”ექიმმა დამარწმუნა, რომ საკეისრო კვეთა იყო საჭირო, ბავშვების გადასარჩენად...” მზია ხვისტანი-ერაძე სამი შვილის დედაა. 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და იქვე შექმნა ქართული ოჯახი. მას და მის მეუღლეს უფროსი ვაჟი ჰყავთ - 8 წლის მათე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ტყუპი და-ძმა გაუჩინა დედამ. აი სწორედ ამ ტყუპის გაჩენის ამბავმა მიაპყრო ამერიკული მედიის ყურადღება მზიასადმი და რადიოსა და ადგილობრივ პრესაში მის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს (ნახეთ ერთ-ერთი სტატია).
ჩვენ დავუკავშირდით მზიას და ვკითხეთ, როგორ არიან ახლა პატარები და როგორი იყო მათი ამქვეყნად მოვლენის საოცარი ამბავი:
- გვიამბეთ ტყუპზე, რომლებმაც ბევრი განერვიულეს, დიდი ბედნიერება მოგიტანეს და მედიის ყურადღებაც დაიმსახურეს...
- სულმოუთქმელად ველოდით პატარებთან შეხვედრას, იმის წარმოდგენა, რომ ტყუპი გვეყოლებოდა, კიდევ უფრო აორმაგებდა ჩვენს სიხარულს.... თუმცა ეს შეხვედრა გაცილებით უფრო ადრე მოხდა, ვიდრე იყო გათვალისწინებული.
ტყუპი, მია და ნოე, 33 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სასწრაფო საკეისრო კვეთით...
ყველაფერი დაიწყო, როდესაც მორიგ ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე ვიყავი დაბარებული. ექიმმა შენიშნა, რომ ბიჭის - ნოეს, განვითარება არც ისე სწორად ხდებოდა, წონისა და განვითარების პროგრესი იყო ძალიან შენელებული, პრაქტიკულად, აღარ იზრდებოდა ნაყოფი. ჩემმა გინეკოლოგმა, ექიმმა შვარცმა მიიღო გადაწყვეტილება, აქტიური ზედამხედველობის ქვეშ ვყოლოდი, რომ რამე არ გამოგვპარვოდა...
მახსოვს, ოთხშაბათი დღე იყო, 19 აპრილი, მზიანი და ნათელი. მორიგი ტესტის შემდეგ, რომელიც არ იყო სახარბიელო, ჩემი გინეკოლოგი გამოიძახეს. მან კიდევ რამდენიმე ტესტი ჩამიტარა, შემდეგ ძალიან თბილი, მაგრამ დამაჯერებელი ტონით მითხრა, რომ სასწრაფო საკეისრო კვეთა იყო საჭირო, ვინაიდან "ზოგჯერ უკეთესია ბავშვები იყვნენ გარეთ, ვიდრე შიგნით..." მახსოვს შოკი, შემდეგ ერთბაშად მოვარდნილი კითხვები, დარდი, შეშფოთება, დაბნეულობა...
ჩემს გინეკოლოგს ვაფასებ და ვენდობი როგორც პროფესიონალს. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში. ექიმმა ყველანაირად დამარწმუნა.
დავურეკე ჩემს მეუღლეს, ავუხსენი სიტუაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება...
19 აპრილს დაიბადნენ მია და ნოე, ძალიან პატარები, სუსტები, განსაკუთრებით ნოე, სრულიად პაწაწინა. შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა - ბავშვები ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს.
განყოფილებას, სადაც მია და ნოე იმყოფებოდნენ შემოკლებით NICU (ნიკიუ) ჰქვია და სპეცეაილიზებულია დღენაკლული ან ავადმყოფი ახალშობილების მოვლაზე. იქ ჰყავთ ნეონატოლოგი, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და ახალშობილი არც ერთი წამით არ რჩება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. სამწუხაროდ, ეს ყველგან არ ხდება, და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გავაკეთეთ ამ საავადმყოფოზე არჩევანი.
პატარებმა დაახლოებით სამი კვირა გაატარეს ამ განყოფილებაში, შემდეგ კი ჯერ მია წამოვიყვანეთ სახლში და ორი დღის შემდეგ - ნოე.
...ეს სამი კვირა ერთ-ერთი მძიმე იყო ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ჩვენს გვერდით იდგა უძლიერესი პროფესიონალების გუნდი, ბევრად ადვილი გახადა სირთულეების დაძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ საავადმყოფომ სრულიას უფასოდ გამომიყო ოთახი, სადაც ამ სამი კვირის განმავლობაში შემეძლო ნებისმიერ დროს მივსულიყავი და დავრჩენილიყავი ჩემს პატარებთან.
ტყუპის საავადმყოფოში ყოფნისას, დამიკავშირდა ქალბატონი ქეთლინ რობერტსი, რომელიც გახლავთ საავადმყოფოს მარკეტინგული დეპარტამენტის უფროსი და მთხოვა გამეზიარებინა ჩემი შეხედულება და გამოცდილება, რაც ამ სამი კვირის განმავლობაში მივიღე. აგრეთვე მთხოვა მომეყოლა ჩემი პატარა ისტორია გაზეთ "Courier News”-ში რომელიც შტატ ნიუ-ჯერსის გაზეთი გახლავთ. სიამოვნებით დავთანხმდი. ამის შემდეგ ისევ დამიკავშირდნენ და მთხოვეს მიმეცა ინტერვიუ ამავე შტატის რადიოსთვის - NJ 101.5, სადაც გამოვხატე ჩემი მადლიერება და დიდი პატივისცემა სამედიცინო პერსონალის მიმართ, მოვყევი ტყუპების პროგრესზე, როგორ იზრდებიან, ძლიერდებიან დღითი დღე.
- რამდენად გაგიიოლდათ ბავშვების მოვლა და ვინ გეხმარებათ?
- ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ თითქმის 18 წელი. აქ შევხვდი ჩემს მეუღლეს, კახა ერაძეს, და მალევე შევქმენით ოჯახი. გვყავს სამი შვილი - 8 წლის მათე და 5 თვის ტყუპი მია და ნოე.
მე სამედიცინო დარგში ვმოღვაწეობ. ვმუშაობ რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც ჩემი ზედამხედველობის ქვეშ გვიწევს პაციენტების მიღება, რომელთაც სჭირდებათ გამოჯანმრთელება მოტეხილობების, დაზიანებების შემდეგ.
ჩემი მეუღლე პროფესიით კომპიუტერული ქსელების ინჟინერია. საბედნიეროდ, კახას სამსახური იძლევა იმის საშუალებას, რომ კვირაში რამდენიმე დღე სახლიდან იმუშაოს, და ამ დროს მეც მეხმარება ტყუპების მოვლაში. ჩვენ გაგვიმართლა და ჩვენს შტატში დეკრეტულ შვებულებას აძლევენ არა მხოლოდ დედებს, არამედ მამებსაც, ამან ჩვენ მოგვცა საშუალება, პირველი თვე, რომელიც ყველაზე რთული იყო ერთად გაგვეტანა. ვცდილობთ ერთობლივი ძალებით გავიადვილოთ ის სირთულეები, რაც ძირითადად დიდ ოჯახს ახლავს. გამიმართლა - არაჩვეულებრივი მამაა.
ლელა ზურებიანი