რა არის ცოფი? რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის? რა უნდა ვქნათ, თუ ცხოველმა დაგვჩხაპნა ან გვიკბინა? - ამ და სხვა მეტად საყურადღებო შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ქირურგ-რაბიოლოგი მედეა ვალაშვილი გვესაუბრება.
- ცოფი, ანუ ჰიდროფობია, ტეტანუსთან ერთად მწვავე ქირურგიული ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.
სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და ცოფი გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.
- როგორ, რა გზებით აღწევს ინფექცია ადამიანის ორგანიზმში?
- ცოფი – გადადის დაავადებული ან ვირუსის მატარებელი ცხოველიდან ადამიანზე. თუ ასეთმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა, დაკაწრა, ალოკა ჭრილობაზე, ალოკა ლორწოვან გარსზე, დადორბლა დაზიანებულ კანზე – ამ გზებით აღწევს ცოფი ორგანიზმში.
რეალური შემთხვევა: 2015 წელს, ქუთაისში ძაღლმა თვალზე ალოკა 7 წლის ბავშვი, მშობლებმა არ წაიყვანეს აცრაზე, ბავშვი დაიღუპა.
ჰაერწვეთოვანი გზით – იშვიათია, მხოლოდ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები. გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული კანის ინფიცირების შედეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ცოფის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული მკურნალობა.
- რა ნიშნებით გამოიხატება ცოფი?
- ცოფის პირველი ნიშნებია ქავილი, დაკბენილი ადგილის მჭრელი და მწვავე ტკივილი. ნაწიბური წითლდება და შუპდება, თავს იჩენს რევმატული ხასიათის ტკივილები, უმადობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, დეპრესია. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს. რამდენიმე დღის შემდეგ იწყება აღგზნების პერიოდი: ავადმყოფს წყლის დანახვისთანავე შიში ეუფლება, ტანჯვისგან სახე ემანჭება, უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი, ხდება ძალზე აგრესიული, გარშემო ყველაფერს ამტვრევს, ბოდავს, უხვად გამოყოფს ნერწყვს. აღგზნებას დამბლა მოსდევს, რომელიც ქვედა კიდურებიდან იწყება და გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით მთავრდება, რაც სიკვდილს იწვევს.
- რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის?
- ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ზაზუნები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მგელი, ტურა, მელიები, მაიმუნი, ენოტი, ასევე კუ, ზღარბი, ციყვი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა.
- თუ ცხოველი აცრილია, მაინც საშიშია მისი ნაჩხაპნი? ნაკბენი?
- კი. უკვე 2 წელია ცხოველის აცრილობას არ ვითვალისწინებთ, განსაკუთრებით ბავშვებში.
რეალური შემთხვევა: თემქაზე, საკუთარი, აცრილი და ყველანაირად მოვლილი ძაღლის ნაკბენის გამო გარდაიცვალა ექიმი.
- თუ ცხოველი შინაურია, ამ შემთხვევაშიც არსებობს საშიშროება, რომ ადამიანი მისი ნაჩხაპნით ან ნაკბენით დაინფიცირდეს?
- დიახ, არსებობს საშიშროება. ამიტომ ცხოველს ვაკვირდებით და ვიტარებთ პირობით კურსს (მხოლოდ 3 აცრა). რეალური შემთხვევა: თელავში მეზობლის ძაღლმა დაკბინა 15 წლის გოგონა, პატრონმა უთხრა, რომ ძაღლი ჯანმრთელია და აცრა არ დასჭირდება, რის გამოც მოხდა ტრაგედია.
- რამდენად უსაფთხოა სახლში შიანური ცხოველის ყოლა?
- თუ ვინმეს შინაური ცხოველის ყოლა სურს, პირველ რიგში, ჯობს მიაკითხოს ვეტერინარს, რათა გაიგოს, რამდენად უსაფრთხოა ცხოველი ოჯახში, მით უმეტეს, თუ სახლში ბავშვია. თუ ძაღლზე და კატაზეა საუბარი, ვეტერინარმა უნდა გამოიკვლიოს ცხოველი, ჩაუტაროს ჭიაზე დამუშავება, გამოდევნოს ორგანიზმიდან ჰელმინთები, როგორიც არის ალვიოკოკოზი, ექინოკოკოზი… ანალოგიურად, საუბარია პროფილაქტიკურ ვაქცინაციაზე – აცრაზე. მაგალითად, ცოფზე. გარდა ამისა, არსებობს ტოქსოპლაზმოზი, ლამბლიოზი. ამ დაავადების გამავრცელებლები ძირითადად კატები არიან. ავადმყოფობის დასადგენად საჭიროა სისხლის ანალიზი.
