როგორ იხსენებს დედა ცნობილ სპორტსმენს "ძალიან გაჭირვებული ცხოვრება გავიარეთ და ლევანი განსაკუთრებულად მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა. ოჯახზე ზრუნავდა და ბევრს შრომობდა ბაღში, ტყეში, შეშის მოსატანადაც კი დადიოდა... ჩემს მშობლებს ძროხები ჰყავდათ და 14 წლის ბავშვი მთაში ბალახს თიბავდა კაცებთან ერთად. რამდენიმე წელი ასე მოჰქონდა თივა, რომ არ გვეყიდა. თივის ფული არ გვქონდა..." - ლევან გორგოძის დედა - ნუნუ მარქარაშვილი ლევანის ბავშვობაზე და დღევანდელობაზე ვრცლად გვესაუბრა...
- როგორი ბუნების ბავშვი იყო ლევანი, ბიჭები ხომ ცელქები, მოუსვენრები არიან, რთული იყო მისი აღზრდა?
- სიმართლე, რომ გითხრათ არ იყო ძალიან რთული აღსაზრდელი ბავშვი. რასაც ვეუბნებოდი, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა ყველაფერს. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ბავშვი იყო. ოჯახის წევრების მიმართ ბავშვობიდანვე მზრუნველობას იჩენდა... ძალიან ცელქი არა, მაგრამ ღონიერი ბავშვი იყო და ეს ძალ-ღონე დადებითი მიზნებისკენ მივმართეთ.
- გაიხსენეთ, რა გზა გაიარა, სანამ ამ ყველაფერს მიაღწევდა, რა შრომა, რისი მოთმენა და რისი გადატანა უხდებოდა?
- ურთულესი გზა აქვს გავლილი. სპორტის ამ სახეობას ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფა ჭირდება. ამდენს ვიდრე მიაღწევდა, მანამდე ძალიან დიდი გზა გაიარა. ვარჯიში ბავშვობიდან დაიწყო, ჯერ კიდევ ძეგვში ცხოვრებისას. თან 90-იანი წლები იყო და კარგად მოგეხსენებათ, როგორი სიდუხჭირე იყო... იმდენად მონდოებული ბავშვი იყო, რომ სრულიად გადაუჭარბებლად გეტყვით, სპორტსმენად იყო დაბადებული. სოფელში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა... შემდეგ წამოიზარდა და გულახდილად გეტყვით, ჩემი დაჟინებული თხოვნით, სამედიცინო ტექნიკუმში ჩააბარა. მეც მედიცინის მუშაკი ვარ და ჩემი პროფესია იმ გაჭირვებულ პერიოდში ძალიან დამეხმარა ბავშვების გაზრდაში. ამიტომაც მსურდა, ლევანიც ექიმი გამხდარიყო... ლევანი ტექნიკუმში რომ სწავლობდა, პარალელურად დინამოს სტადიონზე დადიოდა და ვარჯიშობდა სამბოში. სერიოზული წარმატებები ჰქონდა... ტრანსპორტი ჭირდა, მაშინ 14-15 წლის ბიჭები უფრო ბავშვურები იყვნენ და მეც დავყვებოდი ვარჯიშზე რომ მიდიოდა. მეშინოდა მისი მარტო გაშვება იმ არეულ წლებში. ხშირად იყო კურიოზული სიტუაციები, ბევრს ჩემი ძმა ეგონა, იმდენად მაღალი და დიდი იყო.

- მკაცრი მშობლები იყავით?
- ალბათ ზომიერად... ბავშვებთან ყვირილი და ცემა-ტყეპა არ მახასიათებს. ვერასოდეს გაიხსენებენ შვილები ჩემს სიმკაცრეს.
- იქნებ გაიხსენოთ მისი საქციელი როცა ყველაზე მეტად გაბრაზდით ან შეშინდით... ისიც, როდის გაგახარათ ყველაზე მეტად...
