თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ბავშვებსა და წიგნებს მეგობრობა ცოტა უჭირთ. დამეგობრების პროცესში კი მნიშვნელოვანია როგორც ოჯახის, ისე სკოლის სწორი ჩართულობა. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ბავშვებსა და წიგნებს მეგობრობა ცოტა უჭირთ. დამეგობრების პროცესში კი მნიშვნელოვანია როგორც ოჯახის, ისე სკოლის სწორი ჩართულობა. თუმცა დიდი როლი აკისრია გამომცემლობებსაც, რომლებმაც მოზარდებისთვის საჭირო და საინტერესო წიგნები უნდა გამოსცენ. წიგნები, რომლებიც მათ კითხვას შეაყვარებს და დიდ ლიტერატურამდე მარტივად მიიყვანს.
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" წიგნების ახალი მიმართულება "კლასიკოსები ბავშვებისთვის" სწორედ ამ მიზანს ემსახურება. წიგნების სერია, ლევ ტოლსტოის, ვირჯინია ვულფის, ჯეკ ლონდონის, ალექსანდრე დიუმას, უილიამ ფოლკნერის და სხვა კლასიკოს ავტორთა იმ წიგნებს გააერთიანებს, რომელიც მათ ბავშვებისთვის დაწერეს. "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ნათია ზაქრაძის განმარტებით, ისინი მუდამ ფიქრობენ გზებსა და საშუალებებზე, რომლებიც მოზარდებს კითხვას შეაყვარებს. კლასიკოსების საბავშვო ნაწარმოებების გამოცემა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სერიის ფარგლებში გამოიცემა კლასიკოსთა საბავშვო თხზულებები, რომელთა უმეტესობაც ამ დრომდე ქართულ ენაზე თარგმნილი არ იყო.
"ჩვენ გვჯერა რომ წიგნთან სწორად დაწყებული ურთიერთობა შემდგომ უკვე მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ, საბავშვო ლიტერატურა ჩვენი გამომცემლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მუდმივ ძიებაში ვართ, ვიპოვოთ გზები, რომელიც ბავშვობიდანვე დააახლოვებს მათ წიგნთებთან, შეაყვარებს კითხვას. ამ ძიების პროცესში კი აღმოვაჩინეთ, დიდი ამერიკელი მწერლის, უილიამ ფოკლნერს საბავშვო ნაწარმოებები. ასე მივყევით და უკვე მიზანმიმართულად მოვძებნეთ, რომელი ავტორები წერდნენ ბავშვებისთვის. ეს იქნება საინტერესო აღმოჩენა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდი სიამოვნება ყველა კლასიკის მოყვარული მკითხველისთვის. მშობლებისთვის კი გზა, რომ ბავშვებს წიგნთან ურთიერთობა კლასიკით დააწყებინონ. ეს არ არის ვრცელტანიანი ნაწარმოებების შემოკლებული ან ადაპტირებული ვარიანტი. ეს არის ნამდვილად განსაკუთრებული სერია, ორიგინალური ტექსტები, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვის დაიწერა. - განმარტავს ნათია ზაქრაძე.
სერიაში სულ 12 წიგნია გაერთიანებული. პირველი კი ლევ ტოლსტოის მოთხრობებია, რომელიც 19 ნოემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა. მოთხრობები ქართულად საბავშვო ავტორმა თამრი ფხაკაძემ თარგმნა. ფხაკაძემ ცოტა ხნის წინ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიიღო საუკეთესო საბავშვო პროზის ნომინაციაში. დეკემბერში კი წინასაახალწლოდ გამოვა ტოლკინის "შობის პაპის წერილები", რომელიც ტოლკინის ცნობილმა მთარგმნელმა, ნიკა სამუშიამ თარგმნა. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ეს წიგნი ავტორისეული ილუსტრაციებითაა გაფორმებული. პარალელურად, სერიის წიგნებისთვის უნიკალურ და საინტერესო ილუსტრაციებს ქართველი მხატვრებიც ქმნიან. 12 წიგნი კი იმ კოლექციას ქმნის, რომელიც საოჯახო ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
წიგნის გამოცემა 19 ნოემბრიდან, გაზეთ კვირის პალიტრასთან დაიწყება. სპეციალური ფასი 13,5 ლარი, გაზეთთან ერთად კი 15 ლარი იქნება. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.