"მამის პოპულარობას ზეგავლენა არ მოუხდენია" აღიარებული ქართველი მსახიობი – რეზო ჩხიკვიშვილი უკვე 24 წელია გერმანიაში ცხოვრობს... მის შვილებს – ალექსანდრე და ლევან ჩხიკვიშვილებს საქართველოს დატოვება პატარა ასაკში მოუხდათ... დღეს ორივე მათგანს გერმანიაში წარმატებული კარიერა აქვთ, თუმცა მათი სიყვარული სამშობლოს მიმართ წამითაც არ განელებულა...
ალექსანდრე და ლევანი ცნობილ მშობლებზე და თავიანთ ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრენ...
ალექსანდრე ჩხიკვიშვილი:
- ამაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ბევრი ადამიანისთვის მამაჩემი წარმოადგენს ვარსკვლავს, გმირს, განსაკუთრებულ ადამიანს. მან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. ხალხს იგი უყვარს და პატივს სცემს. ჩემთვის კი იგი არ არის მსახიობი ან ვარსკვლავი, არამედ პირველ რიგში მამა, რომელიც სცენაზე დგას და ოცნებას ისრულებს. იგი სცენისთვისაა დაბადებული და სცენაზე ხარობს. ისეთი პროფესია იპოვა, რაც მისთვის სამსახურს კი არ ნიშნავს არამედ მისწრაფებას და მაცოცხლებელ წყაროს. სწორედ იმიტომ ვამაყობ მამით, ცხოვრებაში რომ თავისი ბედნიერება იპოვა და თავის საქმეში თავის თავს პოულობს. ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, მეყოლება თუ არა ცნობილი მამა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან მოახდინოს თავის თავის რეალიზაცია, გადახედოს თავის ცხოვრებას, თავის წარსულს და არ ინანოს, არ თქვას, ნეტა სხვანაირად მეცხოვრაო. სწორედ ამ ბედნიერებას ვეძებ მეც და ვფიქრობ, რომ ყველა ასე უნდა ცხოვრობდეს, მოახდინოს საკუთარი თავი რეალიზება, იპოვოს ის რაღაც, რაც მის ცხოვრებას შეავსებს, მრავალფეროვანს და სასიამოვნოს გახდის.
- ჩემს ქვეყანასთან არც გამიწყვეტია კავშირი. ჩემი მშობლებისა და ძმის გარდა ოჯახის ყველა ახლობელი საქართველოში ცხოვრობს. ბევრს უკვე ბავშვი შეეძინა ან მალე შეეძინება. ასე იზრდება ჩვენი ოჯახი, ნათესაობა და მე მინდა, რომ დავრჩე ამ დიდი ოჯახის განუყრელი წევრი და მათ ვხედავდე... მათთან კავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ასე იქნება. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი ბავშვობის მეგობარი მყავს, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს წლების განმავლობაში ვერ ვხედავთ, შეხვედრისას ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს არასდროს დავშორებულვართ. ხშირად ვსტუმრობ საქართველოს. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ სკოლისა და სტუდენტობის დროს უფრო ხშირად ვახერხებდი ჩამოსვლას და მთელ არდადეგებს საქართველოში ვატარებდი. ეხლა კი, მუდმივი სამსახურის რეჟიმში, სამწუხაროდ ბევრი თავისუფალი დრო აღარ მრჩება, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად ხშირად ვესტუმრო ჩემს სამშობლოს, ჩემს ოჯახს და მეგობრებს. გასული წლის ზამთარშიც ვიყავი ჩემ ძმასთან ერთად. ამ დროს სათხილამუროდ წასვლაც მოვახერხეთ გუდაურში, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. ეხლა კი იმას ვცდილობ, ჩემი გერმანელი მეგობრები დავითანხმო, რომ შვეიცარიის ან ავსტრიის ნაცვლად საქართველოში წამოვიდნენ სათხილამუროდ. ისინი ხომ ამით საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარებიან. მოკლედ რომ ვთქვა, თავი საქართველოს გარეშე ვერ წარმომიდგენია!
- ბრწყინვალე განათლება და წარმატებული კარიერა გაქვთ, რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის მიღწევა და მსახიობობაზე თუ როდესმე გიფიქრიათ?