თუ ცხოველი ზის სახლში, მუდმივად მუშავდება პარაზიტებზე, რწყილებზე, ტკიპაზე და გეგმიურად იცრება, მაშინ ცხოველი არ იქნება საშიში. თუ ცხოველი გადის გარეთ, არ არის დამუშავებული, არ არის აცრილი - ის, რა თქმა უნდა, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
პირველ რიგში, უნდა გვქონდეს საკმარისი ფართობი ამისთვის, უნდა გვქონდეს საშუალება და თავისუფალი დრო, მოვუაროთ ამ ცხოველს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ცხოველის პატრონი უნდა ფლობდეს მისი მოვლის წესებს, ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული) და საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. ჰქონდეს დამცავი აღჭურვილობა (მაგალითად, ტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები).
- რა უნდა ვქნათ თუ ცხოველმა დაგვჩხაპნა ან გვიკბინა?
- სასწრაფოდ მივმართოთ ანტირაბიულ კაბინეტს, გავესაუბროთ რაბიოლოგს.
გახსოვდეთ: კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შემთხვევაში, თუნდაც ცხოველი ჯანმრთელი გეგონოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების ფარული პერიოდის უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ცოფის ვირუსი უკვე ნერწყვშია და არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველი ცოფით დაავადებული აღმოჩნდეს.
ცოფი პრაქტიკულად არ იკურნება. თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია პრეპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უკვე დაავადებული პაციენტის განკურნება. თუმცა, შესაძლებელია ავადობის პრევენცია, რაც დამოკიდებულია ვაქცინაციის დროულად დაწყებაზე.
- რისგან გვიცავს აცრა და რა მედიკამენტებით კეთდება?
- აცრა არის ერთადერთი პროფილაქტიკა და პრევენცია ცოფის დაავადების განვითარების.
ანტირაბიული ვაქცინა – არის სტანდარტი, რომელიც ყველა დაკბენილს უკეთდება.
არსებობს ვაქცინაციის პროფილაქტიკური და სამკურნალო კურსი. პროფილაქტიკური კურსი კეთდება 0, მე-3, მე-7 დღეს. თუ ცხოველმა თოთხმეტი დღე იცოცხლა, შეიძლება აცრები შევწყვიტოთ, ხოლო თუ იგი დაიკარგა ან მოკვდა, ვაქცინაცია გრძელდება - მე-14, 28-ე დღეს. ეს უკვე სამკურნალო კურსია.
თუ ნაკბენი ხელის მტევანზე, სახეზე, ტერფზე, სასქესო ორგანოების არეშია, საჭიროა, პირველსავე დღეს გაკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი წონის მიხედვით.
კანის დაზიანების შემთხვევაში ცოფის ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის აცრაც.
- აუცილებელია ტეტანუსზეც აიცრას პაციენტი?
- დიახ, აუცილებლად უნდა აიცრას, თუ ის არ არის აცრილი ბოლო 5 წლის განმავლობაში და აღენიშნება ჭრილობა.
- თუ ბავშვი/ უფროსი დავარდა იმ ადგილზე სადაც შესაძლოა იყოს ძაღლის ან სხვა ცხოველის ნერწყვი, კანი დაზიანდა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია აცრა?
- თუ ის არ არის აცრილი ბოლო 5 წლის განმავლობაში, დიახ, აუცილებლად, რადგან ეს იგივეა, რაც ალოკვა ჭრილობაზე. ყველა საეჭვო შემთხვევის დროს აუცილებელია აცრის ჩატარება.
რეალური შემთხვევა: ეზოში 2 წლის ბავშვი თამაშობს, ირგვლივ ვარდის ბუჩქებია და კატაც იქვე სეირნობს, დედა საქმიანობს. ბავშვი დაეცა, ტირილის ხმაზე დედა გამოვიდა, ბავშვს ხელზე ნაკაწრი აქვს, მარჯვნივ კატა ზის, მარცხნივ ვარდის ბუჩქია, ბავშვი ვერ ლაპარაკობს, რამ დაკაწრა? პასუხი არ გვაქვს. აუცილებლად უნდა აიცრას, მეტი სიფრთხილისთვის!!!
სალომე გორგოშიძე