14 წლის მოდელი 13-საათიანი მუშაობის შემდეგ გარდაიცვალა... შანხაიში 14 წლის რუსი მოდელი, ვლადა ძიუბა 13-საათიანი მუშაობის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მენინგიტი სახელდება, რომელიც, სავარაუდოდ, გადაქანცული ორგანიზმის იმუნურ სისტემაში ადვილად შეიჭრა. ამ ფაქტმა ბევრი დააფიქრა არასრულწლოვანი მოდელების ცხოვრების წესზე, მითუმეტეს, რომ ქართული სააგენტოებიდანაც ხვდებიან ჩვენი გოგონები ჩინურ სამოდელო ბაზარზე. რამდენად უსაფრთხოა სამოდელო კარიერა და რა პირობების სანაცვლოდ გზავნიან სააგენტოები ჩინეთში ქართველ მოდელებს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით mshoblebi.ge რამდენიმე ქართულ სამოდელო სააგენტოს დაუკავშირდა.
მარიამ გიორგობიანი: სამოდელო სააგენტო "ნატალის" მთავარი მენეჯერი:
- თანამშრომლობთ თუ არა ჩინურ სამოდელო სააგენტოებთან?
- ჩვენ სააგენტოს არასდროს გაუშვია ჩინეთში მოდელები. ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ვბლოკავთ და იქ არ ვუშვებთ მოდელებს. მიზეზი არის ის, რომ გარანტია არ გვაქვს არანაირი, თუ სად ვაგზავნით სხვის შვილს, ამიტომ, რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, არანაირ ხელშეკრულებას ხელს არ ვაწერთ. აქვთ არასერიოზული, დაბალაანაზღაურებადი კონტრაქტები. გოგონებს კლუბებში ამუშავებენ, რასაც საქართველში არ ვთავაზობთ გოგონებს და მითუმეტეს, ასეთ პირობში საზღვარგარეთ როგორ გავუშვებთ. გოგოს რომ 1000 და 1500 დოლარად ამუშავებენ თვეში, 24 საათის განმავლობაში, ეს არის ჩვეთვის მიუღებელი.
"სტამბულის, მოსკოვის და ჩინეთის ბაზარი ჩვენთვის დაკეტილია, რადგან ყველაზე ცუდი პირობები აქვთ სამოდელო კარიერისთვის."
თიკო ბეჟაშვილი: "იმიჯ ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
- ჩვენი მოდელები კონტრაქტით მიდიან სამუშაოდ ჩინეთში და უწევთ მაქსიმუმ 4-6 საათიანი დატვირთვა. ამ ხანგრძლივობას ისედაც ითვალისწინებს მოდელის სამუშაო გრაფიკი. ჩვენ ვთანამშრომლობთ იქაურ სააგენტოებთან, რომელებიც პასუხისმგებლები არიან მოდელების ჯანმრთელობასა და მათ საცხოვრებელ პირობებზე. მოდელები არიან უზრუნველყოფილნი საცხოვრებელით ბინით. გარანტირებულად ვიცით, რომ რომ ისინი იქ არიან კარგ სააგენტოში, ამ მხრივ პრობლემები ჩინურ სააგენტოებთან არასდროს გვქონია და მოდელებიც კმაყოფილები არიან მათთან მუშაობით.
- არასრულწლოვანი მოდელები თუ გაგიშვიათ საზღვარგარეთ?
- ჩვენებაზე გაგვიშვია და დაბრუნებულან მალევე. ახლა მილანში იყვნენ 15-16 წლის ბავშვები და უკვე დაბრუნდნენ.
მოდელის კარიერა იწყება დაახლოებით 14 წლიდან. ჩვენი ერთ-ერთი კონკურისის გამარჯვებული, რომელიც ფრანგებმა
აირჩეს, არის 14 წლის ბავშვი.