- დაწყებითი განათლება საქართველოში მივიღე. პირველი ორი კლასი თბილისის ერთერთ სკოლაში დავხურე.. შემდეგ სწავლა გერმანიაში გავაგრძელე, უმაღლესი განათლება ამერიკაში და ჰოლანდიაში მივიღე. ამ ყველაფრის მიღწევა ჩემთვის რთული არ ყოფილა; ჩემი მშობლები პატარა ასაკიდან მასწავლიდნენ, რომ ადამიანმა ცხოვრებაში ყოველთვის უნდა დაისახოს მიზანი და მას მუდმივად მისდიოს. მე ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ წარუმატებლობა ცხოვრების ნაწილია და წარმატების მისაღწევად საჭიროა მუდმივი გარჯა. არასდროს რომ არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი. გარდა ამისა, ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ წარმოვადგენდი საქართველოს ევროპულ უნივერსიტეტებში და ვუტოლდებოდი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტუდენტს. შესაბამისად ვცდილობდი, რომ დამედო საუკეთესო შედეგი და მეჩვენებინა, რომ ქართველი სტუდენტიც შეიძლება შედიოდეს საუკეთესოთა რიცხვში. არასდროს მიფიქრია გავმხდარიყავი მსახიობი. ბავშვობაში ჩემზე უარყოფით რეაქცია იქონია გრძელმა ტექსტებმა, რომელიც მამას ზეპირად ჰქონდა სასწავლი და ძალიან ბევრ დროს უთმობდა. ამიტომ მე არასოდეს მდომებია რაიმეს ზეპირად სწავლა. მე დავასკვენი, რომ ძალიან მაინტერესებს ბიზნეს ადმინისტრირება და ამდენი მოგზაურობის წყალობით საკმაოდ კარგად მაქვს განვითარებული ინტერკულტურული კომპეტენცია. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ ივლისიდან ახალ სამსახურს ვიწყებ ქალაქ შტუტგარტში მდებარე ერთერთ ფირმაში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. ჩემი პასუხისმგებლობის ტერიტორია მოიცავს დანიას, ისლანდიას, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რაც საშუალებას მომცემს ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო.
ლევან ჩხიკვიშვილი:
- საქართველოში გატარებული ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის უკვე გერმანიაში წამიყვანეს... ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებდი. მართალია არდადეგები იყო, მაგრამ ჩემთან ქართულის პედაგოგი ყოველდღე მოდიოდა და მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას ვსწავლობდი. ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი, ახლაც ყურში ჩამესმის, მცხეთაში აგარაკზე როგორ ველოდებოდი ნაყინის გამყიდველის გამოჩენას, გაბედული ბავშვი ვიყავი, მცხეთაში დიდებთან ერთად მდინარეში თავით ვხტებოდი... არასოდეს ვუშვებ შანსს ხელიდან, საქართველოში ჩამოვიდე, სადაც სულ მელიან ნათესავები, მეგობრები... ვერც წარმომიდგენია თავი საქართველოს გარეშე
- ჩემი პროფესიის დასაუფლებლად სტუდენტობა სხვადასხვა ქვეყნებში გავატარე. ინსტიტუტი დავამთავრე ქალაქ გრონიგენში (ჰოლანდია). ვსწავლობდი ინტერნაციონალურ მენეჯმენტს. მაგისტრატურაც ამავე ქალაქში დავასრულე. ყოველთვის მაინტერესებდა უცხო ქვეყნების და მათი კულტურის გაცნობა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა სხვადასხვა ქვეყნებში მომიხდა, მათ შორის ჩემს სამშობლოში –საქართველოში. უკვე რამდენიმე თვეა ბერლინში გადავედი სამუშაოდ და საცხოვრებლად. ვმუშაობ ფირმაში Nigel frank, სადაც ბიზნესის და იტ-ის სექტორს ვაკავშირებ... ბერლინი ძალიან ინტერნაციონალური ქალაქია, სადაც ბევრ ქართველს შეხვდებით. ქალაქში ექვსი ქართული რესტორანია და ძალიან მიხარია, ჩემი სამეგობრო წრე უფრო და უფრო მეტი ქართველით რომ ივსება.
- რა თქმა უნდა ყოველთვის ძალიან მიხაროდა და მიხარია ხალხის ასეთი თბილი დამოკიდებულება ჩემი მშობლების მიმართ. თუმცა ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრებაში, მამის პოპულარობას და წარმატებას გადამწყვეტი როლი არ უთამაშია. Aასე ვერ ვიტყვი - ადვილი იყო თუ რთული, არც ადვილი იყო და არც რთული. ეს იყო ის, რომ მშობლების სახით, განსაკუთრებით მამის მოღვაწეობით ხელოვნებაში, საშუალება მოგვეცა სხვა სამყაროში შევსულიყავით და გაგვეცნო. ამან გაამდირა ჩვენი ცხოვრება, ფანტაზია... დღესაც აქტიურად დავდივართ მამის სპექტაკლებზე და არ ვტოვებთ უნახავს არცერთ მის ახალ ეკრანულ ნამუშევარს... თუმცა ვიმეორებ, რომ ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებასა და პროფესიულ წინსვლაში, მამის პოპულარობას ზეგავლენა არ მოუხდენია!
მანანა გაბრიჭიძე