ზაფხულის ცხელ დღეებში ტემპერატურის მატება დიდსა თუ პატარას ერთნაირად აწუხებს, თუმცა მშობლების განსაკუთრებული საზრუნავი პატარები არიან და ხშირად სვამენ კითხვებს, რა ჩააცვან შვილებს, რითი გამოკვებონ, გამოიყენონ თუ არა კონდიციონერი, ხომ არ გააცივებს ნაყინი ან ცივი წყალი და ა.შ.
სეზონისთვის დამახასიათებელ, მშობლების აქტულურ კითხვებს, პასუხობს ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი:
- პირველ რიგში, ბავშვს უნდა ჩავაცვათ სეზონის შესაბამისად. მას აუცილებლად უნდა ეცვას გრილად და თუ შევამჩნიეთ, რომ გაოფლიანდა, უნდა გავაკონტროლოთ მისი ჩაცმულობა. იმიტომ, რომ ხშირად გაოფლიანების მიზეზი არასწორად შერჩეული სამოსია. მოგეხსენებათ, ქართველებს მომეტებული ზრუნვა გვიყვარს და ამ დროს უფრო ვუშვებთ შეცდომებს ხოლმე. დღესაც მოჰყავთ ცხელ დღეებში ბავშვები ჩემთან ნაქსოვი შალის წინდებით და რეიტუზებით, ამას დამატებული რამდენიმე ბოდე ზომის მიხედვით, უმკლავო, მერე მოკლე მკლავიანი, კიდევ უფრო გრძელმკლავიანი და ა.შ. ეს არ არის დასასრული, ამას გარდა პატარას შემოცმული აქვს ზემოდან ჟაკეტი.
როგორც კი ტემპერატურული რეჟიმი იცვლება, ბავშვის ორგანიზმის გადახურება იწყება, ამიტომ სეზონის შესაბამისად უნდა ვატაროთ პატარები. რაც შეეხება, საღამოს საათებს, როცა არის საფრთხე მწერების და გვინდა თავიდან ავარიდოთ ბავშვს კოღოებისა თუ მოსკიტების ნაკბენი, უნდა ჩავაცვათ პატარებს თხელი გრძელი შარვალი და ასევე გრძელმკლავიანი ზედა სამოსი. განსაკუთრებით, როცა ნაწვიმარია და გარეთ გვყავს პატარები. აქვე უნდა დავამატო, რომ ბავშვებს უნდა ჩავაცვათ ღია ფერის ტანსაცმელი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზეზე მიფიცხებაც აუცილებელია ბავშვის კანისთვის დღის იმ ნაწილში, როცა მზე არ არის ძალიან მწველი.
- უნდა ჩავრთოთ თუ არა კონდენციონერი იმ ოთახში, სადაც პატარები გვყავს?
- კონდიციონერის წინააღმდეგი არ ვარ, თუ რეჟიმს დავიცავთ სწორად. ბავშვი არ უნდა მოხვდეს კონდიციონერის ქვეშ, არ უნდა მოხვდეს ორპირში. ბავშვს უნდა შევეხოთ მუცელზე. მუცელი არ უნდა ჰქონდეს ცივი, თუ მუცელი შეციებული არ აქვს, ყველაფერი წესრიგშია. ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. ხოლო სადაც ბავშვს სძინავს, იქ არ უნდა იყოს კონდიციონერი ჩართული ღამის საათებში, რადგან ძილში ბავშვი ოფლიანდება და არ უნდა მოხდეს ორგანიზმის გადაციება. მომიჯნავე ოთახში შეიძლება იყოს კონდიციონერი და კარი შევაღოთ, რომ ბავშვის საძინებელშიც მოხვდეს გრილი ჰაერი.
- ზაფხულში, დაძინების დროს, ჩვილებს აცმევენ წინდებს, ეს გამართლებულია?
- არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება წინდა. თუ ძალიან ცხელა მარტო პამპერსითაც შეიძლება დავაძინოთ. პატარას ორგანიზმი თავიდანვე უნდა შეეჩვიოს სიგრილეს, უნდა გაკაჟდეს, სწორედ პატარა ასაკიდანვე უნდა მიიღოს გრილი აბაზანა, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს იმაზე დაბალი, ვიდრე ვიყენებდით ზამთარში. ზაფხულში დღის განმავლობაში, ხშირად უნდა ჩავსვათ წყალში და თვითონაც უნდა მიეჩვიოს წყალში ბანაობას.
- რას გვეტყვით მაცივრისა და ონკანის წყლის გამოყენებაზე?
- ერთი წლის შემდეგ შეიძლება, ონკანის წყალი მივაწოდით ბავშვს, თუმცა დღეს ცოტა რთულია იმაზე საუბარი, რამდენად სუფთაა და გაფილტრულია იგი. შეგვიძლია წამოვადუღოთ, ან ფილტრი ვიყიდოთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ონკანის წყლის გამო გართულებები არ მაქვს და მე არ ვუკრძალავ ჩემს პაციენტებს მის დალევას. მე ვურჩევს მშობლებს, მაცივრის წყლის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
"დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, გამორთეთ ელექტრობა, ცხელი ზაფხული იქნება და ვენტილატორები ბოლომდე ვერ დაგიცავთ " - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
- სეზონზე აქტუალურია კითხვა, ვაჭამოთ თუ არა პატარებს ნაყინი...
- ნაყინის წინაღმდეგი არ ვარ. არ შეიძლება ბავშვს ნაყინის ჭამა ავუკრძალოთ. უბრალოდ, უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა მიიღოს ნაყინი. ბავშვმა ნაყინი უნდა ჭამოს ნელ-ნელა, ალოკვის წესით და არა ჩაკბეჩით.
- არის თუ არა რეკომენდირებული ცხელი წვნიანის მიღება ბავშვებისთვის, ზაფხულის სეზონზე?
- არავითარ შემთხვევაში კვების რაციონიდან არ უნდა ამოვიღოთ წვნიანი, ძალიან ცხელი რომ იყოს, არ არის აუცილებელი, მე ძალიან გაცხელებულ წვნიანს ზამთარშიც არ ვთხოვ პაციენტებს.
- ხშირად პატარებს აქვთ სურვილი ყავის დალევის და მშობლები ჟინის დასაკმაყოფილებლად ხან ნალექს აძლევენ, ან წყალში უზავებენ, რას გვეტყვით ამ პრაქტიკის შესახებ?
- კოფეინის მიწოდება არ შეიძლება. არათუ ყავის, შოკოლადის ჭარბი რაოდენობით მიცემაც არ შეიძლება, რასაც ჩვენ ბავშვს არ გავასინჯებთ, ის მას არც მოითხოვს, ბავშვი არაჩვეულებრივად იგებს იმას, როცა უხსნიან, რა არ შეიძლება. შოკოლადიც მიცემასაც წახალისების ფორმა უნდა ჰქონდეს და ამან არ უნდა მიიღოს სისტემური ხასიათი. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ბავშვს მივცეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები. სულ გვესმის ჰიპერ აქტურ ბავშვებზე რას ამბობენ, ჰიპერ აქტიურობას იწვევს წორედ შაქრის მომეტებული დოზა ორგანიზმში, განსაკუთრებით თუ საღამოს ჭამს ბავშვი შოკოლადს, სვამს ყავას. ბავშვი უნდა შევაჩვიოთ ნატურალური წვენების მიღებას, ხილის ჭამას, ჩირის მირთმევას. მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ პატარების კვებას ყურადღება, მითუმეტეს მაშინ, როცა ამის კონტროლი მშობლებს ჯერ კიდევ შეგვიძლია, მათი ასაკიდან გამომდინარე.
რუსკა კილასონია