ზაფხულში გარემოს ტემპერტურა მკვეთრად მატულობს და პატარა ოფლიანობს. კანის ფორები ვიწროა, მათი დახშობა კანის გაღიზიანებას იწვევს, რაც წვრილი წითელი გამონაყრის სახით ვლინდება.
ეს უსიამოვნო წითელი კოპლები მეტად გამოიხატება ფიზიოლოგიურ ნაოჭებში, სხეულის ზედა ნაწილებში. ნასიცხი წლის ცივ დროსაც შეიძლება განვითარდეს, თუ პატარას ძალიან თბილად აცმევთ და ამის გამო ოფლიანობს.
ნასიცხის განვითარებას ხელს უწყობს ახალშობილის და ჩვილის კანის ანატომიურ-ფიზოლოგიური თავისებურებები - კანი თხელია, მის ფენებს შორის კავშირი სუსტია, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, ყოველივე ამის გამო კანი ადრეულ ასაკში ადვილად ზიანდება და ღიზიანდება, მეორადი ინფექციის შეჭრა და გავრცელება სწრაფად ხდება.
საბედნიეროდ - არა, გამონაყარი მტკივნეული არ არის, თუმცა მას შესაძლოა თან მცირე ქავილი ახლდეს და ბავშვს დისკომფორტს უქმნიდეს.
ხშირად აბანავეთ, შეგიძლიათ უბრალოდ სუფთა წყალი გაადავლოთ ან სულაც მცენარეული აბაზანა გაუკეთოთ დღის მანძილზე, საღამოს კი დასაბანი საშუალებაც გამოიყენოთ. მთავარია, პატარას ოფლი მოაშოროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებს, ამ ადგილებში ოფლიანობა უფრო მეტია. თუ წყლის გადავლებას ვერ ახერხებთ, გრილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით გაწმინდეთ ეს არეები და დეტალურად გამშრალეთ. ნუ გამოიყენებთ ტალკს და ცხიმიან კრემებს სხეულზე წასასმელად. ამით მხოლოდ უფრო მეტად ჩაკეტავთ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას შეუზღუდავთ.არ გამოიყენოთ სინთეზური ქსოვილებისაგნ შეკერილი სამოსი. ტანსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის, რათა კანის სუნთქვას და „განიავებას“ ხელი შეუწყოთ. ყურადღებას მიაქციეთ კანის სისუფთავეს. მიკრობების შეჭრისას შესაძლებელია კანი უფრო მეტად დაზიანდეს, წარმოიქმნას ჩირქოვანი გამონაყარი და დაზიანების დიდი კერები, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საშიშროებას უქმნის. ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყენეთ კონდიციონერი, ოთახის ტემპერატურა 22-23 გრადუსი უნდა იყოს. არ დაივიწყოთ სითხეების გაზრდილი რაოდენობით მიწოდება. ოფლის სახით ხომ პატარას სითხეს კარგავს, რამაც შესაძლებელია გადახურება და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.თავისთავად, ნასიცხი საშიში არ არის, მაგრამ თუ გამონაყარი გავრცელდა, კანი მეტად გაღიზიანდა, შენიშნეთ ჩირქოვანი გამონაყარი, აუცილებლად ეწვიეთ ვიზიტზე თქვენს ექიმს.