ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს კვერცხის გასარეცხად უნდა გამოვიყენოთ თუ არა საპონი, ჟელე თუ ფხვნილი.
- კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა და ის სიცოცხლეს საკუთარი, ძალიან მყარი ნაჭუჭის ქვეშ ინახავს. როდესაც ვამბობთ, რომ სიცოცხლეს ინახავს, იგულისხმება კვერცხის ნაჭუჭის მაქსიმალური ბარიერული ფუნქცია. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვერცხის ნაჭუჭი ბოლომდე შეუვალია. მასში ჩვენთვის თვალით უხილავი ფორები და მიკრობზარებია. ეს ფაქტორები ყველაზე მყარი ნაჭუჭის განვლადობასაც კი განაპირობებს. კვერცხი და ფრინველის ხორცი ძალიან ხშირად სალმონელოზის წყაროდ განიხილება. ეს არის დაავადება, რომლის გამომწვევიც შეიძლება იყოს ამ პროდუქტებზე და მას თვალით ვერ დავინახავთ. ის გემოს, სუნს, ხარისხს არ აფუჭებს, მაგრამ დაავადებას და საკმაოდ მძიმე, დრამატული კლინიკური სურათის განვითარებას იწვევს.
როდესაც საუბრობენ, რომ დაუმუშავებლად, გარეცხვის გარეშე გამოიყენონ ეს პროდუქტები, მხოლოდ იმ შემთხვევებშია შესაძლებელი, თუ თქვენ არ გამოიყენებთ ცალკე დაფას, დანას, ცალკე ზონას მათი დამუშავებისთვის. კვერცხში არსებული ჰაერის საკნის დამსახურებით, წნევათა სხვაობისა თუ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, განვლადობა რომ შევამციროთ, სასურველია, რეცხვის დროს კი არ შევუწყოთ ხელი ნაჭუჭზე ჩვენთვის თვალით უხილავ მიკრობებს შეაღწიოს შიგნით, არამედ ჩამოვრეცხოთ. ეს გავაკეთოთ არა ჯამში, სადაც ჩავასხამთ საპონს, არამედ გამდინარე წყალში და ასე მოვახერხოთ იმ ზედაპირის გასუფთავება, რომელიც უნდა გავაშროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ ან შევინახოთ. გარეცხილი კვერცხი აუცილებლად ინახება მაცივარში. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ კვერცხის დამუშავების შემდეგ ჭურჭელი, ნიჟარა, რომელშიც ეს პროცედურა ჩავატარეთ, იდეალურად უნდა დამუშავდეს. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.