"ისეთი არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, რომ მისით ასმაგად მელამაზება სვანეთი და მეიოლება თუნდაც დიდი ზამთარი, სიცივე თუ სვანეთის მკაცრი პირობები..." ეს წერილი ჩვენმა მკითხველმა სოფიო სუხიშვილმა მოგვწერა და გვიამბო, თუ როგორ გადასახლდა დედაქალაქიდან შორეულ სვანეთში და სწორედ იქ იპოვა ოჯახური ბედნიერება:
"მე და ჩემი მეუღლე, გოდერძი აფციაური, დავიბადეთ და გავიზარდეთ თბილისში. ერთმანეთი თბილისის ერთ-ერთ ტაძარში გავიცანით და 4 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება. მე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. სპეციალობით ფილოლოგი ვარ. მუდამ ოცნებად მქონდა სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სოფელში წასვლა და ჩემი ცოდნის რეალიზება. ჩემი მეუღლე პროფესიით ლოტბარია. დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებელი. ერთ-ერთ საღამოზე რუსთაველის თეატრში ბატონმა ივანე ჩხარტიშვილმა და ამ სასწავლებლის მოამაგემ და საოცარმა ლექტორმა, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადეს, წლევანდელი კურსდამთავრებულები წავლენ სოფლებში და იქ ასწავლიან ბავშვებს ქართულ სიმღერასა და გალობასო. ამაში მათ დაეხმარება და დააფინანსებს ფონდი ქართული გალობაო.
სიხარულით ცას ვეწიეთ. ეს ფონდი უამრავ სიკეთეს აკეთებს დღევანდელ ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. ასე გადანაწილდნენ გალობის სასწავლებლის ბიჭები სხვადასხვა კუთხეში მასწავლებლებად. ჩემი მეუღლე წარმოშობით მთიულია, თუმცა დედა სვანი ჰყავს და სვანეთში გაიზარდა. იცის თავისუფლად სვანური ენა და ცხოვრობს, როგორც ადგილობრივი მკვიდრები ცხოვრობენ.
ჩვენ ზემო სვანეთში, მესტიის რაიონ სოფელ ლატალში გოდერძის ბაბუის, სახელოვანი და გამორჩეული ვაჟკაცი კაცის, პედაგოგ შალვა კვანჭიანის სახლში დავსახლდით (ამ კაცის სახელი და ღვაწლი ფეხდაფეხ მოგყვება და გვინათებს გზას). გოდერძი ლატალსა და მესტიაში ასწავლის საგალობლებსა და სვანურ სიმღერებს, ასევე საკრავებზე დაკვრას. უკვე მეხუთე წელია აქ ვცხოვრობთ.
თავიდან ჩემს მშობლებს ძალიან ეშინოდათ ჩემი აქ წამოსვლის, მაგრამ როდესაც ნახეს, რა ბედნიერი ვარ ჩემი მეუღლის გვერდით, ასმაგად გაბედნიერდნენ. ყველაფრის მიუხედავად, იყო სირთულეები. გარემო, რომელსაც არ ვიყავი მიჩვეული... შრომა... თბილისისგან განსხვავებული პირობები... თუმცა ვთვლი, რომ თუ ადამიანი ბედნიერია, ის ყველანაირ პირობებს აიტანს. დღემდე აღფრთოვანებული ვარ აქაური ხალხით. ჩემი მეუღლის დედა, დეიდები, ოჯახი და ზოგადად მთელი მისი აქაური სანათესაო ჩემი სიამაყეა. იმდენად დიდ სითბოს ვგრძნობ მათგან, ვერ აღვწერ.
სვანეთი? სვანეთზე რა ვთქვა? ჩემი სიტყვების გარეშეც ზღაპარია. ულამაზესი ბუნებაა, რომელიც მეც და გოდერძის ფეხით გვაქვს შემოვლილი, თუმცა ადამიანი ალბათ ვერ იქნები ბედნიერი, თუ ბედნიერება შიგნიდან არ მოგდის. თუ თვითონ ოჯახი არაა ბედნიერი, სადაც არ უნდა წახვიდე, ვერ იპოვი სიმყუდროვესა და სიხარულს. მე ისეთი არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, რომ მისით ასმაგად მელამაზება სვანეთი და მეიოლება თუნდაც დიდი ზამთარი, სიცივე თუ სვანეთის მკაცრი პირობები. თუ ადამიანი ბედნიერებას ვერ ხედავს, საკუთარ თავსა და ოჯახში ის სოფლის ტალახსაც დაადანაშაულებს თავის უბედურებაში და გაუთავებელ ზამთარსაც. მაგრამ როდესაც სულიერად ხარ ბედნიერი, ამ ყოფით სირთულეებს ვერ ამჩნევ და ასმაგად გელამაზება ყველაფერი. სულ ვამბობ ხოლმე, მე რომ არ ვიყო ბრდნიერი, ალბათ ასე არ აღმაფრთოვანებდა მყინვარი უშბა. ულამაზესი უშგული... ცრემლები არ წამომივიდოდა მათი დანახვისას მუდამ და არ შემიყვარდებოდა ასე ძლიერ აქაურობა.