- სიხარულით ძალიან განებივრებული ვარ ლევანისგან... ყველაზე დიდი სიხარული, რაც ამ წუთას გამახსენდა, გიამბობთ: თბილისობაზე იჭიდავა ქართულ ჭიდაობაში. ჩემს გვერდით პატარა ბიჭი იჯდა, რომელიც ლევანის მოწინააღმდეგეს გულშემატკივრობდა. მოწინააღმდეგე ბევრად დიდი იყო, მაგრამ ლევანი რადგან წონით და სიმაღლით დიდი იყო, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რა ასაკისას დაეჭიდებოდა... პატარა ბიჭი ყვიროდა - მიდი მამი, შენ იციო... გაოცებული ვუყურებდი, ბავშვი უკვე 5-6 წლის იყო და მამამისს ეჭიდავებოდა ლევანი ჯერ კიდევ პატარა ასაკში.
დაათვალიერეთ ფოტოსლაიდერი
როცა ლევანმა დამაჯერებლად მოუგო, მახსოვს, რა ძალიან დიდი სიხარული განვიცადე... რაც შეეხება შიშს, ლევანს ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა ნადირობა. მეგობრებთან, მათ მამებთან და პაპებთან ერთად დადიოდა სანადიროდ. ერთხელ ძალიან შეაგვიანდათ და ის შიში არასოდეს მავიწყდება. მოგეხსენებათ, ტყეში ტელეფონები ვერ იჭერდა და ღამის სამ საათზე გარეთ ვიდექი და ველოდებოდი, მათი მანქანა ტყიდან როდის გამოვიდოდა... აი გაბრაზება კი ლევანისგან არ მახსენდება. ერთადერთხელ პატარა რომ იყო, დაახლოებით 11 წლის, მეზობლის უფროსმა ბიჭმა სიგარეტი მოაწევინა. რომ გავიგე, ძალიან ავღელდი და იმის შემდეგ სულ ვამოწმებდი. ოღონდაც ვკოცნიდი და ისე ვხვდებოდი პირში სიგარეტის სუნი ხომ არ ჰქონდა.
- ბავშვობიდან ჰქონდა მებრძოლი ხასიათი?
- დიახ... ძალიან გაჭირვებული ცხოვრება გავიარეთ და ლევანი ძალიან მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა. ოჯახზე ზრუნავდა და ბევრს შრომობდა ბაღში, ტყეში, შეშის მოსატანადაც კი დადიოდა... ჩემს მშობლებს ძროხები ჰყავდათ და 14 წლის ბავშვი მთაში ბალახს თიბავდა კაცებთან ერთად. რამდენიმე წელი ასე მოჰქონდა თივა, რომ არ გვეყიდა. თივის ფული არ გვქონდა...
- როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი გავლენა ვინ ან რამ მოახდინა თქვენს შვილზე, რომ სწორედ ეს გზა აირჩია ცხოვრებაში?
- ალბათ მდგომარეობამ, რადგან ძალიან გვიჭირდა... იმ პერიოდში ძალიან მოდაში იყო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. მე ბებიაქალი ვარ, საშობიაროში ვმუშაობდი და შემოსავალი არაფერი არ იყო. ერთხელ ვთქვი, ხომ არ წავიდე-მეთქი და ლევანმა ძალიან მკაცრი სახით შემომხედა, დედა შენ არსად არ წახვალ, ჩვენ აქ უშენოდ მარტო როგორ უნდა ვიყოთო... მაშინ ჯერ კიდევ სულ მთლად ბავშვი იყო და თქვა, საზღვარგარეთ სამუშაოდ მე წავალო.. ამ სიდუხჭირემ დიდი გავლენა მოახდინა და ამასთანავე, თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, ისეთი პატრიოტული სულისკვეთებით გავზარდე, რომ სულ მსურდა თავი გამოეჩინა... ხშირად რომ ვიჯექი და ტრიბუნიდან ვგულშემატკივრობდი, სხვებიც ყვიროდნენ ჩემთან ერთად, მაგრამ ლევანს უთქვამს ხოლმე, დედა მხოლოდ შენი ხმა მესმისო...
