საქართველოში ეს დედა-შვილის პირველი დუეტი იყო
წლების წინ უნიჭიერესი მომღერლის, ინგა ბერაძის და მისი შვილის, გიგი გეგელაშვილის ნამღერმა სრულიად საქართველო დაატყვევა. საქართველოში ეს დედა-შვილის პირველი დუეტი იყო. მათი სიმღერა "საბრძოლო" ნამდვილ ჰიტად იქცა და ის დღემდე ახსოვს ქართველ მსმენელს. სიმღერა ქალბატონი ინგას მეუღლემ, დავით გეგელაშვილმა დაწერა. ბატონი დათო პროფესიით ფიზიკოსია, თუმცა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში. mshoblebi.ge გიგის და ქალბატონ ინგას ესაუბრა.
- ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ რაც დავიბადე მას შედეგ სცენაზე ვდგავარ. პირველი ჩემი დუეტი დედასთან ერთად შედგა. ეს იყო საახალწლო ღონისძიება, ლამაზ და სადღესასწაულო გარემოში მიდიოდა გადაღება. ზოგადად სამი წლიდან ვმღერი და საკმაოდ ხშირად გვქონდა კონცერტები. ოთხი წლის ვიყავი, როცა ფილარმონიაში პირველი სოლო კონცერტი გვქონდა მე და დედას. დედაც ძალიან პატარა ასაკიდან მღერის.
ჩემი ბავშვობის პერიოდში ერთადერთი საბავშვო სტუდია იყო "ბასტი-ბუბუ". ჩვენ ვთანამშრომლობდით მათთან და როდესაც დიდი კონცერტებს მართავდნენ, გამოვდიოდი მათთან ერთად, ვმღეროდი "ბასტი-ბუბუს" დაწერილ სიმღერებს. "ბასტი-ბუბუს" რამდენიმე კლიპშიც ვარ გადაღებული. ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა ჩემს შემოქმედებაში. დღეს ძალიან დიდი მეგობრობა და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს სტუდიასთან.
გარდა ამისა, ძალიან ხშირად მიწევდა მოსკოვში კონცერტებზე გამოსვლა. 13 წლის ასაკში გამიკეთეს ბენეფისი, სოლო კონცერტი.
დღეს ჩემს ჯგუფთან ერთად აქტიურად ვცდილობ, სხვადასხვა ფესტივალზე გავაგზავნოთ ჩვენი საუნდტრეკები. საბედნიეროდ, დაინტერესება არის და მალე უცხო ქვეყნებშიც გვექნება კონცერტები.
ინგა ბერაძის და გიგი გეგელაშვილის ცნობილი სიმღერა წლების შემდეგ ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მშობლებს. მათთან ერთად საკმაოდ შრომატევადი და რთული გზა გავიარე. აქამდე მოსვლა ნამდვილად არ იყო მარტივი. დამღლელი და რთული გრაფიკის მიუხედავად, ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, რაშიც ჩემი მშობლები მიწყობდნენ ხელს. წარმოიდგინეთ, იმდენად დატვირთული გრაფიკი მქონდა, ისე ხშირად დავდიოდი ჩაწერაზე, რომ თამაშისთვის თითქმის დრო არ მქონდა.
შემდეგი წარმატება იყო 13 წლის ასაკში ბენეფისი. ეს საკმაოდ უცნაურო მოვლენა იყო, რადგან ამ ასაკში არავის არ უკეთებდნენ სოლო კონცერტს. ძალიან მაგარი კონცერტი გამოვიდა და უბედნიერესი ვიყავი. ეს არ იყო უბრალო კონცერტი, ეს იყო შოუ, თავისი შადრევნებით და გაფორმებებით.
მოგვიანებით, 2006 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩემი მუსიკა პირველად შესრულდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ასკაციანი პროექტი იყო. სიმფონიურ ორკესტრთან, კაპელასთან და ჯგუფთან ერთად ვასრულებდი ჩემს მუსიკას. მივიჩნევ, რომ ესეც იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი. სხვათა შორის, ეს კონცერტები დღემდე გრძელდება. დაახლოებით ორი წლის წინ ნიკოლოზ რაჭველთან და მის ორკესტრთან ერთად გვქონდა კონცერტი.
გიგის შესახებ მის დედას, მომღერალ ინგა ბერაძეს ვესაუბრეთ.
- გიგი არის ჩვენთვის უფლის საჩუქარი. ნანატრი შვილია, იგი ქორწინებიდან მეშვიდე წელს მოგვივლინა უფალმა. იზრდებოდა სიამტკბილობაში. თავიდანვე ვამჩნევდით, რომ მუსიკალური მონაცემები ქონდა, მაგრამ არასერიოზულად მიგვაჩნდა. სახლში სამივე ერთად, ასე ვთქვათ, ვთამაშობდით. მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარდა თეატრალიზირებულად ბავშვის გართობა. სამი წლის ასაკში დამთავრებული გვქონდა ზღაპრების ასაკი და უკვე პატარა მინი სპექტაკლების ვდგამდით. ვუკითხავდით შექსპირის ჰამლეტს და თამაშ-თამაშით ვდგამდით სცენებს. მისი ტვინი ღრუბელივით ისრუტავდა ამ ყველაფერს. ალბათ ამან მოახდინა მასზე გავლენა.
პირველი დუეტი შევასრულეთ საახალწლო გადაცემაში. მაშინ გიგი ოთხი წლის იყო. წარმოიდგინეთ ოთხი წლის ბავშვი, ჩემთან ერთად მღეროდა მეორე ხმას. ისეთი ჯენტლმენური თვისებები ქონდა, გვერდით ნამდვილი პარტნიორი მედგა სცენაზე. ასე ნელ-ნელა გაიზარდა გიგი. დღეს შესანიშნავი პარტნიორია, ისეთი როგორსაც ვერც კი ვინატრებდი.
რაც შეეხება გიგის პირადს ცხოვრებას, მას შემდეგ რაც დაოჯახდა, ჩვენგან წავიდა და თავის მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მთელი ჩვენი გული მათ წაიღეს. ყოველთვის გვენატრება, გვინდა, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ, მაგრამ დღეს თავისი ოჯახი აქვთ. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, რომელიც სულ გვერდით უდგას და ხელს უწყობს გიგის. უსაყვარლესი შვილიშვილი გვყავს, დათუნა. მასაც აქვს მუსიკალური მონაცემები. სხვათა შორის, სოლო კონცერტი გავმართე, სადაც მე, გიგიმ დათუნამ ერთად შევასრულეთ სიმღერა.
მერი ბლიაძე