მსოფლიო რეგულაციაა ასეთი, რომ მოდელის ასაკი არის დაწეული და როცა საქმე არასრულწლოვან მოდელებს ეხება, პირველ რიგში კონტრაქტის დეტალებს მშობლებთან ვათანხმებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამოდელო სააგენტოების დამოკიდებულება ჩინეთში მოდელების სამუშაოდ გაგზავნასთან დაკავშირებით სხვადსახვაგვარია, წარსულში მოხდარ ამბებს თუ გავიხსენებთ, მედია საშუალებებში არაერთი ისტორია იწერებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ცუდ პირობებში მოუხდათ ქართველ მოდელებს მუშაობა.
მაგალითად, ერთ-ერთი ანონიმური რესპონდენტი ონლაინგამოცემასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ჩინეთში ჩასული, დეფილეს ნაცვლად კლუბის შოუში დაასაქმეს.
"ვმუშაობთ ღამის კლუბებში, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდება საქართველოში არსებული კლუბებისგან, რადგან ძირითადი აქცენტი კეთდება შოუზე, მომღერლებსა და მოცეკვავეებზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც ვართ ჩვენ, ესაა თემატური დეფილე" - ამბობდა მოდელი.
გარდა იმისა, რომ ხშირად მოდელები სამუშაო პირობებით და ანაზღაურებით არიან უკმაყოფილოები, მათი პროფესიული კარიერა განსაკუთრებულ მსხვერპლსაც მოითხოვს. წონის მუდმივი კონტროლი, მკაცრი დიეტები, მუდმივად სტრესული და გადატვირთული გრაფიკი, რომლებიც მათ ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნიან. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იდეალურ პარამეტრებთან მიახლოების სურვილმა ძალიან ბევრი გოგონა ანორექსიამდე მიიყვანა. ესპანელი მოდელი, ნიევეს ალვარესი, რომელიც ანორექსიით იტანჯებოდა, აღიარებდა, "წონაში მომატების უფრო მეშინოდა, ვიდრე სიკვდილისო". მართალია, კვებითი მოშლილობები, როგორიცაა ანორექსია და ბულემია, სხვა ფაქტორებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ როგორც ექიმები მიშელ ლაქსენერი და ან გიიმო აღნიშნავენ, „სიგამხდრის კულტსაც მიუძღვის გარკვეული ბრალი".
2016 წელს მოდელი ქეთი ჯაფარიძე, რომელიც ბოლო წლებში ჩინეთში მოღვაწეობდა და იქაურ პოდიუმებზე გამოდიოდა, საქართველოში ჩამოსული, მოულოდნელად გახდა ავად და გარდაიცვალა. მართალია, მისი გარდაცვალების მიზეზადაც მენინგიტი დასახელდა, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მას ვირუსი მოდელად მუშაობის, დიეტისა და გადატვირთული
სამუშაო გრაფიკის გამო შეეყარა.
წაიკითხეთ ქართველი მოდელის ქეთი ჯაფარიძის შესახებ, რომელიც ჩინეთში მოღვაწეობდა და მენინგიტით გარდაიცვალა
ქეთი ჯაფარიძე
ჩვენთან საუბარში ანონიმურმა წყარომ, უცხოეთში წასული მოდელების სამუშაო პირობებზე და მათ იქ ყოფნასთან დაკავშირებულ ისეთ დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის თვითონ მოდელების მხრიდან გამოვლენილი უპასუხისმგებლო საქციელი. "რამდენჯერაც წავსულვარ საზღვარგარეთ კონტრაქტით, არ მახსოვს, რომ ვინმეს დაევალებინა იმის გაკეთება, რაც არ მინდოდა და რაც არ იყო კონტრაქტში აღნიშნული. ხანდახან საკუთარი ცუდი საქციელის აღიარებას ურჩვნიათ სხვები დაადანაშაულონ. ერთი შემთხვევა მახსენდება, საქართველოდან ჩამოსული 16 წლის მოდელი კლუბში რომ გაილეშა და გონი არ მოეკითხებოდა, რომ არა ჩვენ, ანუ სხვა მოდელი გოგოები, არ ვიცი იმ საღამოს როგორ გადაიტანდა".
რუსკა კილასონია