პედიატრისა და დიეტოლოგის რჩევები აქტუალურ პრობლემაზე სიმსუქნის, ზედმეტი წონის პრობლემა ბოლო წლებში მეტად აქტუალური გახდა. არასწორი კვების რეჟიმმა, კონსერვანტებით, ქოლესტერინით და კალორიებით დატვირთულმა საკვებმა, სტრესებმა, ათასგვარმა სხვა პრობლემამ ზედმეტი წონის და მასთან დაკავშირებული დაავადებების გახშირება გამოიწვია არა მხოლოდ უფროსებში, არამედ პატარებშიც. სწორედ ამ აქტუალურ საკითხზე ვკითხეთ რჩევები სპეციალისტებს, რათა მათგან გაგვეგო, როდის არის სიმსუქნე საგანგაშო, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და რა შეიძლება მოჰყვეს გადაჭარბებულ წონას.
პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა:
- ადრე სიმსუქნე მდიდარი ქვეყნების ხვედრი იყო. ახლა სიმსუქნის პრობლემა მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია. ამის გადალახვის გზა ფიზიკური აქტივობა და სწორი დიეტაა. მშობლებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ. ოჯახში კვების კულტი არ უნდა იყოს. ზოგ მშობელს მოსწონს ღაბაბიანი და ღიპიანი ბავშვები. ეს არ არის სწორი. არ უნდა დააძალოთ ბავშვს ზედმეტი საკვები. მეტაბოლური სინდრომი, არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი - ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა განვითარებასაც ჭარბი წონა უწყობს ხელს. ბავშვი დღეში მინიმუმ 2 საათი ფიზიკური აქტივობით უნდა იყოს დაკავებული.
ხოლო როდესაც არის საპირისპირო შემთხვევა - ბავშვი ცუდად ჭამს და ძნელად იმატებს წონაში, არც ეს არის მშობლის სიმშვიდის მიზეზი. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს დაავადება. თუმცა, შესაძლიოა გენეტიკის "ბრალიც" იყოს პატარას უმადობა და სიგამხდრე. "დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე"-ო ნათქვამია. აქაც მშობელს აკისრია დიდ როლი. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. ბავშვი უნდა წაახალისოთ, უნდა მიირთვათ მასთან ერთად. უნდა შექმნათ ლამაზი საოჯახო გარემო, სადაც სუფრას ერთად შემოუსხდებით.
- როგორი უნდა იყოს პატარის კვების რეჟიმი?
- როგორც ყველასთვის ცნობილია, ხილ-ბოსტნეული, ჯანსაღი ცილები. ასევე საჭიროა სითხე, ოღონდ არა შაქრით გაჯერებული. რაც შეიძლება ცოტა შაქარი იხმარეთ. ნუ მიაჩვევთ პატარას ტკბილს, რომელიც პანკრეასის, დიაბეტის და სხვა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ ბავშვი მსუქანი არ არის, პურის მიღებაც ჩვეულებრივ შეიძლება, სხვებმა კი უნდა შეზღუდონ.
ნუტრიციოლოგი, პედიატრი მაია სურვილაძე:
- სიმსუქნის პრობლემაზე ზრუნვა, ალბათ, მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს დედამ. სწორი კვებით, შემდეგ კი ძუძუთი კვებისა თუ ფორმულით კვების დროსაც უნდა მიაქციოს ყურადღება. საკვები არ უნდა იყოს ჭარბი ცილის შემცველი, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე პირველი 3 თვის, შემდეგ - მე-12, მე-18 და 24-ე თვეზე ჭარბი რაოდენობით მიღებული ცილა მოზრდილობაში შეიძლება გახდეს სიმსუქნის მიზეზი და ასეთი მიზეზი კიდევ ძალზე ბევრია. ბავშვის მდგომარეობას პედიატრი უნდა აკონტროლებდეს და თავიდანვე სწორად უნდა მოხდეს რაციონის შედგენა, რათა არ განვითარდეს ჭარბწონიანობა და სიმსუქნე, ხოლო დარღვევების შემთხვევაში დროულად უნდა მოხდეს კორექცია.
- რომელ ასაკში რამდენს უნდა იწონიდეს ბავშვი?
- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ბავშვის დაბადების წონაზე, განვითარებაზე. ამისათვის არსებობს სპეციალური მრუდები და აქაც პედიატრმა, დინამიკაში უნდა განსაზღვროს, ბავშვის წონა რამდენად შეესაბამება ნორმას.
- მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ პური, ცომეული, რაც ასევე იწვევს ზედმეტ წონას. დღეში რა რაოდენობის პურის მიღებაა რეკომენდირებული?
- ასაკის მიხედვით პურის ნორმები განსხვავებულია: 1-3 წლის ბავშვებისათვის - 80 გ, 4-6 წლის - 150 გ, 7-11 წლის - 200 გ.
- რა შეიძლება მოჰყვეს გადაჭარბებულ წონას?
- ბავშვობის ასაკში ჭარბი წონა მოზრდილ ასაკში მრავალ დაავადებებას პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ესენია შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კუჭ-ნაწლავის, თირკმლის და სხვა პრობლემები.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე