რამდენიმე დღეა მედიაში აქტიურად განიხილება სინდრომი, რომელიც ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ იჩენს თავს. მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჰქვია და როგორც ექიმები ამბობენ, საკმაოდ ყურადსაღებია. როდის გამოჩნდა საქართველოში, რას გულისხმობს ეს სინდრომი და რამდენად საშიშია ბავშვებისთვის, Mshoblebi.ge-ს ამ თემაზე ივანე ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ესაუბრება:
- მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (Multisystem Inflammatory Syndrome in Children - MIS-C) იშვიათი სისტემური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გახანგრძლივებული ცხელებით და მძიმე ანთებითი პროცესით, რაც მოჰყვება ახალი კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით, ინფიცირებას.
პირველი პუბლიკაცია ამ სინდრომის შესახებ 2020 წლის მაისის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა, რომელშიც აღწერილი იყო რვა მძიმედ დაავადებული პედიატრიული პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ შოკი მულტიორგანული მონაწილეობით. დიდი ბრიტანეთის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის (The Royal College of Paediatrics and Child Health- RCPCH) მიერ ეს მდგომარეობა განმარტებული იქნა, როგორც ბავშვთა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი დროებით ასოცირებული COVID-19-თან. მსოფლიოში უფრო მეტი შემთხვევის გამოჩენის კვალდაკვალ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაავადებას ეწოდა მულტისიტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C).
MIS-C-ის განვითარების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სინდრომი წარმოიქმნება ვირუსზე ორგანიზმის პასუხად განვითარებული პათოლოგიური იმუნური რეაქციით, გარკვეული მსგავსებით კავასაკის დაავადებასთან. სავარაუდოა პოსტ-ინფექციური პროცესის განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ამ შემთხვევების რაოდენობის ზრდის თანხვედრაზე COVID-19-ის შემთხვევების პიკთან. მაგალითად, ლონდონში, COVID-19-ის შემთხვევების პიკი 2020 წლის აპრილის პირველ-მეორე კვირას აღინიშნა, ხოლო MIS-C შემთხვევათა მატება მოხდა მაისის პირველ-მეორე კვირა. ეს სამი-ოთხი კვირის ჩამორჩენა მიანიშნებს, რომ MIS-C შეიძლება წარმოადგენს ვირუსის შემდგომ ინფექციურ გართულებას და არა მწვავე ინფექციას.
საქართველოში ეს დაავადება პირველად 2020 წლის 2 ნოემბერს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ ბავშვში დიაგნოსტირდა. საინტერესოა, რომ ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში, ჩვენთანაც MIS-C შემთხვევების მატება იანვრის პირველი კვირიდან დაიწყო, რაც ემთხვევა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მატებას ერთ თვით ადრე, დეკემბრის პირველ ნახევარში.
დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე (მულტისისტემური დაზიანება), მძიმეა და ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ასევე აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაცია სასურველია მოხდეს მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკაში, ვინაიდან ასეთი პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ მულტიდისციპლინარულ მართვას: კარდიოლოგი, ინფექციონისტი, რევმატოლოგი, ნეფროლოგი, პულმონოლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი, რეანიმატოლოგი.
ამ სინდრომს ახასიათებს მუდმივი ცხელება 38,0 და მეტი (საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღე); კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა; ზოგ ბავშვებში აპენდიციტის კლინიკის მსგავსი); კანზე გამონაყარი; კონიუნქტივიტი; ლორწოვანი გარსის დაზიანება; თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა; რესპირაციული სიმპტომები; ხელების/ფეხების შეშუპება და სხვა.
თამარ იაკობაშვილი