როდესაც ოჯახში სიმშვიდე და სიმყუდროვეა, ყველაფერს უფრო ლამაზად და ზუსტად აღიქვამ, უფრო გელამაზება. აქ ჩვენი ზღაპარი იწერება და ისე მიხარია, რომ ეს ზღაპარი არაა გამოგონილი, არამედ ნამდვილია, ყოველდღიური. გოდეს მოტანილი მთის, მინდვრის ყვავილებით და მისი ქცევებით სავსე ზღაპარია. მე პირადად არანაირი დაღლა და შრომა არ მეთაკილება და ვფიქრობ, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვა, ქალაქში მოიქცე ისე, როგორც საჭიროა და სოფელში ისე, როგორც სოფელს შეეფერება. თანაც ბედნიერებაა, თუნდაც სოფლის და საოჯახო საქმეებით დაიღალო საყვარელი ოჯახისთვის და ღმერთთან მართალი იყო, დღე ნაყოფიერად რომ გალიე. ბედნიერებაა ყველანაირი დაღლა ამქვეყნად, რასაც სიამოვნება და სარგებელი მოაქვს.
ძალიან მიხარია ისიც, რომ ხშირად მიწევს სკოლაში პედაგოგად მუშობა, როდესაც ჩემი პროფესიის განხრით შემცვლელი სჭირდებათ... ამ დროს მაქვს უშუალო კავშირი სვან, ულამაზეს ბავშვებთან, აქაურ ტკბილ პედაგოგებთან და ვხვდები, რომ ჩემს სწავლას უნივერსიტეტში ტყუილად არ ჩაუვლია...
თავიდან, აქ რომ ჩამოვედით, იყო რთული პერიოდები. ჩემი მეუღლე ყინვასა და თოვლში რეპეტიციებზე ფეხით დადიოდა სოფლიდან სოფელში, 3 წელი. გადაცემა "იმედის გმირებშიც" გადაიღეს... გოდერძით მუდამ აღფრთოვანებული ვარ. მას შეუძლია მთელი დღე აკეთოს საქმე, დაიღალოს, მოთიბოს, აკეთოს სოფლის მძიმე სამუშაო, მაგრამ არასდროს დაეზარება თავის მოსწავლეებთან წასვლა და საყვარელი საქმის კეთება...
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ აქ შეგვეძინა შვილი, გაბრიელი, და მეოთხე წელია ისიც აქ იზრდება. თბილისი არ იტაცებს, მისი სტიქია გაშლილი სივრცეები და მთებია. უშბა, კოშკები და ბოჩოლები - მისი სუსტი წერტილი. სვანურსაც სწავლობს ნელ-ნელა ბაღში და აქაურ ყველა ყვავილსა თუ ფოთოლს ეფერება. ბედნიერებაა, რომ ჩემი შვილი აქ იზრდება, აქაური ხალხის შრომას და მიწასთან მუშაობას უყურებს და მგონია, ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ჩვენგან, მშობლებისგან, რისი მიცემაც ამ პერიოდში შეგვიძლია. ეს წლები, ასე მგონია, მის ცხოვრებასა და ადამიანად ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას მოახდენს. ყველგან მამამისს დასდევს და ბაძავს. ეს მისთვის დიდი ბედნიერებაა.
სიმღერასაც სწავლობს ნელ-ნელა გაბრიელი და ოცნებად მაქვს, როდის იმღერებს ამ მთებისა და კოშკების ფონზე მამა-შვილი სვანურ სიმღერებს და დუვლიან სვანურ ფერხულს.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კითხვა და წერა ძალიან მიყვარს. სულ ვწერ, როდესაც მცალია, ამიტომ ამ ნაწერში ვერ გადამიწყვეტია, რომელი ერთი ჩემი ფიქრი ჩავატიო და უბრალოდ მინდა მეათასე მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს ჩემი ბედნიერებისთვის, ერთგულებისთვის, მართლაც ზღაპრული ბედნიერებისთვის, სადაც მუდამ მზე და დედოფალი ვარ მისთვის. ერთი წამითაც რომ არასდროს მინანია ამხელა გზაზე წამოსვლა და რომ ყოველდღე უფრო მეზრდება მისდამი სიყვარული. ყოველდღე უფრო და უფრო გაოცებული ვარ მისით და მისი სახით ვსწავლობ ადამიანობას, სიმშვიდეს, მადლს და უფალთან უფრო ახლოს ვარ სულიერადაც და ფიზიკურადაც, ამ ლამაზ მთებზე მოსიარულე...
მინდა ყველას ვუთხრა, რომ დააფასონ საკუთარი ბედნიერება. აღფრთოვანდნენ ბუნებით, წვრილმანებით... უხაროდეთ უბრალო მინდვრის ყვავილები, ახლოს იყვნენ მიწასთან, ბუნებასთან, ცასთან და ისინი იპოვიან სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას. მადლობა შენ, ჩემო მეუღლე, დაუშრეტელი ბედნიერებისათვის!"