"დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვფიქრობდე, რომ ოჯახის შექმნა ადრე იყო" მომხიბვლელი დეპუტატი – ნინო წილოსანი სამი შვილის დედაა... თუ როგორ უთავსებს იგი წარმატებულ საქმიანობას და სამი შვილისთვის სრულფასოვან დედობას, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...
- ოჯახი სიყვარულით შევქმენი... დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვფიქრობდე, რომ ოჯახის შექმნა ადრე იყო, რადგან მხოლოდ19 წლის ვიყავი. თუმცა ალბათ ყველაფერი ბედია და როცა დგება მომენტი, წინააღმდეგობას ვეღარ უწევ...
- სამი შვილი გყავთ... დღეს როგორ იხსენებთ იმ ემოციას, როცა პირველად გახდით დედა?
- ამ ცხოვრებაში არ ვიცი, უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი რა უნდა შევქმნა, ვიდრე ჩემი სამი შვილია. ჩემთვის თითოეული მათგანის დაბადების წუთი განსაკუთრებულია... თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ასაკს თავისებური დამოკიდებულება ახლავს შვილებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შვილი უდიდესი სიხარული იყო, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სრული სიღრმით ვერ გავითავისე და უფრო მეტად ბავშვურად ვუყურებდი ყველაფერს.
ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემს სამ შვილს იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენიც საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ხარისხიანი დედა ვარ... იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც მათთან ვატარებ, მაქსიმალურად ვცდილობ, მივცე ის ემოცია და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც დედისგან უნდა ჰქონდეთ შვილებს.
- შვილების გამო რა მსხვერპლი გაიღეთ, თუ თქვით მათ გამო რამეზე უარი?
- თავისთავად, მშობლებს, განსაკუთრებითკი - დედებს, გვიწევს გარკვეული თავგანწირვა... საქართველოში დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და შემდეგ მაგისტრატურა. რადგან ოჯახი მქონდა, ვერ მოვახერხე საზღვარგარეთ წასვლა და ალტერნატიული საშუალება მოვიფიქრე: დისტანციურად ვსწავლობდი ოქსფორდის უნივერსიტეტში, რაც გარკვეულწილად უფრო რთულია, ვიდრე ადგილზე განათლების მიღება. თუმცა ეს დისკომფორტი არაფრად მიმაჩნია იმ ღირსებასთან შედარებით, რასაც სამი შვილის დედობა ნიშნავს.
- გაგვაცანით თქვენი შვილები...
- სამი შვილი მყავს, სამივე უნიკალური და საინტერესო ადამიანია. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან. ეს კი დიდი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს ჩემგან, რადგან თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, როგორც ყველა ბავშვს.
უფროსივაჟი 15 წლისაა, სკოლაში სწავლობს და ძალიან გვსიამოვნებს ერთმანეთთან ურთიერთობა. ისეთ ასაკშია, როდესაც ჩემი შეხედულებები აინტერესებს, მათ შორის -პოლიტიკურ საკითხებზე. განსაკუთრებულად ვმეგობრობთ, როგორც ზრდასრული ადამიანები...
მომდევნო ვაჟი 12 წლისაა და უკვე სერიოზული კალათბურთელია. ახლაც ლატვიაშია თამაშებზე. ძალიან მიზანდასახული ბავშვია, რაც განსაკუთრებულად გვახარებს... თუმცა თავისი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ზოგჯერ შეიძლება არც მიიღოს ჩემი რჩევები და მასთან ურთიერთობაში განსაკუთრებულად ფრთხილად ვარ. ყოველთვის იცის, რა უნდა და, შესაბამისად, მეც ფაქიზად ვეპყრობი მის არჩევანს... მესამე გოგონაა - მარიამი 7 წლის გახდება 28 აგვისტოს. იგი ჩვენი ოჯახის განსაკუთრებული წევრია - როგორც პატარა და თანაც, როგორც გოგო ჩვენი ოჯახის სამი მამაკაცის გამორჩეული ყურადღების ქვეშ არის. დედისთვისკი სხვა ემოცია აქვს -შენნაირია, უფრო მეტად აინტერესებს შენი ჩაცმულობა, შენი ქალური საქმიანობა და სხვანაირად ვმეგობრობთ ერთმანეთთან.
- სამი შვილი, წარმატებული ქალბატონი... ამ ყველაფერთან ერთად როგორ ახერხებთ, ყოველთვის ფორმაში იყოთ და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ?
- ყველანაირი წარმატების პირობა მიზანდასახულობა და, გარკვეულწილად, პრიორიტეტების სწორად დალაგებაა... თუ საკუთარ ჯანმრთელობას, ესთეტიკურ მხარეს და ვიზუალს მნიშვნელობას ანიჭებ, აუცილებლად ყველაფერს მოახერხებ... დილით ადრე, ბავშვებთან ერთად ვდგები. მიმყავს სკოლაში, რომელიც ლისის ქუჩაზეა. მას შემდეგ, რაც ბავშვებს სკოლაში დავტოვებ, ლისის ტბაზე ერთი საათის მანძილზე ვვარჯიშობ. ამას ყოველდღე თუ ვერა, ყოველ მეორე დღეს ვახერხებ. სპორტის წყალობით გაცილებით ადვილია ფორმის შენარჩუნება.
- დიეტას არ იცავთ?
- ჩემი სპეციფიკური კვების რეჟიმი მაქვს... მეხუთე წელია, რაც ხორცზე უარი ვთქვი და თევზეულით ჩავანაცვლე... ვერ გეტყვით, რომ თევზი დიდად მიყვარს, აუცილებელი მინერალების და ვიტამინების გამო ვღებულობ. დანარჩენი ჩემი საკვები ხილი და ბოსტნეულია.
- პოლიტიკოსის ცხოვრებაში ხშირია დაძაბული და უსიამოვნო მომენტები... რამდენად უარყოფითად მოქმედებს თქვენს შვილებზე თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა?
- ჩემმა სამივე შვილმა პირველი სერიოზული გამოცდა მაშინ ჩააბარა, როდესაც არჩევნების პერიოდი იყო... ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში სრულიად მოწყვეტილი ვიყავი ოჯახს, თან მანამდე მსგავსი რამ პრაქტიკაში არ გვქონია. ჩემთვის აღმოჩენა იყო ჩემი შვილების სოლიდარობა. ერთხელაც არ დაუწუწუნიათ და ძალიან დიდი გაგებით ეკიდებოდნენ ამ ყველაფერს. პირიქით, მგულშემატკივრობდნენ კიდეც და თბილისიდან გამამხნევებელ მესიჯებს მიგზავნიდნენ. ეს ჩემთვის უზარმაზარი სტიმული იყო. მას შემდეგ კიდევ ბევრი გადავიტანეთ ერთად... მოგეხსენებათ, საჯარო პირისთვის ძალიან ბევრი დისკომფორტია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. საზოგადოებაში დიდი აგრესიაა დაგროვილი და შესაბამისად ზოგჯერ ვხდებით ხოლმე ბულინგის მსხვერპლი. ჩემ მიმართაც იყო ასეთი სერიოზული ფაქტი გარკვეული ჯგუფის მხრიდან. მაშინ ყველაზე მეტად ჩემი 15 წლის ვაჟის რეაქციის მეშინოდა, რომელიც თვალ-ყურს ადევნებდა. ბიჭები კიდევ უფრო მგრძნობიარედ რეაგირებენ აგრესიაზე. საბედნიეროდ, გაუძლო, წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა და ყველაფერს გაგებით მოეკიდა.
ოჯახში ჩვენ ყველას გათავისებული გვაქვს ერთი რამ: თითოეულს თავისი საქმიანობა აქვს და თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რასაც დანარჩენები პატივს ვცემთ! სწორედ ამიტომ ჩემს ყველა ნაბიჯს ადეკვატურად აფასებენ და პატივს სცემენ .ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა!
- როგორი მომავალი გსურთ თქვენი შვილებისთვის... საქართველოში რომ აიწყონ კარიერა თუ საზღვარგარეთ?
- უპირველეს ყოვლისა, როგორც ყველა მშობელს, მეც მსურს, ჩემი შვილები უსაფრთხო გარემოში იზრდებოდნენ და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ჰქონდეთ... რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, სრულფასოვანი განათლება მიიღონ და არაფერს არ დავიშურებ ამისთვის. თუკი ჩემი შვილები უცხოეთში მიიღებენ განათლებას, საქართველოში აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. უცხოეთში განათლება მიღებულმა ყველა ადამიანმა საქართველორომ დატოვოს ან თავის დროზე ასე რომ მოქცეულიყვნენ, ჩვენი ქვეყანა დღემდე ვერ მოვიდოდა... ათასი მაგალითი გვაქვს, როგორ აძლიერებდნენ განათლებული ადამიანები ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც ზეპირი მოლაპარაკება მაქვს სამივე შვილთან და განსაკუთრებით, უფროს ვაჟთან. იგი ზოგჯერ ამბობს, რომ შეიძლება საზღვარგარეთ დარჩენის სურვილი გაუჩნდეს, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები!
მანანა გაბრიჭიძე