექცია უფრო ხშირად გამოხატულია წითელი გამონაყარით, რომელიც სწრაფად ვრცელდება სხეულზე და წითელ ლაქებს ქმნის (ეს სიმპტომიც შეიძლება არ ახლდეს თან დაავადებას). ბავშვს შეიძლება ჰქონდეს (ან არ ჰქონდეს) მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, კუნთების ტკივილი, ხელ-ფეხის შეციება. გარდა ფიზიკური გამოვლინებებისა, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ქცევას - მას არ სურს, რომ შეეხონ, აღიზიანებს სინათლე, ხშირი სუნთქვა აქვს, მოდუნებულია ან სულ სძინავს, ბევრს ტირის და კვნესის.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ღუდუშაურის კლინიკის ნეონატალური ცენტრის ხელმძღვანელს ნეონატოლოგ შორენა ჭანკვეტაძეს:
- მენინგიტი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში და ახალგაზრდებში. შესაძლებელია, რომ მენინგიტი ახალდაბადებულ ბავშვსაც აღმოაჩნდეს, იყოს თანდაყოლილი და უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. გამოცდილი ექიმი ობიექტური დაკვირვების შედეგად, ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ნიშნავს საჭირო კვლევებს. არსებობს ასევე შემთხვევები, როდესაც მენინგიტი გამოხატულია სხვადასხვა სიმპტომით - მაღალი ტემპერატურა, ღია ფერის, აჭრელებული კანი და წითელი გამონაყარი, გაშეშებული კისერი, კრუნჩხვა ან გულის წასვლა. თუ ბავშვს აღმოაჩნდა მენინგიტი, საჭიროა მისი დაყოვნება ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე თვის განმავლობაში.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