პარიზელმა და ქართველმა მამაოებმა დაწერეს ჯვარი... გუშინ ყაზბეგში სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ულამაზესი ქორწილი გაიმართა, რომელსაც უამრავი ფრანგი სტუმარი და ცნობილი ქართველები ესწრებოდა...
ქალბატონმა სალომემ ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაავრცელა. ასევე გაასაჯაროვა ქორწილის ფოტოები ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ – ეკა ჭიჭინაძემ. იგი ქორწილით გამოწვეულ აღფრთოვანებას გამოხატავდა... თავისი შთაბეჭდილება ჩვენც გაგვზიარა:
- ქორწილი იყო ძალიან ლამაზი და მხიარული, ქართული წესებით. ფრანგები აღფრთოვანებული იყვნენ საქარათველოს ბუნებით და ძალიან მოეწონათ ქართული ტრადიციები! ჩოხები ძალიან უხდებოდათ!… სალომე ძალიან ბედნიერი და გახარებულია! პატარძალი – კონსტანსა – ფრანგი ფრანგია, – ასე ეძახდა ნამდვილ ფრანგებს ხუმრობით სალომეს დედა ქალბატონი – ზეინაბ კეიდია... წყვილმა ჯვარი ყაზბეგში, გერგეტზე დაიწერა. პარიზელმა და ქართველმა მამაოებმა დაწერეს ჯვარი...
როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომეს შვილები - ქალ-ვაჟი, ქეთევან და თემურ გურჯისტანები, საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში... ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად.
"მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მანანა გაბრიჭიძე