როგორც გასული წელი, წლევანდელი წელიც ქართველი ძალოსანისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს შვიდგზის რეკორდსმენია და იგი წელსაც წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.
სჯეროდა თუ არა მსოფლიოს უძლეველ სპორტსმენს თოვლის ბაბუის და იღებს თუ არა ის ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობას ამის შესახებ, ლაშას დედა, ქალბატონი ჟანა თოდაძე გვესაუბრება:
- ისევე, როგორც ყველა ბავშვს, ლაშასაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ახალი წლის და მით უფრო, თოვლის ბაბუის მიმართ. ჯერ კიდევ ბაღის ასაკში იყო, რომ ვერ ვატყუებდით, ვერ ვაჯერებდით, რომ ნამდვილად თოვლის ბაბუას მოჰქონდა მისთვის სასურველი საჩუქრები, მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიხარულით ელოდებოდა. თოვლის ბაბუად შეეძლო დედაც ჩაეთვალა და მამაც.
- ერთხელ ნახა საჩუქრების ყუთი, რამდენიმე დღით ადრე და თვითონ არ გაგვიმხილა, მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრები ყუთში არ ელაგა. ჩვენ 12 საათისთვის გარეთ გავდიოდით ფეიერვერკების სანახავად, ამ დროს ვაღვიძებდი ბავშვებს და როცა ოთახში შევდიოდით, ოჯახის ყველა წევრს ხვდებოდა თავისი საჩუქარი ნაძვის ხესთან. მართალია, ის სასაჩუქრე ყუთი, რომელიც ლაშამ ნახა, მას არ ეკუთვნოდა, მაინც დაეჭვდა... და მესამე დღეს მითხრა, დედიკო, ის ყუთი მე რომ ვნახე, თქვენ დადეთ, მატყუებთ, თუ თოვლის ბაბუას მოაქვსო? ორჯერ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენთან რაიონში საჩხერეში გამოგვეძახა "სანტაკლაუსები" და მათ მოეტანათ ბავშვებისთვის საჩუქრები.
- თავად თუ იღებს ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობას?
- ახლაც ისე იღებს ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობას, როგორ პატარაობისას. დღესაც ძალიან დიდი ხალისით და მონდომებით რთავს და რჩევებსაც გვაძლევს. ეს სათამაშო აქ არა, ეს აქ უნდა იყოს, ეს აქ უხდება, ეს ზედმეტია... დასთან არასდროს კამათობდა, ნაძვის ხის მორთვისას ყოველთვის ცდილობდა დაეთმო მისთვის.
- რაც შეეხება ტრადიციებს, ჩვენ ოჯახში საერთოდ ასეა, რომ ნაძვის ხეს ვრთავთ 31 დეკემბერს და არა მანამდე, როგორც სხვები რთავენ. ჩვენთვის ეს პროცესი უფრო მეტ მხიარულებასთან ასოცირდება, როცა წლის ბოლო დღეს ვრთავთ ნაძვის ხეს. ჩვენი ოჯახური ტრადიციაა ისიც, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთად უნდა შევხვდეთ ახალ წელს.
ლაშა ტალახაძისა და ანუკი დემურიას ცხოვრებაში სიახლეა - წყვილი პატარას ელოდება
რუსკა კილასონია