ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები ისევე ითხოვენ ნაყინსა და ცივ წყალს, როგორც უფროსები. გასაგრილებლად "წუწაობაც" ძალიან მოსწონთ. მშობლები კი ხშირად შიშობენ, რომ ნაყინი და ცივი წყალი მათ ჯანმრთელობას ავნებს. არის თუ არა ეს რეალურად საფრთხე ბავშვებისთვის, პედიატრი თემურ მიქელაძე გაგვიმარტავს:
- სწორად მომზადებული და სასურველ ტემპერატურულ რეჟიმზე შენახული ნაყინი ბავშვებს საფრთხეს ვერ შეუქმნის, დღის განმავლობაში სასურველია ბავშვმა მიირთვას ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ინგრედიენტებისაგან (არა კონსერვანტებით მდიდარი) მომზადებული 100-150 მლ ნაყინი.
- მშობლებს ჰგონიათ, თუ ბევრ ნაყინს შეჭამენ ბავშვები, ყელი ასტკივდებათ, დაავადება გაუმწვავდებათ. ეს მითია თუ რეალობა?
- ეს მითია. მთავარია ნაყინი იყოს კარგი ხარისხის, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ძნელი მოსაძებნია. როგორც წესი, ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტის შენახვის ვადა მოკლეა 7 დღიდან ერთ თვემდე და არა ერთი წელი.
- რა შეიძლება, ალტერნატიული შევთავაზოთ ბავშვებს?
- ადრეული ასაკის ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ სახლში მომზადებული ნაყინი, მაწონი ან იოგურტი.
- ცივი წყლის შემთხვევაში რა მდგომარეობა გვაქვს?
- ადრეული ასაკის ბავშვმა სასურველია მიიღოს არაგაზირებული, ოთახის ტემპერატურის წყალი. ცივი და გაყინული წყალი კარგავს სასარგებლო თვისებებს, დაქვეითებულია მინერალების შეწოვაც. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით შენახული საკვები პროდუქტები, მათ შორის ნაყინი და წყალი (საკმაოდ ხშირად სხვადასხვა მაღაზიები თიშავენ და დილით რთავენ დახლ-მაცივრებს, ნაყინის შესანახი მაცვრები ხშიერად გვხვდება ქუჩებშიც) კარგავს სასარგებლო თვისებებს და შეიძლება გახდნენ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებიც.
- რა ტემპერატურაზე უნდა დააყენონ კონდენციონერი მშობლებმა?
- 22-24 გრადუსამდე უნდა დააყენონ, როცა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს სცდება და ამ ტემპერატურაზე უნდა იყოს ბავშვი ოთახში.
- ბავშვებს ძალიან უყვართ ცხელ დღეებში ერთმანეთზე წყლის შესხმა - ,,წუწაობა", რამდენად უსაფრთხოა ეს?
- რა თქმა უნდა, გაგრილება ( ე.წ. "წუწაობა") უსაფრთხოა, მაგრამ რაც შეიძლება ხანმოკლე დროით უნდა ხდებოდეს 10-15 წუთი. 13:00- 17:00საათამდე ბავშვები არ უნდა გავიყვანოთ მზეზე, ე.წ. წუწაობის შემდეგ სწაფად და საგულდაგულოდ უნდა შევამშრალოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები.
- რა იქნება თქვენი ზოგადი რჩევა მშობლებისადმი ზაფხულის ცხელ დღეებში?
- ბავშვებს უნდა აჭამონ ეკოლოგიურად სუფთა, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მინერალებით ბალანსირებული საკვები და შესაბამისად, ყველა პროდუქტი სწორად უნდა იყოს შენახული. ვადა უნდა ჰქონდეს, არ უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დარღვეული და თუ ამას ყველაფერს დაიცავენ, რა თქმა უნდა, ბავშვები არ გახდებიან ავად. ცივი ნაყინი და ცივი წყალი დაავადების გამწვავებას არ იწვევს. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ადრეული ასაკის ბავშვმა სასურველია მიიღოს ოთახის ტემპერატურის წყალი, რომ ის მიკროელემენტები სწორად შეიწოვოს. ნაყინს აქვს თავის დოზირება. არაფერი სასარგებლო მასში არ არის. ამაზე შევთანხმდეთ, იმიტომ, რომ ემულგატორებითა და კონსერვანტებით არის გატენილი. უბრალოდ, ზაფხულში ყველას სიამოვნებს. თან არამგონია, ნატურალური რძისგან იყოს მომზადებული. 80 პროცენტი რძის ფხვნილისგან კეთდება. თუ გაუკეთებთ თქვენს შვილებს სახლის პირობებში ნაყინს, როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო, მაშინ ეს ბევრად სასარგებლო იქნება. ჩვენი ბავშვობის დროს იყო მხოლოდ ვაფლში ჩადებული ნაყინი, რომელსაც 2 დღის შენახვის ვადა ჰქონდა და იყო ერთი ასაწონი ნაყინი ფუნიკულიორის შესასვლელთან, რომელსაც 7 დღე ჰქონდა შენახვის ვადა. ახლა რომ ნაყინს 2 წელი აქვს შენახვის ვადა, ეს სასარგებლოა ბავშვისთვის? - რა თქმა უნდა, არა.
თამარ იაკობაშვილი