"ხარისხის არხის" წამყვანი დავით გიორგობიანი მკვეთრი და საკმაოდ უჩვეულო განცხადებება-შეგონებებით რა ხანია "ხარისხის არხის" წამყვანი დავით გიორგობიანი მკვეთრი და საკმაოდ უჩვეულო განცხადებება-შეგონებებით რა ხანია იქცევს საზოგადოების ყურადღებას.
ბევრისთვის უცნობია, რომ დავით გიორგობიანი წლების წინ მსახიობი იყო. "ქართლოსიანთა საკურთხეველი", "დიმიტრი II", "წიგნი ფიცისა", "მონანიება" და "ვამეხი მოდის". ყველაზე მეტად მაინც "მონანიებაში" შესრულებული როლით დაამახსოვრდა მაშინდელ მაყურებელს. შემდეგ წლები მოსკოვში ცხოვრობდა, იღებდა დოკუმენტურ ფილმებს მართლმადიდებლური სასწაულების შესახებ, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი საქართველოში ცხოვრობს და მეგობრის - გიორგი ასათიანის არხზე მასთან ერთად მიჰყავს სკანდალური გადაცემა.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ჟურნალ "გზისთვის" წლების წინ მიცემული ინტერვიუდან:
"5 წლის ვიყავი, როცა დედამ გიტარაზე დაკვრა მასწავლა და ისე კარგად გამომდიოდა, მგონი, ბავშვობაში ესტრადაზე რომ მეფიქრა, კიდეც მივაღწევდი რამეს (იცინის). პირველ კლასში მუსიკალურ სკოლაში წამიყვანეს, გამოცდა ფორტეპიანოზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ იქ ცნობილმა ვიოლონჩელისტმა - ილარიონ ჭეიშვილმა რომ მნახა, ჩემი სმენა, თითები მოეწონა და, - მოწაფედ უნდა ავიყვანო და ჩემებურად აღვზარდოო, -თქვა. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ვიოლონჩელო და დავთანხმდი. 3 წელი "მახერხინეს" ვიოლონჩელო და ვერ "გადავხერხე" - არ იყო ეს ჩემი მოწოდება. მძიმე ინსტრუმენტს ძლივს დავათრევდი "ნიჭიერთა ათწლედიდან" მთაწმინდამდე, ჩემს სახლამდე, თან - 300 წლის, ანტიკვარული საკრავი იყო და მაფრთხილებდნენ, არ უნდა გაგიტყდესო. ბოლოს ჩემს ბიძაშვილს შემთხვევით შემოატყდა, როცა ვჭიდაობდით და მეც მეშველა... შემდეგ, უკვე თვითონ ვისწავლე ფორტეპიანოზე დაკვრა და დღემდე, რაც გამიხარდება, სმენით ვუკრავ".
"VI კლასში რომ ვსწავლობდი, მეზობელმა გოგონამ მთხოვა, მაშინდელ პიონერთა სასახლეში მოქმედ დრამატულ წრეში ჩასაწერად წავყოლოდი. როცა გაგვსინჯეს, ის დაიწუნეს, მე კი მიმიღეს. ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, გზაში სულ ბოდიშს ვუხდიდი... პირველივე სპექტაკლში - "დაბადება" - მთავარი როლი მომცეს. მასში აკაკი ხიდაშელიც მონაწილეობდა. მოკლედ, ძალიან "გამიტკბა" ეს მთავარი როლები და მსახიობობა მომეწონა. შემდეგ, არტოს ბაღში გადავედით, სადაც დავდგით - "ძვირფასი ბიჭუნა", "ფიფქია და 7 ჯუჯა" და ბევრი სხვა საბავშვო სპექტაკლი. თეატრალურ ინსტიტუტში პირველ წელს არ მიმიღეს, ამიტომ, მარჯანიშვილის თეატრში სცენის მუშად დავიწყე მუშაობა, რომ სტაჟი დამეგროვებინა. მასობრივ სცენებშიც ვმონაწილეობდი. მერე ვასო გოძიაშვილს დავუმეგობრდი და მან მომამზადა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, თავისი სიმღერაც შემასწავლა - "წმინდა სამრეკლო" და თვითონაც ძალიან სიამოვნებდა, კარგად რომ ვმღეროდი. არ დამავიწყდება, როგორ გალანძღა ტელეფონით ის ადამიანი, ვინც თეატრალურში არ მიმიღო... მეორე წელს, უკვე სტაჟიც მქონდა, კარგადაც გამოვედი და მიმიღეს".
