"ცხოვრებაშიც ჩემი გაკეთებული ელარჯი და ხარჩო განთქმულია!" ინესის როლის შემსრულებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თავის ინდივიდუალურობით მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა... ქალბატონი მედეა კვაშილავა თავად გვესაუბრება, როგორ აღმოჩნდა ამ როლზე. აღმოჩნდა, რომ მის მიერ მომზადებული ელარჯი და ხარჩოც მართლაც საქვეყნოდ ყოფილა განთქმული. ქალბატონმა მედეამ მეგრული კულინარიის საიდუმლოებებიც გაგვიმხილა.
- ფილმში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ცხოვრებაში მსახიობობაზე არ მიფიქრია... განათლებით პედაგოგი გახლავართ, უცხო ენები მაქვს დამთავრებული. ადრე სკოლაში ვმუშაობდი. წარმოშობით ჩხოროწყუდან ვარ და იმავე რაიონში ვიყავი სასწავლო ნაწილი სკოლაში... ამჯერად თბილისში, ვერაზე ვცხოვრობ.
დასაფლავებაზე მნახეს და შემომთავაზეს, კასტინგი გამევლო. შემდეგ დამირეკეს, მივედი კასტინგზე, სადაც უამრავი ქალი იღებდა მონაწილეობას და გავიმარჯვე. რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ ისე ამირჩია, მანამდე საერთოდ არ ვცნობდი... გაგიკვირდებათ და გადაღებაზე საერთოდ არ დავძაბულვარ. უცებ მოვერგე ჩემი გმირის როლს... ვგიჟდები თათული დოლიძეზე. უბრწყინვალესი ქალია და ძალიან განვიცდიდი, მისთვის რომ უხეშად უნდა მიმემართა ფილმში. წინასწარ ბოდიში მოვუხადე... თვითონ საშინელი როლი აქვს, მაგრამ უნიჭიერესი მსახიობია და მსახიობის ბედიც ეგ არის, ყველა როლს უნდა მოერგოს!
გარკვეული წლები რუსეთში ვცხოვრობდი. ჩემი ძმა ცხოვრობს მოსკოვში და თავად ჯერ არ მივდიოდი არეულობის წლები რომ დაიწყო... ჩემი სოფლიდან მეორე სოფელში ვმუშაობდი და ფეხით მიხდებოდა კილომეტრების გავლა. რამდენჯერ ურემზეც ვმჯდარვარ გვიანობამდე როცა ვრჩებოდი სკოლაში. კი მრცხვენოდა ბავშვების, ურემზე დამჯდარს რომ მხედავდნენ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... შემდეგ ძმის დაჟინებული მოთხოვნით გადავედი მოსკოვში საცხოვრებლად. დედა რომ მოხუცდა და ავად გახდა, ერთადერთი ქალიშვილი ვყავდი და დედას გამო ისევ დავბრუნდი. 93 წლის ასაკში გარდამეცვალა დედა, მესამე წელია აღარ მყავს და ძალიან მიჭირს მის გარეშე... მკაცრი ქალბატონი იყო, მაგრამ არაფერს გვაკლებდა და ყველაფერს აკეთებდა, ჩვენ რომ კარგად ვყოფილიყავით, მე რომ ნამდვილი ქალბატონი დავმდგარიყავი... ვერ გამათხოვა, ვერავისთვის გაიმეტა ჩემი თავი, ყველას იწუნებდა... ასეთი მსუქანი კი არ ვიყავი, ახლა რომ ვჩანვარ ეკრანიდან. ძალიან გამხდარ და კარგი გოგო ვიყავი.
რაც შეეხება ხარჩოს, სხვადასხვანაირად ვამზადებ. ძირითადი საიდუმლო ის არის, რომ სუნელებს ყოველთვის სოფელში ვყიდულობ. თქვენს ხელზე უნდა მოირგოთ ყველაფერი! მე მაგალითად ტომატს არასოდეს ვამატებ. თავად ვაკეთებ სახლში პომიდორს, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე ახალივით არის და ხარჩოს ეს პომიდორი ძალიან უხდება. არაჩვეულებრივი არომატიც აქვს. ახალ ქინძსაც ვამატებ...
ყველას ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემს ფილმში გამოჩენას მოჰყვა!
მანანა გაბრიჭიძე