ტილები ბავშვთა ასაკში გავრცელებული პრობლემაა. მათი მოშორება არც ისე ადვილია, განსაკუთრებით, წილებიც, რომლებიც ძალიან მჭიდროდ ეკვრის თმის ღერებს. ამასტან დაკავშირებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. რჩევები განსხვავებულია. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, სადაც დედები ძაღლების რწყილის წამლის, "ბარსის" გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას.
კომენტარებს თუ გადახედავთ, დარწმუნებით, რომ ეს პრეპარატი საკმაოდ ბევრ მშობელს აქვს გამოყენებული. პედიატრ, მედიცინის დოქტორ თამარ ობგაიძის განმარტებით, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი ფიპრონილია, რომელიც საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა. მისი ადამიანზე ზემოქმედების შორეული შედეგები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ექსპერიმენტულ ცხოველებში კი დადასტურებულია მისი კანცეროგენული ზემოქმედება.
თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სოსო კობახიძის განცხადებით, ამ პრეპარატრის გამოყენებას შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.
"ეს პრეპარატი არა ტილების, არამედ სხვადასხვა ფეხსასრიანი ცხოველების წინააღმდეგ შეიქმნა, რომლებიც ცხოველის კანზე ბუდობენ, იგი საერთოდ არ არის ადამიანისთვის განკუთვნილი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი შხამი, რომელიც სპობს ამ ორგანიზმებს. თუ კანიდან დიდი რაოდენობით შეწოვა მოხდა, შეიძლება ლეტარული შედეგიც დადგეს. ჩვეულებრივი შხამია, ბავშვს ხომ შხამს არ ვასმევთ. რა მნიშვნელობა აქვს, ნემსის სახით შევა ეს შხამი ორგანიზმში, პირიდან თუ კანიდან შეწოვით. თუ შეწოვა დიდი დოზით მოხდა, გამოიწვევს მძიმე ინტოქსიკაციას, რომელიც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს" - აცხადებს სოსო კობახიძე "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას.