მოქალაქეებს დღეიდან ახალი პორტალის გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ, გაარკვიონ, რომელ საავადმყოფოს ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ, საჭიროების შემთხვევაში. როგორც მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, პორტალი 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზების შესამსუბუქებლად იქმნება. უფრო ზუსტად, რა შესაძლებლობას მისცემს ეს მოქალაქეებს, ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით:
"პორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები თავიანთი პირადი ნომრებით გადაამოწმებენ, რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ, სახელი და გვარი მითითებული იქნება. ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, რომელ კლინიკას ან ექიმს უნდა მიმართონ. ჯერჯერობით, არ ჩანს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც გამოჩნდება, დამოუკიდებლადაც შეეძლებათ აღნიშნული ვებგვერდის გახსნა
ambulatoria.moh.gov.ge ერქმევა. მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი როდის იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლომდე, ან ხვალ"- გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.
შეაგახსენებთ, რომ კოვიდის სიმპტომების გამო 112-ზე დარეკვა აღარ სჭირდებათ არც კერძო დაზღვევების მქონე მოქალაქეებს. მინისტრის ახალი განკარგულებით, სადაზღვევო კომპანიები ასეთ პაციენტებს 24 საათის განმავლობაში გაუწევენ მომსახურებას და მათ შორის PCR ტესტების გაკეთებასაც უზრუნველყოფენ.
თამარ იაკობაშვილი