ჟურნალისტის ნაამბობი, რომელიც ყვითელი სამარშრუტო ტაქსით მოყვა ავარიაში ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - სამარშრუტო ტაქსს, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისასა და ტვინის შერყევა მიიღო.
ამ ფაქტმა ის კიდევ ერთხელ დააფიქრა უსაფრთხოების საკითხებზე, რაც ასე აქტუალურია ჩვენს გზებზე და ასევე ადამიანის სრულ დაუცველობაზე. გთავაზობთ თეას ნაამბობს:
"ბოლო პერიოდში ძალიან რომ გახშირდა ავარიები, ბევრჯერ მიფიქრია, ნეტა რას გრძნობენ ამ დროს დაშავებულები? ასწრებენ თუ არა მომხდარის გააზრებას... თურმე ვერა. ყველაფერი ისე სწრაფად და უცნაურად ვითარდება, თითქოს დრო შენელდა, თითქოს საკუთარი სხეული შენ აღარ გეკუთვნის... მერე, გიჩნდება ერთადერთი კითხვა - "რა მოხდა?"
მერე, თითქოს მექანიკურად აკეთებ ყველაფერს... აზროვნებაც დაბინდული გაქვს... ადამიანების ვაი-ვუი ჩაგესმის და მეორე აზრი, რაც შენს შენელებულ გონებაში ფორმირდება, არის: - "მგონი ავარია იყო..."
გარეთ ხალხი ძალიან სწრაფად გროვდება. მარშრუტის საავარიო გასასვლელის კარს (რომელიც გაუქმებულია იმის გამო, რომ მეტი სკამია ჩადგმული), ხსნიან და ხალხი გარეთ გადაჰყავთ... შენ დგახარ ბოლოში და შენს რიგს ელოდები...
აცნობიერებ, რომ არავინ დაშავებულა სერიოზულად, მაგრამ უცებ სახეზე სისველეს გრძნობ და ხელს ისვამ... ხელი მუქი სითხით ისვრება: - "ალბათ სისხლია" . გეჩვენება, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა და ძალიან გინდა ამ ჩაკეტილ სივრცეს დააღწიო თავი...
გარეთ, კართან 2 მამაკაცია, ვისაც მგზავრები ჩამოჰყავთ. ჩემს დანახვაზე სახის გამომეტყველება ეცვლებათ და ერთ-ერთი ამბობს: "სასწრაფო გამოიძახეთ და დასვით სადმე ეს გოგო!" - მგონია, რაღაც საშინელება მჭირს სახეზე. პირველად შევიგრძენი ტკივილი, სადღაც მარჯვენა თვალთან და ზემოთ...
სანამ ვასწრებ სიტუაციის გააზრებას, უცნობი გოგო მკიდებს ხელს და სადღაც მივყავარ. მეუბნება, რომ ჭრილობას დამიმუშავებს. ნაბიჯებსაც მექანიკურად ვადგამ. ყველაფერი ბურუსშია. გოგონას იქვე, რაღაც რესტორანში შევყავარ, სკამზე მაჯენს და ჭრილობას სპირტით ამუშავებს. პირველად ვიკითხე, რა მაქვს... მეუბნება, რომ ჭრილობაა და გაკერვა დასჭირდება. იქ სხვა პერსონალიცაა, რაღაცებს მეუბნებიან. მამხნევებენ, რომ არ შემეშინდეს. არ მეშინია... არც შიშს ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. მერე, სასწრაფო მოდის და მე მეძებენ. გოგოს ისევ უკან მივყავარ (მადლობა მას, არ ვიცი მისი ვინაობა).
იქ პატრულია, 2 სასწრაფოა და პირველად ვხედავ ავარიის ადგილს. მანქანას წინა ნაწილი ფაქტობრივად აღარ აქვს...
მერე, სასწრაფოს ექიმი ჭრილობას მიმუშავებს და ამბობს, რომ უნდა გადამიყვანონ... მერე პატრული იწერს ყველაფერს ჩემზე... მგონი სწორად ვპასუხობ კითხვებს... მერე, იმ მანქანის მძღოლის მეგობარი მოდის და ნომერს მართმევს, რომ რაც დამჭირდება, ყველაფერს უზრუნველჰყოფს (აქამდე არ დაურეკავს), მერე საავადმყოფოში მივდივართ. იქ ნაკერებს მადებენ და უკვირთ, ხმას რომ არ ვიღებ საერთოდ... მერე კატე, კარდიოგრამა და ა.შ. ცალკე მარშრუტკის შეშინებული მძღოლი რეკავს, მოვალო, მაგრამ უარს ვეუბნებით, ცალკე სატრანსპორტო კომპანიიდან... პატრულმაც მომიკითხა... მე ვწევარ და ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთ წამში დამთავრებულიყო ჩემი ცხოვრება, არადა ძალიან არ მინდოდა ახლა მკვდარი ვყოფილიყავი...
იმაზეც ვიფიქრე, რას დაწერდნენ ჩემი ფბ-ს wall-ზე - "არ მჯერაა, რატომ ღმერთო" და ა.შ... ვინ მოვიდოდა პანაშვიდზე... მიხარია, რომ ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს რომ კიდევ მომცა დრო...
მთავარი, რაც მინდა ვთქვა ის სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანების სიცოცხლე ძალიან დაუცველია. დიდ დიღომში სამარშრუტო ტაქსების მხრივ, 90-იანების სიტუაციაა ისევ:
ზოგი ნომერი (განსაკუთრებით 109) საათში ერთხელ გამოდის, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი აიყვანოს. მაფია ჩვეულებრივი. ისე გატენიან, ნემსი არ ჩავარდება. ერთი ავარია და ამდენი ხალხი ჩახოცილია იქ, სასაკლაოა. უმეტესობას ხელის მოსაკიდიც მოხსნილი აქვს, ხელს ვერ მოკიდებ, თავი რომ შეიმაგრო. საავარიო ფანჯრის ჩასამტვრევი ჩაქუჩებიც ყველგან დახსნილია. უსაფრთხოების ყველა ნორმა დარღვეულია.
საღამოს 10 ის მერე თუ გასული ხარ სადმე, წასულია შენი საქმე. ტაქსის ფული თუ არ გაქვს, სახლში ვერ დაბრუნდები. ამას წინათ ერთი მძღოლი ეუბნებოდა თავის ნაცნობს (მგზავრს), ეს ბარათები მეჯავრებაო. მანდედან ჩვენ არაფერს გვირიცხავენო, წუწუნებდა. და ეს ნერვებდაგლეჯილი მძღოლებიც დადიან ასე გამწარებულ გულზე და საოცრებებს ქმნიან მერე... ხან შუა ტრასაზე გიჩერებენ... სრული განუკითხაობა. და ვინ არის პასუხისმგებელი? - არავინ! ყველას ყოველთვის უნდა შერჩეს უპასუხისმგებლობა..
მეც გადავრჩი. ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შეიძლება მომიხდეს კიდეც, ამაზე არ ვღელავ. უბრალოდ მინდა, ვიღაცამ ოდესმე აიღოს საკუთარ თავზე მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვის ვალდებულება..."