"მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ“ - მღვდლების პასუხი და მუნიციპალიტეტის პოზიცია.
გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩამოუყარეს. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ სივრცეში, რაც გასაკვირი არ არის.
მოვიძიეთ ინფორმაცია და აღნიშნული ფაქტი, mshoblebi.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევანმა ჭიპაშვილმა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამ აქციის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და სკოლის დირექტორებისგან შეიტყო მომხდარის შესახებ:
- რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, 12-ის ნახევრიდან 12 საათამდე მოხდა ეს ფაქტი. სკოლის დირექტორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გადაიფრინა ვერტმფრენმა და სოფელში ჩამოყარა კანფეტები. აქციის შესახებ მე ინფორმირებული არ ვყოფილვარ. ისინი სკოლის ტერიტორიაზე არ შემოსულან, ვერტმფრენით ვინ გადაიფრენს და ვინ გადმოიფრენს, მე მგონი ეს ჩემთან არ შეთანხმდება და არც მუნიციპალიტეტთან. ეს სხვა ორგანოების საქმეა. ზოგადად ეს საქციელი არ არის გამართლებული, ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენთან შეთანხმებით რომ მომხდარიყო, ჩვენ ავუხსნიდით, რომ კანფეტების სკოლაში ჩამოყრა არ იყო მიზანშეწონილი. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქციის გამო არც ერთ ბავშვს არ დაუგვიანია გაკვეთილზე. კანფეტები ჩამოყარეს დიდი დასვენების დროს, გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში, მამა იონეს ინიციატივით.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ მღვდლის კომენტარი
{{ArticleSplitCont}}
ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილების უფროსის ნინო ხუციშვილის განმარტებით, სამღვდელო პირების გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია მუნიციპალიტეტს არ ჰქონია და მათაც აქციის შემდეგ გაიგეს ეს ამბავი.
გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარმა, მამა იოანემ reginfo.ge-ს განუცხადა, რომ თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ისინი ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ, „ზოგჯერ კი ბავშვებსაც გაახარებენ ხოლმე“:
- დღესაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაგვეხმარა. გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, ყველაფერი იციან. სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, კანფეტები ჩავუყარეთ და დავლოცეთ. მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ, - აღნიშნა სასულიერო პირმა.
P.S. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზემოაღნიშნული ფაქტის გამო, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
რუსკა კილასონია