- რა თქმა უნდა, ბედნიერი და ამაყი ხართ მისი წარმატებით, მაგრამ დედა მაინც სულ რაღაცზე ღელავს... თქვენ რაზე ღელავთ?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩემმა შვილმა რომ ასე წარმოაჩინა ჩვენი სამშობლო... თუმცა ყოველთვის ძალიან ვღელავ და ვნერვიულობ ამდენი ტრავმები რომ გამოიარა. სულ მეშინია, ისევ ტრამვა არ მიიღოს. კიდევ ის, რომ შვილი ასე შორსაა, ურთულესია! წელიწადში ერთხელ ახერხებს ჩამოსვლას და ინტერნეტი რომ არ არსებობდეს, ალბათ ცოცხალიც არ ვიქნებოდი.
- თავად როგორ მამაა, მის შვილს რომ შეადაროთ, რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ?
- თვითონ თავის შვილი ჯერ არც კი უნახავს. სულ ინტერნეტით ეკონტაქტება და ბავშვიც თითქოს უკვე იმპულსებით შეიგრძნობს, რომ ყველაზე ახლობელია. გამორჩეულად ყურადღებიანი მამაა და მისთვის ურთულესია მისი ასეთი მდგომარეობა. რამდენჯერ უტირია შვილის მონატრებით. წარმოიდგინეთ, ბავშვი 7 თვის ხდება და ჯერ ხელში არ აუვანია.
ლევან გორგაძის მეუღლე და შვილი
- ჩვენთვის საკმაოდ უცხოა სუმო, ახლა და ახლა ეცნობა ჩვენი საზოგადოება. თქვენ რამდენად მიეჩვიეთ ამ სპორტის სახეობას და იმას, რომ თქვენი ვაჟი სუმოისტია?
- მართალი გითხრათ, თავიდან ძალიან გამიკვირდა მისი გადაწყვეტილება სუმოსთან დაკავშირებით. ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა ამ სპორტის შესახებ. ახლა ძალიან გაცნობიერებული ვარ და ვიცი, რამდენად დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას უკავშირდება ეს სპორტი. ლევანს ხშირად უთქვამს, მოწინააღმდეს თვალებში რომ ჩავხედავ, წინასწარ ვიცი, რა შედეგს დავდებო. ძალიან საინტერესო სპორტია! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ტრადიციას, ისტორიას, კულტურას და ეს მომწონს ამ სპორტში, იაპონელი ხალხი რომ ტავის ტრადიციას და კულტურას ასე ლამაზად ინახავს სპორტის ამ სახეობით... უკვე 13 წელია ლევანი ამ სპორტს მისდევს და ჩემთვის ალბათ უკვე აღარ არის უცხო. ამ სპორტში ვლინდება ადმიანის მებრძოლი სული. ჩემი ლევანი მებრძოლი სულის არის და ბევრჯერ დაიმსახურა ამ სახელწოდების პრიზი.
- დღეს სამწუხაროდ იღბალი მის მხარეს არ იყო... ესაუბრეთ?
- დღეს სამწუხაროდ დამარცხდა, ვიცი რომ ცუდ ხასიათზე იქნება და ცოტა მოგვიანებით დავურეკავ და გავამხნევებ...თვითონაც იცის, დღევანდელი დღე რომ გადამწყვეტი არ იყო. მტკივნეულია მისთვის მოგებათა სერია რომ თითქოს შეწყდა და მეც ძალიან განვიცადე. თუმცა მჯერა, რომ ფორტუნა ხვალ ჩვენს მხარეს იქნება და აუცილებლად მოიგებს!
დაათვალიერეთ ლევანის სამოსი, რომელიც დოჰიოზე აცვია
გაზეთი "ლელო" ძეგვში, ტოჩინოშინის მამის ოჯახს ესტუმრა.
მოუსმინეთ ლევანის მამას, რომელიც შვილზე საუბრობს.
"ის მარტო ჩემი შვილი არ არის, ის ჩვენი საქართველოს შვილია" - ტოჩინოშინის ოჯახის წევრები ქართველი გოლიათის ბავშვობასა და იაპონურ ცხოვრებაზე გვიყვებიან
მანანა გაბრიჭიძე