"რუსთავის თეატრში 8 წელი ვიმუშავე. მერე კი საერთოდ მივატოვე თეატრი. ამ დროის განმავლობაში ბევრი მთავარი როლი მქონდა, ერთ-ერთი - ყივჩაღის როლი, ოთარ მეღვინეთუხუცესმა ძალიან დადებითად შემიფასა და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. რუსთავის თეატრის შემდეგ ძირითადად, კინოში ვმუშაობდი.
პირველი ფილმი იყო "სახლი ლესნაიაზე", რომელსაც მოსკოვში 1980 წლის ოლიმპიადის დროს ვიღებდით. მაინც ვფიქრობ, რომ ფილმებში ჩემი უნარის ადეკვატურად არა ვარ გამოყენებული... საერთოდ, კინოში სერიოზული მუშაობა და აქტიორული გარდასახვა არასდროს მხიბლავდა, ძალიან ბუნებრივი ვიყავი. ტექსტის პირველივე კითხვისას ისე ვთამაშობდი, როგორც პრემიერაზე. ეს ნიჭი მქონდა; ამას ქართული სიზარმაცე ემატებოდა და დიდად არ ვიწუხებდი თავს... სამწუხაროდ, ახლა საქართველოში კინოინდუსტრია სათანადო დონეზე არ დგას. ახალი სიტყვა უნდა ითქვას და ცოტა მეტი სულიერება უნდა შეიტანონ მხატვრულ ფილმებში. თუკი ერები, რომლებსაც ჩვენ "მწვალებლებად" მივიჩნევთ, რელიგიურ ფილმებს იღებენ, ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა?! რად გვინდა ქართულ ფილმში ის ძალმომრეობა და მრუშობა, რომელსაც დღეს სხვა ქვეყნები ისედაც გვაწვდიან ტელევიზიისთვის?! იმიტომაც ვერ ვიღებთ კარგ კინოს.
როცა ნელ-ნელა თეატრსა და კინოსთან დაკავშირებით ფაქტების გადაფასებას მივყავი ხელი, მივხვდი, რომ ხელოვნება მიზნად ისახავს ადამიანებისთვის სიკეთის მოტანას, მათი სულის ამაღლებას, მაგრამ ხშირად, პირიქით ხდებოდა და ამან დამაფიქრა. ამის გამო წამოვედი და გადავწყვიტე, რწმენაში განვმტკიცებულიყავი და უფრო ღრმად ჩავწვდომოდი რაღაც-რაღაცებს. საზოგადოებაში ბევრი სიცრუე და სიმართლის "მტრობაა", რამაც ჩემში პროტესტი გამოიწვია... რამდენიმე წელი ეკლესია-მონასტრებში ვიარე და მართლმადიდებლური ცოდნა დავაგროვე. როგორც ჩანს, მაინცდამაინც კინომსახიობად არ ვყავდი გაჩენილი უფალს. იმ "ნიჭებს", რომელიც მომადლებული მაქვს და იმას, რაც ვისწავლე, დღეს უფრო მეტად, უფლის სადიდებელი საქმისთვის ვიყენებ. სანამ ნამდვილი ქრისტიანი, მართლმადიდებლები არ გავხდებით საქმით, მანამდე არაფერი გვეშველება. ერთმანეთის შურით, მტრობითა და გაუტანლობით კი არ უნდა ვიყოთ მაგრები, არამედ სიკეთის კეთებითა და რწმენით. ყველა, პრეზიდენტი, მეფე, პატრიარქი ხომ ვერ იქნება?! რასაც აკეთებ, იმ საქმეში იყავი კარგი".