"იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ ყველა გზა, რომ ჩემი 77 წლის დედა, მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, არ დარჩნენ ქუჩაში" ელენე ახვლედიანის შთამომავალს, მისი ძმის შვილიშვილს, უნიჭიერეს მხატვარს და ხელოვანს ირაკლი ახვლედიანს მეუღლესთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად მევახშე მარტის თვეში ბინიდან ასახლებდა. ოჯახმა თანხა ვალის სახით მევახშისგან ნათესავის სიცოცხლის გადასარჩენად აიღო და გადაუდებელი ოპერაციისათვის გამოიყენეს, ვალის სანაცვლოდ კი სახლი ჩადეს. ნათესავმა ვალი ვეღარ გადაიხადა და ასე აღმოჩნდა ახვლედიანების მრავალშვილიანი ოჯახის სერიოზული პრობლემის წინაშე.
გაჭირვების დროს ახვლედიანების ოჯახს უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი დაუდგა გვერდით, მათ სახელზე გაიხსნა ანგარიშის ნომერი, ხელოვანებმა უსასყიდლოდ გადასცეს თავიანთი ნამუშევრები და გაიმართა გამოფენა-აუქციონი. ასე შეგროვდა გარკვეული თანხა, თუმცა როგოც აღმოჩნდა, ამით პრობლემა არ მოგვარდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ირაკლი ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მოგესალმებით ყველას. გახსოვთ ალბათ ჩემი სახლის და მევახშეების ისტორია. ისტორია, სადაც უძრავი ქონების შემსყიდველი, გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, გვთხოვდა უკან, დაგროვილ ვალს, რომელიც ინვალიდის სავრძელში მყოფ ჩემს ნათესავს მოხმარდა, თუმცა ამ ვალის ლომის წილი მაინც ჯარიმებმა შეადგინა. გადაუხდელობის შემთხვევაში, მიჰქონდათ ჩემი და ჩემი ოჯახის სახლი (მათთვის ვინც, არ იცის ეს ისტორია). პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა დახმარებისათვის, იმ გაჭირვების დროს. უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანის მხრიდან, ვიგრძენით ძალიან დიდი მხარდაჭერა, მორალური თუ ფინანსური. მადლობა დიდი იმ ხელოვან ხალხს, ვინც უსასყიდლოდ გადმოგვცა თავიანთი ნამუშევრები, გამოფენა-აუქციონისათვის, რომელსაც "თიბისი ბანკმა" გაუკეთა ორგანიზაცია. შედეგად, შეგროვდა გარკვეული თანხა. იმედი გვქონდა, ამ ძნელბედობის დროს, ეს თნხა წინ წაიგდებდა ჩვენ საქმეს და მთლიანი თანხის რაღაც ნაწილს გაუსტუმრებდა ჩვენს მევალეებს.
უკვე დაწყნარებულები ვიყავით, რომ გადახდის საწყის ეტაპზე, ეს თანხა გაგვიადვილებდა მე და ჩემს ოთხ შვილს, სახლის შენარჩუნებაში. დარჩენილ ნაწილსაც ეტაპობრივად დავფარავდით. სამწუხაროდ, ჩვენდა განსაცვიფრებლად, ,,მევახშეები“ შეგროვებულ თანხას ხელს არ კიდებენ და ითხოვენ სრულ - 60 000$-ს.
როგორც გახსოვთ, ჩვენ უსასყიდლოდ გადავეცით ხელისუფლებას ელენე ახვლედიანის სახლი და უამრავი შედევრი-ნახატი, რომელთა ფასიც (თითოეულის) ასეულ ათასობით დოლარად არის შეფასებული და ამ ნახატთა რიცხვი არის 3600 ერთეული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილზე პრეტენზია არასდროს გამოგვიცხადებია, თუმცა ერთი ტილოს ფასიც გაგვისტუმრებდა ვალს. მთავრობის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვიგრძნია. შეიძლება ვინმესთვის ამ ისტორიის კიდევ ერთხელ გახმაურება მომაბეზრებელიც იყოს, ჩვენთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. უამრავი გულშემატკივრის დახმარებით შეგროვდა თანხა, არც თუ ისე ცოტა, რომელსაც შეგნებულად არ გვართმევენ... და უკვე თვის ბოლოს გვემუქრებიან გასახლებით.
შექმნილ სიტუაციაში, აღარც ვიცით რა ვქნათ. დრო კი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. გვინდა მივაწვდინოთ ხმა დღევანდელ მთავრობას. ბოლოს და ბოლოს, იქნებ, გამოგვეხმაურონ ის პირები, რომელთაც შეუძლიათ და ევალებათ კიდეც, გააჟღერონ თავიანთი აზრი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. უკვე ჩიხში ვართ და აღარც ვიცით რა გზას მივმართოთ. იქნებ, რომელიმე ფინანსურმა ორგანიზაციამ ითაოს და გადაიფორმოს ჩვენი სახლი. ჩვენ კი, წინასწარ გაწერილი გრაფიკით, გარკვეული წლების განმავლობაში (კონტრაქტით), საშუალება მოგვცეს, პირნათლად დავფაროთ არსებული ვალი. ეს არის გამოსავალის ერთ-ერთი ვარიანტი ჩვენი გადმოსახედიდან. გთხოვთ ყველას... გამოგვეხმაურეთ და მოგვაწოდეთ თქვენი აზრი და რჩევები, არსებული ვითარების გარშემო. ფინალისათვის, მინდა ყველას ვუთხრა, რომ იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ ყველა გზა იმისათვის, რომ ჩემი ოჯახი - 77 წლის დედა, ჩემი მეუღლე და ჩემი ოთხი მცირეწლოვანი შვილი, არ დარჩეს ქუჩაში. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში ამ დიდი წერილისთვის.“
ახვლედიანების ოჯახის სახელზე თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერი GE53TB7011545061100033. დახმარების მსურველებს შეუძლიათ ამ ანგარიშზე ჩარიცხონ სასურველი თანხა.