თუ რა პროფესიები აირჩიეს წლის წარმატებულმა აბიტურიენტებმა და როგორ მიაღწიეს სასურველ შედეგს ამის შესახებ თავად გვიყვებიან:
ვიოლეტა შაქარიშვილი:
- ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. სამწუხაროდ, სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, თუმცა ამან სამომავლოდ სტიმული მომცა და აბიტურიენტობისას მეტად დავიხარჯე. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე სამართალზე. სკოლა, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს განათლებისა და ცოდნის მიღებაში, გვყავდა საამაყო მასწავლებლები, სწორედ მათ მასწავლეს შრომისმოყვარეობა, მაგრამ ვფიქრობ, იმისათვის, რომ გამოცდებზე კარგ შედეგებს მიაღწიო, სასკოლო განათლება არ არის საკმარისი. აქვე ვაღიარებ იმასაც, რომ ბევრი რამ თავად აბიტურიენტზეა დამოკიდებული. არ დაგიმალავთ და ველოდი, რომ დაფინანსებას მოვიპოვებდი, თუმცა მიუხედავად მოლოდინისა, მაინც აღტაცებითა და დიდი სიხარულით შევხვდი ამ ამბავს. ბავშვობიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი იურისტი, ამავდროულად რაღაც კონკრეტულმა გარემოებებმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. არის რაღაცები, რასაც შევცვლიდი. განსაკუთრებით ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ.
ნინი შაქარიშვილი:
- არქიტექტურულზე ჩავაბარე 100%-იანი დაფინანსებით. აბიტურიენტობისას რამდენჯერმე შევიცვალე გადაწყვეტილება, თავიდან სამედიცინოზე ვაბარებდი, შემდეგ ბიზნესადმინისტრირებაზე, საბოლოდ ხატვის სიყვარულმა მძლია და ამიტომ არქიტექტურა ავირჩიე. ვფქირობ, რომ ამ პროფესიაში თავს კომფორტულად ვიგრძნობ. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და მოლოდინი მქონდა, რომ გამოცდებზე კარგ შედეგებს მივიღებდი. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა, თუმცა მე-12 კლასში მაინც დამჭირდა რეპეტიტორებთან სიარული. ზოგადი უნარები ისეთი რამეა, სკოლის განათლებით ვერ გახვალ ფონს. უცხო ენასა და უნარებში ქობულეთში ვმეცადინეობდით, დანარჩენ ორ საგანს - სკოლის მასწავლებლებთან. მინდა ისიც ვთქვა, რომ კლასში 19 ვსწავლობდით და უმრავლესობამ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი წელს არ გასულა გამოცდებზე, ეს სკოლისთვის ძალიან კარგი შედეგია.
ნია შაქარიშვილი:
- ბავშვობიდან მინდოდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე გამეგრძელებინა სწავლა და ამიტომ ჩავაბარე. მინდა ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა საერთაშორისო დონეზე. რაც შეეხება გამოცდების შედეგებს, არ გამკვირვებია. მთელი 12 წელი კარგად ვსწავლობდი. ჩემი მშობლები მუდმივად ზრუნავდნენ იმაზე, რო მესწავლა, უწყვეტად ვმეცადინეობდი ინგლისურში, დავდიოდი ასევე მათემატიკაზე, თუმცა ეროვნული გამოცდებისთვის ბოლო წელს მოვემზადე. ჩვენს სკოლას ნამდვილად საამაყო მასწავლებლები ჰყავს, ისინი არა მხოლოდ განათლების მიღებაზე ზრუნავენ, არამედ ცდილობენ მოსწავლეები პიროვნებებად ჩამოაყალიბონ. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს დოდო ხახუტაიშვილს ჩვენ მიმართ გაწეული შრომისთვის.
რუსკა კილასონია