არდადეგები ბავშვებისთვის საყვარელი პერიოდია, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით მშობლებზე, რადგან მათ აღარ იციან, რითი გაართონ და დააინტერესონ პატარები ამ დროის განმავლობაში. არდადეგები ბავშვებისთვის საყვარელი პერიოდია, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით მშობლებზე, რადგან მათ აღარ იციან, რითი გაართონ და დააინტერესონ პატარები ამ დროის განმავლობაში. ამჯერად კი მშობლები განსაკუთრებული თავსატეხის წინაშე დგანან, რადგან მწვავე ვირუსული პერიოდის გამო გახანგრძლივდა არდადეგები. მეორე მხრივ კი, ამავე მიზეზის გამო ბავშვების ხალხმრავალ ადგილებში წაყვანას ერიდებიან.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რომელიც არდადეგების უფრო მხიარულად გადატარებაში დაგეხმარებათ თქვენც და თქვენს პატარასაც.
გახდით მეცნიერები
მეცნიერება ბავშვებს ძალიან ახალისებს, თან ამით ბევრ ისეთ რამესაც სწავლობენ, რაც სამომავლოდ ცხოვრებაში გამოადგებათ. მათთან ერთად ჩაატარეთ სახალისო ექსპერიმენტები. მიეცით ნება, ერთმანეთში აურიონ ძმარი და სოდა. მიღებული შედეგი ნამდვილად დააინტერესებს. დაიჭირეთ ობობები და მათ კიდურებს დააკვირდით, საინტერესოა მათი სიარულის მანერაც. მოაგროვეთ ქვები და ერთმანეთს შეადარეთ ფორმის, სტრუქტურის მიხედვით. შეგიძლიათ მანქანები ან სხვა მრავალდეტალიანი სათამაშოები უმცირეს დეტალებამდე დაშალოთ და მათ სტრუქტურას დააკვირდეთ. უამრავი საბავშვო აქტივობა სწორედ მეცნიერების საწყისი ფესვებია.
აკეთეთ ხელსაქმე
ბავშვს გააცანოთ ხელსაქმე და მიეცით თავისუფლება, რომ აკეთოს ის, რასაც ფანტაზია უკარნახებს. ხელსაქმე დროის ნაყოფიერად გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ხელსაქმესთან პირველივე შეხების შემდეგ მიხვდებით, რომ ბავშვებს კრაფტი ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით ერთვებიან მასში ისე, რომ ვერც აცნობიერებენ თუ რამდენ ახალ შესაძლებლობასა და უნარ-ჩვევას იძენენ ამ დროს.
ბავშვის მიერ საკუთარი ხელით რაიმეს შექმნა არა მარტო ფანტაზიას ავითარებს, არამედ ბევრი სხვა საჭირო თვისებისა და უნარ-ჩვევის გამომუშავებაში ეხმარება მას. ამიტომაც აღიარეს ის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და განმავითარებელ აქტივობად. სიზუსტე, დაკვირვება, დეტალებში გარკვევა, შედეგისკენ სწრაფვა - სწორედ ამ უნარებს იყენებს ბავშვი ხელსაქმისას.
არდადეგები კი საუკეთესო პერიოდია, რომ ბავშვმა ხელსაქმე აკეთოს და დრო ნაყოფიერად გაატაროს. აქვე გირჩევთ, რომ კრაფტის ფართო არჩევანს "ბიბლუსი გალერეაში" შეიძენთ, სადაც კრაფტის კონსულტანტები თქვენი ბავშვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ნივთების შერჩევაში დაგეხმარებიან.
დაუმეგობრდით სამზარეულოს
ბავშვებს სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მოსწონთ. ოჯახის სადილის მომზადებაში მონაწილეობის მიღება მათთვის საინტერესო და საამაყო გამოცდილებაა. ამიტომ მიეცით მათ თავისუფლება, რომ დაგეხმარონ. აქტივობები ასაკის შესაბამისად შეგიძლიათ დაავალოთ. მაგალითად, მცირეწლოვანმა ბავშვებმა შეიძლება ინგრედიენტები ჩაგიყარონ მათი საყვარელი ორცხობილის მომზადებისას. შედარებით დიდებს კი შეიძლება მიქსერიც მისცეთ და თავად გახდეთ მათი ასისტენტები, თქვენ ჩაუყაროთ ინგრედიენტები მიქსერის მოხმარებისას.
აღმოაჩინეთ ძველი სათამაშოები
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და ეს განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში ამართლებს. ბავშვებს უმეტესად საჭიროზე მეტი სათამაშო აქვთ ხოლმე, ამიტომ მიეცით ისინი, რომლითად დიდი ხანია, არ უთამაშიათ და შეიძლება დავიწყებულიც აქვთ. მათ დაინტერესებას ნამდვილად შეძლებთ.
ესტუმრეთ ბიბლიოთეკას
ბიბლიოთეკა ლამაზი დარბაზებითა და უამრავი წიგნით ბავშვებისთვის ნამდვილად ჯადოსნური ადგილია. ამიტომ ეცადეთ, არდადეგების პერიოდში თქვენი შვილები სწორედ ბიბლიოთეკაში წაიყვანოთ და დაათვალიერებინოთ. ბიბლიოთეკების უმეტესობას საბავშვო ლიტერატურაც აქვთ და დიდ დარბაზებში წიგნის კითხვა მათთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდება.