ნანა სხილაძე რეანიმაცია-ანესთეზიის რეზიდენტი ექიმია და ბევრი ადამიანი მას უკვე საკუთარი ბლოგით იცნობს, სადაც კორონავირუსის დროს გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს მოქალაქეებს. ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და სიტუაციის მართვაში თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული როლი აქვს. 28 წლის ექიმი საკუთარ საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ გვიყვება:
- მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემი აქტივობით. თქვენი საიტის მეშვეობით არაერთხელ მივაწვდინე მოსახლეობას ხმა Covid-19-ის შესახებ. მე ვარ რეანიმაცია-ანესთეზიის რეზიდენტი ექიმი, 6 წელი ვმუშაობდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც ფეხი ავიდგი და ვისწავლე ყველაფერი. ახლა "ჯერარსის" კლინიკაში ზოგადი რეანიმაციის განყოფილების ექიმი-რეზიდენტი ვარ. ექიმობის გარდა, ზოგჯერ ვერთვები საინტერესო პროექტებში, სხვადასხვა სამკაულისა და ბრენდის ფოტოგადაღებებში. ეს ჩემი ბავშვობის ჰობია (იცინის).
ხანდახან ფოტოგადაღებებში ვმონაწილეობ
- რამდენი ხანია, რაც ექიმი ხართ და როდის გადაწყვიტეთ აქტუალურ თემებზე ბლოგის გაკეთება?
- ოფიციალურად, დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი სამი წლის წინ მივიღე, ახლა კერძო განხრის რეზიდენტი ვარ. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ვფიქრობდი, რომ რაღაც სასარგებლო უნდა გამეკეთებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უჭირს და დახმარება სჭირდება. წლის დასაწყისში არ ვიყავი კლინიკურად ჩართული, რადგან დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი მეორე ბავშვზე. სულ მეგონა, რომ ჩემი მხოლოდ სახლში უსარგებლოდ ჯდომით, სადღაც ვიღაცას ვერ ვეხმარებოდი. ამ პერიოდში კი, როგორც მოგეხსენებათ, გადატვირთული ცხელი ხაზისა და ოჯახის ექიმთან ხშირად დაკონტაქტების შეუძლებლობის გამო, გადავწყვიტე, ონლაინ კონსულტაციები გავუწიო ადამიანებს, კომპეტენციის ფარგლებში, სწორი გზა მივცე, რეკომენდაციის სახით. სიტუაცია ვაკონტროლო, რომ არ დამძიმდეს. მე ეს ძალიან მსიამოვნებს. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ანალოგიური გააკეთონ. ამ საქმეს ბევრი მედიკოსი სჭირდება!
- რა არის ყველაზე რთული ახლა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, თქვენთვის, როგორც ექიმისთვის?
- დღეს ჩემთვის და ყველა ექიმისთვის ძალიან მძიმე პერიოდი დგას. სამწუხაროდ, ექიმები კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირდებიან. ზოგს მძიმე ფორმით გადააქვს, ზოგს - მსუბუქი. კლინიკებს პერსონალი აღარ ჰყავს და უწევს მცირე რაოდენობის ექიმითა და ექთნით ამდენ ავადმყოფს მიხედოს, რაც, დამერწმუნებით, ძალიან რთულია. ამასთან, ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები. ჩვენ, ჩვენს თავთან ერთად, ოჯახის ჯანმრთელობას ვდებთ სასწორზე. თუმცა, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- როგორ შეაფასებთ დღევანდელ ეპიდსიტუაციას, რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?
- საქართველო მეტად რთული გამოწვევის წინაშეა. ხალხი, ყველაფრის მიუხედავად, ისე არ ერიდება პანდემიას, როგორც თავიდან და ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოგვცემს.
- რა არის ის აუცილებელი წესები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან და თქვენი გამოცდილებით, რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ისინი?
- აუცილებლად უნდა დაიცვან იზოლაციის წესები. მისი დარღვევა და სხვისი ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობა დანაშაულია. მიიღონ რაც შეიძლება ბევრი სითხე. იკონტროლონ წნევა, პულსი და სუნთქვის სიხშირე. თუ გამოეხატათ სუნთქვის უკმარისობა, აუცილებლად მიმართონ კლინიკას. სუნთქვის უკმარისობა კორონავირუსის გართულების ერთ-ერთი სიგნალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს რეკომენდაციას D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზის მიღებაზეც.
- გაგვიზიარეთ ზოგადი რეკომენდაციები, რაც კორონავირუსის ფონზე ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს.
- რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ატაროს პირბადე სწორად. მთელი რიგი პოსტები მაქვს ჩემს გვერდზე პირბადის შესახებ. ძალიან ბევრ ადამიანს არასწორედ უკეთია. თუ პირბადის ტარებისას გვიჩანს ცხვირი ან პირი, მის გაკეთებას აზრი არ აქვს. მეორე და მნიშვნელოვანი, ხელების რეგულარული დაბანა ან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაა . ვურჩევ მშობლებს, რომ ეზოში ბავშვებისთვის იქონიონ ხელის სადეზინფექციო ხსნარი და ხშირად დაუმუშაონ თამაშის დამთავრების შემდეგ. რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც, სამწუხაროდ, ბევრი არ ასრულებს.
თამარ იაკობაშვილი