თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბუქარესტში, საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ კენჭაძემ რუმინელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ერთი დღით ადრე კი, ამავე სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე შორის 79 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ავთანდილ კენჭაძის ძმა - ნიკოლოზ კენჭაძე, რომელმაც რუსეთის ნაკრების წევრი გაჯი ნაბიევი დაჯაბნა.
ერთ ჩემპიონატზე ორი ძმის გამარჯვებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა. უფრო მეტიც, ბევრმა მათი ჩემპიონობა მსოფლიო სენსაციად მონათლა.
თუ რა გზა გაირეს რაჭველმა ფალავნებმა სოფელ პირველი ტოლადან, ამის შესახებ ჩემპიონი ძმების დედა, ელზა გაბიანი გვესაუბრება:
- ავთანდილი წლითა და ერთი თვით არის უფროსი ნიკოლოზზე, 12 წლის იყო ჭიდაობაზე რომ შევიყვანეთ ძმასთან ერთად. ორივეს უნდოდა ჭიდაობაზე სიარული და ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით, სოფელ ჭრებალოს საშუალო სკოლაში დაიწყეს ბიჭებმა ვარჯიში. მათი პირველი მწვრთვნელი თამაზ მურუსიძე იყო. მინდა აღვნიშნო, რომ პატარა ასაკიდანვე გახდნენ წარმატებულები.
ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია
- სიტყვით არ შემიძლია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობთ მშობლები, როცა შვილების წარმატების შესახებ ვიგებთ. მამა განსაკუთრებულად ღელავს და განიცდის, როცა ბიჭები ასპარეზობენ. ეს არის სპორტის ის სახეობა, სადაც ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩადო წარმატების მისაღწევად, ბევრი უნდა იშრომო. თუ შვილს არ გაუკაფავ გზას, არ დაეხმარები, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ძალიან რთული გზა გვაქვს გავლილი მთელ ოჯახს, იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს მიეღწიათ წარმატებისთვის. როგორღაც საკუთარი ფინანსებით ვახერხებდით, რომ შეჯიბრებებში გამოსულიყვნენ.
როგორც mshoblebi.ge -სთან საუბარში ჩემპიონი ძმებიდან ერთ-ერთი, ნიკოლოზ კენჭაძე აღნიშნავს, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწიათ წარმატების მისაღწევად.
- მე და ჩემმა ძმამ ერთად დავიწყეთ რაჭაში ვარჯიში. როცა მივხდი, რომ ჭიდაობით იწყებოდა ჩემი ცხოვრების გზა, თბილისში გადმოვედით და აქ გავაგრძელეთ გიორგი გოგშელიძესთან ვარჯიში, რომელიც ახლაც ჩვენი მოქმედი მწვრთენილია. თავიდაპირველად რაჭაში თამაზ მურუსიძე გვწვრთნიდა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.
რუსკა კილასონია