"დედამთილ-მამამთილმა ძალიან თბილად მიმიღო" ახლახან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქორწილი საქართველოშიც დიდი განხილვის თემა იყო. სულ მალე კი ნამდვილი ქართული სამეფო ქორწილი გველის.
ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი და მისი რჩეული, ცნობილი მოდელი, ქრისტინე ძიძიგური, აწ უკვე ქრისტინე ბაგრატიონი, ხვალ სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვარს დაიწერენ. შემდეგ კი სტუმრებს საზეიმო ვახშამზე მცხეთაში, შატო მუხრანში უმასპინძლებენ.
ჯვრისწერის წინა საღამოს შატო მუხრანში გალა საღამო გაიმართა. სამეფო წყვილმა სტუმრები წითელ ხალიჩაზე მიიღო. პრინცესა ქრისტინე კი წითელ კაბაში მართლაც თვალისმომჭრელი გახლდათ.
ქრისტინე ბაგრატიონი გალა საღამოს დაწყებამდე
ქრისტინე დიდგვაროვან სტუმრებთან ერთად
იხილეთ ვიდეო "მზადება ქორწილისთვის"
Video მზადება ქრისტინესა და იოანეს ქორწილისთვის
ქართველი პრინცი და ცნობილი მოდელი ოთხი წელია ერთად არიან. სამოქალაქო ქორწილი მათ ესპანეთში ქალაქ რონდაში გადაიხადეს. მაშინ წყვილმა ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები რონდას ვილაზე შეკრიბა.
ქრისტინე ძიძიგურს ხელისმომკიდედ მისი ფრანგი მეგობარი სენდი ტრებუილი ჰყავდა. ხუანმა ხელისმომკიდედ ბავშვობის მეგობარი მადრიდიდან გონფალო სალგადო ასენსიო აირჩია.
ქორწილში პატარძალს კრისტიან დიორის თეთრი კაბა, ხოლო ხუანს არმანის სამეული ეცვა.
წყვილი სამოქალაქო ქორწინების ცერემონიაზე
წყვილი რონდაში გამართულ ცერემონიაზე სტუმრებთან ერთად
ქრისტინე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებდა პრინცთან შეხვედრას:
"პარიზში ვიყავი, როდესაც თბილისიდან ჩემი და იოანეს საერთო მეგობარმა დამირეკა. ჩვენი პირველი კონტაქტი ტელეფონით შედგა. თვე-ნახევრის შემდეგ თვითონ მომწერა და მითხრა, რომ საქართველოში იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. შემდეგ კი ბელგიის დელეგაციას მასპინძლობდა. მე მეორე დღეს მოვდიოდი საქართველოში ჩემი ოჯახის სანახავად, მხოლოდ ერთი კვირით. როცა თბილისში ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ იოანე სწორედ იმ ქუჩაზე იყო სასტუმროში დაბინავებული, სადაც მე ვცხოვრობდი – ზუსტად ჩემი სახლის გვერდით, ძველ თბილისში. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მან არ იცოდა ჩემი მისამართი. მაშინ იოანემ ვახშამზე დამპატიჟა, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. იმ დღის შემდეგ მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, თუმცა ძალიან მალე მეგობრობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და რამდენიმე თვეში ვიქორწინეთ", - ამბობს პრინცესა.
ქრისტინე დის ქორწილში - ძმასა და მეუღლესთან ერთად
პრინცი ხუანი ძირითადად, ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული და სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტები ხშირად აქვს. თუმცა წყვილი, ძირითადად, საქართველოში ცხოვრობს. "როდესაც ხარ ბაგრატიონი, სად უნდა იცხოვრო და იმოღვაწეო, თუ არა აქ, სამშობლოში?! ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დავიბადე. ჩემი ბავშვობაც ისეთივე იყო, როგორიც ყველა სხვა ბავშვის. ის წლები ძალიან ბედნიერად მახსენდება. დედასთან და მამასთან ერთად ვიზრდებოდი. მჭიდრო ურთიერთობა მქონდა ჩემს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. 12 წლამდე ვცხოვრობდი ჩემს ოჯახთან ერთად. შემდეგ მშობლებმა შვეიცარიაში სკოლა "ბო სოლეიში" გამიშვეს სასწავლებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე მადრიდის ამერიკულ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და კომუნიკაციების ფაკულტეტზე. საქართველოში პირველად ჩამოსვლის შესაძლებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საზღვრების გახსნის შემდეგ მოგვეცა" - იხსენებს ხუან ბაგრატიონი.
ქრისტინეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სამეფო ოჯახმა ძალიან თბილად მიიღო და პატივს სცემენ მათ ერთობას.
"იოანეს ოჯახში, როგორც ქართული, ასევე ესპანური ტრადიციებიდან გამომდინარე, ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ყველა ტრადიციას იცავენ და ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ხშირად აწყობენ ოჯახურ შეკრებებს და ერთად აღნიშნავენ დღესასწაულებს. ოჯახურ შეკრებებზე ოთხი თაობა ერთად იყრის თავს" - ამბობს ქრისტინე ბაგრატიონი.
ცნობისათვის, ხუან (იოანე) ბაგრატიონ-მუხრანელი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ბიძაშვილია და მუხრანელების შტოდან მესამე პრეტენდენტია სამეფო ტახტის. პირველი პრეტენდენტი, როგორც იცით ანა ბაგრატიონ-ბაგრატიონის და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი გიორგია.