რით განსხვავდება ქუნთრუშა სხვა ბატონებისგან
"ბატონები მობრძანდნენ, "ბატონებს ეწყინებათ", "ბატონები გაგვიბრაზდებიან" - ამ ფრაზებს დღეს ნებისმიერ ოჯახში მოისმენთ, სადაც ჩუტყვავილით, წითურით თუ ყბაყურით დაავადებული ბავშვია. რას გულისხმობს სინამდვილეში ხალხში გავრცელებული ტერმინი "ბატონები", რატომ ფიქრობენ, რომ მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ყველა სურვილის ასრულება სჭირდება? რამდენად იცავს ბავშვს აცრა ამ დაავადებებისგან? ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ხატია შუკაკიძე გვესაუბრება:
- ე.წ. ბატონები სხვადასხვა სახელწოდების, სხვადასხვა სიმპტომებით გამოხატული ინფექციური დავადებებია და მას ხალხურ ცრურწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ამ "ცრურწმენების" გარკვეული ასპექტების ახსნა სამედიცინო ენაზე შესაძლებელია: მაგალითად, გავრცელებული მითის თანახმად, ავადმყოფის ყველა ჭირვეულობის შესრულება სავალდებულოა, - ამას ბატონები ითხოვენო. რეალურად, ნებისმიერი გამღიზიანებლის ზემოქმედება ორგანიზმზე სტრესის დონეს მაღლა სწევს, ავადმყოფის გაღიზიანების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმება მართლა შესაძლებელია, მაგრამ არა "გაბრაზებული" ბატონების გამო, არამედ დაავადების მიმდინარეობისას გამოხატული ძლიერი ზოგადი ინტოქსიკაციიდან გამომდინარე. ინფექციური დაავადებების გავრცელების რამდენიმე გზა არსებობს: კონტაქტური, საყოფაცხოვრებო, ვერტიკალურად, ანუ დედიდან შვილზე და ა.შ, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული, რაც პანდემიებს და ეპიდემიებს იწვევს, ჰაერწვეთოვანი გზაა.
- რა და რა სახის "ბატონები" არსებობს?
- "ბატონების" სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე სახელწოდების ინფექციური დაავადება. წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა - ვირუსული ინფექციებია, ხოლო ქუნთრუშა კი ბატონების განსაკუთრებული წარმომადგენელია, რომელსაც ბაქტერია იწვევს. დღეისათვის უცნობია თუ რატომ მოახდინეს ჩვენმა წინაპრებმა ამ ინფექციური პათოლოგიების ერთი სახელწოდების ქვეშ გაერთიანება;
- რამდენად იცავს ბავშვს ვაქცინაცია ამ დაავადებისგან?
- საბედნიეროდ, ვაქცინაცია საკმაოდ საიმედო მეგობრად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბავშვთა ინფექციური დაავადებების პრევენციის კუთხით. ვაქცინების აღმოჩენამ ბატონების ბატონობას წერტილი დაუსვა — ისინი უფრო და უფრო გაიშვიათდა, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მათ გაქრობაზეც კი ფიქრობს, მაგრამ არსებობს "ბატონები", რომლებსაც იმუნიზაციის განვითარებამ ვერაფერი დააკლო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. იმუნიზაციის მიზანია ცალკეული ადამიანების ან მთელი მოსახლეობის დაცვა "მართვადი" ინფექციებისაგან. ბავშვს დაბადებისას, ჩვეულებრივ, აქვს იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციისადმი, რასაც განაპირობებს პლაცენტის გზით გადაცემული ანტისხეულები. ძუძუთი კვებისას ახალშობილი დედის რძის მეშვეობით დამატებით იღებს ანტისხეულების ახალ ულუფას. ასეთი პასიური იმუნიტეტი დროებითია და ცხოვრების პირველი წლის ბოლოსათვის კლებულობს. ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით.
- იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი უარს იტყვის ბავშვის აცრაზე, რამდენად გართულდება დაავადების მიმდინარეობა?
- ვაქცინაციაზე უარის თქმით მშობელი დიდი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. იმუნიზაცია იცავს არა მარტო თქვენს ბავშვს, იგი იცავს თქვენს ოჯახს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა მძიმე მიზეზის გამო ვერ აიცრნენ.
- ზოგადი რჩევა რომ მოგვცეთ, როგორ მოვუაროთ და რით ვუმკურნალოთ ბავშვს, რომელსაც ბატონები აქვს?
