იმატა თუ არა ჯიბგირობამ და ქურდობამ ქუჩებში? - რას ამბობენ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები? ნიკა ქავთარძემ ისეთი პოსტი გამოაქვეყნა, თავი 90-იანებში მეგონა და ის საშინელი შეგრძნება გამახსენდა, მეტროში ჩანთა რომ გამიჭრეს და ყველაფერი ამომაცალეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ისევ ისმის ტელეფონის მოპარვის, მანქანების გატეხვის, ჩანთების გაჭრის და სახლების ძარცვის შესახებ. მხოლოდ ჩემს უახლოეს გარემოცვას და საახლობლოს რომ გადავავლო თვალი, მცირე სტატისტიკის შედგენაც კი შემიძლია და დასკვნების გამოტანა, რომ ვითარება ამ მხრივ უარესობისკენ საგრძნობლად შეცვლილია... ბევრი ამის შესახებ უკვე პირდაპირაც წერს, ზოგი კი საჯაროდ საუბარს ერიდება.
შოკირებულმა ნიკამ, რომელსაც მთელი თვის ხელფასი ერთ წამში ამოაცალეს, თავისი ამბავი საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო:
"გუშინ ხელფასი ავიღე. "ვაგზალზე" საქმე მქონდა. გამოსვლისას ფული დავახურდავე, ბინის ქირისთვის. ჩავედი მეტროში. რუსთაველზე ამოვედი, ვიფიქრე, "მაკში" შევივლი და ქეთის ბურგერებს ვუყიდი-თქო. ჩავყავი ხელი, გამიკვირდა, ფული რომ არ იყო. მეთქი სხვა ჯიბეში ხომ არ ჩავდე და უცებ ამას ვხედავ...
მთელი ფული მომპარეს.
ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა...
ესეც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი...
არ ვიცი ეს თუ ოდესმე მორჩება..."
რასაკვირველია, ამ შემაშფოთებელ პოსტს უყურდღებოდ არ ჩაუვლია. ნიკას გამოეხმაურნენ ისეთი ადმიანები, ვისაც საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე გამოუცდია ბოლო დროს მსგავსი ფაქტები.
"სამწუხაროდ, ქურდობა ძალიან მოხშირდა. ორი აიფონი ამოაცალეს ჩემს შვილს და პოლიცია ყურსაც არ იბერტყავს", - წერს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე.
"ეს რა მოგსვლია... 90-იანების მერე ჩანთის გაჭრის შემთხვევებზე არ მსმენია! სამწუხაროა", - სოფო ნიჟარაძე.
"მეც შემემთხვა მსგავსი რამ, ჩანთას მიხსნიდა ვიღაც შუახნის კაცი ახმეტელზე და რომ მოვბრუნდი, ვიღაც ქალმა ჩუმად მანიშნა... პოლიციით დავემუქრე და გაიქცა. მეც ეგეთ დღეში ჩავვარდი, სულ ავცახცახდი და ვერაფერი ვერ გავაკეთე... თან დღე იყო, ასე 9 საათი, საგიჟეთია..." - წერს სოც-ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
თეკლა ჟვანია