მივცეთ თუ არა ბავშვს ვიტამინები იმუნიტეტის ასამაღლებლად? ვიტამინების მიღების საკითხი ყოველთვის აქტუალურია. ზოგიერთი დედა მიიჩნევს, რომ ვიტამინი რაც მეტია, მით უკეთესი, ზოგიერთი კი ზედმეტი აბებით "გაჭყიპვის" წინააღმდეგია და ვიტამინების წყაროდ ცოცხალ ხილ-ბოსტნეულს ირჩევს.
სპეციალისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ წელიწადში ორჯერ, შემოდგომითა და გაზაფხულზე პოლივიტამინების თითო კურსი იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა. სინამდვილეში როგორ და როდის უნდა მივიღოთ ვიტამინები?
ყველა დედას და ყველა ექიმს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ვიტამინების ნაკლებობა. ჩვენ ვერ ვიღებთ იმ რაოდენობის ხილს, ბოსტნეულსა და ხორცს, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებზე. მით უმეტეს, თუ რაციონში სწრაფი კვება და ნახევარფაბრიკატები ხშირად გვაქვს, ჰიპოვიტამინოზი საკმაოდ სწრაფად ვითარდება.
პროდუქტში ვიტამინების შემცველობას ძალიან ბევრი ფაქტორი აქვეითებს: პასტერიზაცია, გამოშრობა, არასწორი გაყინვა, მექანიკური დამუშავება და ა.შ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბავშვის მენიუში ხშირად ხვდება აუცილებელი საკვები ნივთიერებებით "ღარიბი" კერძი.
ნატურალური ვიტამინები მაქსიმალურად რომ შევინარჩუნოთ, პროდუქტის სწორად შენახვაა საჭირო. მაცივარში სამი დღით შენახულ პროდუქტში ვიტამინების შემცველობა 3-ჯერ მცირეა. ამიტომ მედიკოსების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვმა ტაბლეტების, დრაჟეებისა და სიროფების ფორმით ვიტამინები მაინც უნდა მიიღოს. თუ ამ მოსაზრებას თქვენი ექიმიც იზიარებს და თავადაც ეთანხმებით, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ვიტამინებთან დაკავშირებით 5 მთავარი წესი.
ასაკობრივი წესი
წლამდე ბავშვს ვიტამინები არ სჭირდება. ისინი ყველა აუცილებელ ნივთიერებას დედის რძისგან ან ადაპტირებული ნარევისდან იღებენ. გამონაკლისია ვიტამინი D, რომელსაც ჩვილებს შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, მზის სხივების "დეფიციტის" გამო უნიშნავენ. D ვიტამინი ბავშვებს რაქიტისგან იცავს.
ერთი წლიდან უკვე ბავშვს შეიძლება დაენიშნოს ვიტამინების კომპლექსი ან ცალკეული ვიტამინი, თუმცა ეს დანიშნულება ექიმმა უნდა მოგცეთ. კერძო ინიციატივა აქ ძალიან უადგილოა. როგორც წესი, ექიმი ამ დროს სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილ კომპლექსურ საშუალებებს ნიშნავს.
რაოდენობრივი წესი
იმის გამო, რომ ვიტამინების აბების უმეტესობა კანფეტივით ტკბილია, ბავშვებს მათი ზედმეტად გადაყლაპვაც მოწონთ. ამიტომ გააკონტროლეთ, რომ უთქვენოდაც არ სცადოს მისი დალევა. ეს განსაკუთრებით C ვიტამინს ეხება, რომელსაც გრიპის სეზონზე დიდი და პატარა ყოველდღიურ რჟიმში სვამს. ბავშვს თავისი დოზა აქვს და მხოლოდ ექიმთან შეთანხმებული დოზა უნდა დაიცვათ.
დროის წესი
ვიტამინების დალევა ჭამის შემდეგ ჯობია. თუ ალერგიული ნიშნები, ვთქვათ, კანზე გამონაყარი შენიშნეთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
უსაფრთხოების წესი
დოზების გარდა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ვიტამინი შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. ვიტამინი ზუსტად იმდენი ხნის განმავლობაში მიიღეთ, რამდენიც ექიმმა გირჩიათ და არა ფლაკონის დაცლამდე.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესი
ზოგჯერ ვიტამინების ნაკლებობა რომელიმე ვიტამინის არმიღებით კი არ არის გამოწვეული, არამედ კუჭ-ნაწლავის პრობლემებით, რომელიც ამა თუ იმ ვიტამინის შეთვისებას უშლის ხელს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩარიოთ სპეციალისტი, რათა ორგანიზმმა დროულად შეძლოს საჭირო ნივთიერებების მიღება.