ფოტოზე დაყრდნობით ძნელია გაარჩიო, რასთან გაქვს საქმე რა არის ნასიცხი, რა იწვევს მას და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება? პრობლემაზე, რომელიც ასე აქტუალურია ზაფხულში, გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თეონა უჩუმბეგაშვილი.
რა არის ნასიცხი და რატომ ჩნდება ის?
ნასიცხი მართლაც აქტუალური პრობლემაა და არა მარტო ზაფხულში. ის კანზე ჩნდება როდესაც ცხელა და გაძლიერებულია ოფლის გამოყოფა, ნასიცხს სხვაგვარად ნაოფლარსაც უწოდებენ. ის ჩნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, არაჰიგიენური ტანსაცმელის გამოყენებისას, როდესაც ბავშვს ზედმეტად "ფუთავენ", როდესაც სიცხის დროს ბავშვს დიდი ხანი აცვია ერთჯერადი საფენი. როდესაც ზამთარში ბავშვის ოთახში ძალიან მაღალი ტემპერატურაა და ბავშვსაც ძალიან თბილად აცვია.
სხეულის რომელ ნაწილებში გვხვდება ყველაზე ხშირად ნასიცხი?
ის ვლინდება გამონაყარის სახით, რომელიც შეიძლება იყოს სითხის შემცველი ბუშტუკების გროვის, ან კანქვეშა ხორკლიანი გამონაყარის სახით. ის ძალიან ხშირად უვითარდებათ ბავშვებს ზაფხულის ცხელ პერიოდში. ძირითადად ნასიცხი თავს იჩენს თავის , კისრის, გულმკერდის, იღლიის ფოსოში. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს იმის გარჩევა, გამონაყარი ნასიცხია თუ ალერგიული ან სხვა დაავადების ფონზე აღმოცენდა. ხშირად მხვდება ინტერნეტ ფორუმებზე და დედების ჯგუფებში მშობლების მიერ გამოქვეყნებული ბავშვების ფოტოები, სადაც დედები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს ფოტოებზე დაყრდნობით და ბავშვის გამონაყარი საჯაროდ განხილვის თემა ხდება. მე, როგორც პედიატრს, ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან პრობლემის იდენტიფიცირება საჭიროა სხვა სიმპტომებიდან გამომდინარე, ფოტოზე დაყრდნობით ძნელია გაარჩიო, რასთან გაქვს საქმე, ამიტომ ნებისმიერი გამონაყარის დროს საჭიროა დროული დიაგნოსტიკა ექიმის მიერ.
რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ნასიცხს?
ნასიცხის დროს ბავშვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა – ნორმალური, მაგრამ დაზიანებული კანი ადვილად შეიძლება იქცეს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროდ. ჩვილის კანი ძალიან მგრძნობიარეა, მასზე მიკროორგანიზმები ადვილად ზემოქმედებენ, ამიტომაც ნასიცხი მეტად ხელსაყრელია მიკრობების გამრავლებისთვის. ეს კი საშიშია, რადგან მიკრობები იწვევს კანის ანთებას, რამაც შეიძლება გააჩინოს ჩირქოვანი გამონაყარი, რომელიც სახიფათოა ბავშვისთვის.საჭიროა პრობლემის დროული გამოვლენა. იდენტიფიცირება თუ რა სახის გამონაყარია ეს და შემდეგ საჭირო მკურნალობის ჩატარება.
როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ნასიცხი ?
პირველ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია შევამციროთ ოფლიანობა. ბავშვს შეძლებისდაგვარად შევუქმნათ მშრალი, გრილი გარემო. უპირველესად ჩვილის ოთახის ტემპერატურა უნდა დარეგულირდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ პატარისთვის საუკეთესო ტემპერატურა 20-22 გრადუსია და ზაფხულში კიდევ უფრო ნაკლები. დღეში მინიმუმ 3 ჯერ მაინც უნდა უნდა დაბანოთ პატარა და ჩააცვათ გრილი, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული სამოსი, რათა კანმა შეძლოს სუნთქვა. ნასიცხის დროს ყოველთვის არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი , მაგრამ თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა, ან ეჭვი კანის ინფექციაზე, ჩირქოვანი გამონაყარი და სხვა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
წაიკითხეთ ასევე:
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ჩვილს სცხელა - ეს არ უნდა გამოგეპაროთ