- მკურნალობა გამომდინარეობს დაავადების მიმდინარეობიდან, გამომწვევის ბუნებიდან და ინდივიდუალურია ყველა პაციენტის შემთხვევაში,ხოლო რაც შეეხება ზოგად რჩევებს, აუცილებელია ბავშვისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სტრესის თავიდან არიდება, სიმპტომური მკურნალობა: ცხელების მართვა, სითხეებით დატვირთვა და კვების რეჟიმის დაცვა; მედიკამენტოზური მკურნალობა უმჯობესია მიანდოთ თქვენს მკურნალ ექიმს;
- რამდენად გამართლებულია პრაქტიკაში ხალხური თქმულებები და მკურნალობის მეთოდები, წითელი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა ბავშვისთვის, ყველა სურვილის ასრულება, სიმღერა და ა.შ ?
- ბევრ ჩვენგანს ახსოვს ალბათ, თუ როგორი "მოწეწებით" აცხადებდნენ მშობლები, როდესაც ჩვენს სხეულზე უცნაურ გამონაყარს შეამჩნდევდნენ, - ბატონები გვესტუმრენ, დაილოცოს მათი სახელიო... ასეთ დროს ოჯახშიც ყველა "ფეხის წვერებზე" დადიოდა თითქმის, მოწევა, დალევა და ზედმეტი ხმაურიც იკრძალებოდა და "დაავადებულს", ანუ იმ პერსონას, რომელსაც ბატონების სტუმრობის ღირსად თვლიდნენ, მართლა "მბრძანებელივით" ექცეოდა ყველა. რაც არ უნდა გეთხოვა ოჯახის წევრისთვის მაშინ, თითქმი ყველა სურვილი დაუყოვნებლივ შეგისრულდებოდა.
აღნიშნული წახალისებები ემსახურება ბავშვისთვის კომფორტის ზონის შექმნას და სტრესის თავიდან აცილებას, რაც, თავისთავად ცხადია, მხოლოდ დადებითად შეიძლება წაადგეს პაციენტის სწრაფ და ეფექტურ გამოჯანმრთელებას.
- რა გართულებები მოსდევს ამ ინფექციებს?
- გართულებების რიცხვი საკმაოდ მრავალფეროვანია. გართულება შეიძლება გამოიწვიოს მეორეულმა ინფექციამ და ჩამოყალიბდეს აბსცესი, ფლეგმონა, წითელი ქარი, ბრონქოპნევმონია. ტიპობრივი გართულებაა ვირუსული ენცეფალიტი და ცერებრული ატაქსია. ენცეფალიტი უმეტესად ვლინდება ფუფხის სტადიაში და არ უკავშირდება დაავადების სიმძიმეს. იგი უფრო იმუნური რეაქციებითაა განპირობებული. ენცეფალიტის სურათისთვის უფრო დამახასიათებელია ნათხემის დაზიანება - ატაქსიური სინდრომი. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და 48-72 საათში ხდება სიმპტომების თითქმის სრული ალაგება. სხვა გართულებებიდან მოსალოდნელია გიიენ-ბარეს სინდრომი, ართრიტი, მიოკარდიტი, პანკრეატიტი.
- რამდენად რთულად მიმდინარეობს დაავადება მოზრდილ ასაკში?
- ე.წ. ბატონებს ხშირად "საბავშვო" დაავადებასაც უწოდებენ, სინამდვილეში ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეხვდეს ადამიანს, მაგრამ უფრო გავრცელებული, რა თქმა უნდა, ბავშვებშია. ამასაც თავისი ახსნა აქვს. თუ ბატონები მცირე ასაკში შეგხვდა (და ეს, ძირითადად, ასეცაა), მომდევნო წლებში აღარ განმეორდება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ისეთ ანტისხეულებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს განმეორებითი დასნებოვანებისგან. ამიტომაც მოზრდილებში ის ნაკლებად თუ ხვდება ვინმეს, თუმცა, თუ დაავადება ბავშვობაში არ გადაგიტანია, სავსებით შესაძლებელია, რომ ის ზრდასრულ ასაკში შეგხვდეს.პროცენტულად ინფექციური დაავადებები შედარებით რთულად მიმდინარეობს ზრდასრულ ადამიანებში, თუმცა ეს დამოკიდებულებულია პაციენტის იმუნურ სისტემაზე, პრემორბიდულ ფონზე, ფსიქო-სოციალურ სტატუსზე;
- შეიძლება თუ არა რომ ადამიანი აიცრას უკვე მოზრდილ ასაკში, თუ მას ბავშვობაში არ აქვს გაკეთებული გეგმიური აცრები?
- აცრების ჩატარების საკითხს უნდა წყვეტდეს ექიმი (უბნის პედიატრი, ოჯახის ექიმი, აცრის კაბინეტის ექიმი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ან მოზრდილის ინდივიდუალობის (ჯანმრთელობის მდგომარეობის, ანამნეზის, მოცემული დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობის), ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდ-სიტუაციისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. უკუჩვენებათა ჩამონათვალი უნდა შემოწმდეს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციაში.