რომელ კურორტზე ჯობს ბავშვის წაყვანა ზამთრის პერიოდში ბავშვისთვის (მშობლებზე აღარაფერს ვამბობთ) დასვენება, ჰაერის გამოცვლა აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ის ქალაქში ცხოვრობს და სუსტი ჯანმრთელობა აქვს. სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, რომ დასვენება მისთვის სასიამოვნოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც? განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როცა იმუნიტეტის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად გვჭირდება.
პედიატრი ნინო მეზვრიშვილი:
- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუებას (აკლიმატიზაციას) ართულებს. ასეთია ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა - აქ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც. წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა.
ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან და, საზოგადოდ, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით განასხვავებენ მაღალ, საშუალო და დაბალ მთის კურორტებს. მაღალი მთის კურორტებში ჰავა საუკეთესოა ორგანიზმის გასაკაჟებლად. ასეთია მაგალითად, ბახმარო. თუმცა ბახმაროს და სხვა ტიპის მთის კურორტებს უფრო ზაფხულში ვურჩევ პატარებისთვის. ზამთარში შესანიშნავია ბაკურიანი, ცემი.
ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და ბუნებრივი პირობები სრულად იძლევა საშუალებას, მისი საზღვრების გარეთ არ ვეძებოთ გამაჯანსაღებელი და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ადგილები. ერთ-ერთი ასეთი, რომელსაც ქართველი ექიმებიც უწევენ რეკომენდაციას და რომელიც აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდი ორგანიზმისთვის, ბაკურიანია.
არანაკლებ ჯანსაღი გარეოა ბახმაროში, საირმეში, აბასთუმანში, ცემში და ა.შ., თუმცა ჯერჯერობით ეს კურორტი ზამთარში ყველაზე უკეთ პასუხობს დამსვენებლების მოთხოვნებს.
ბორჯომის ხეობაში მდებარე ეს ადგილი ზამთარ-ზაფხულ იზიდავს დამსვენებელს და ორივე სეზონზე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სამედიცინო ჩვენება ასეთია: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა. განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ან ასთმა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, ბავშვი ფიზიკურადაც დაკავდეს, აქტიური იყოს და გაერთოს მრავალმხრივ.