ჟურნალ ფლეიბოის "ყველაზე მაცდუნებელი გოგონა" და "წლის საუკეთესო ქალი" ცხოვრების რაღაც მომენტში შეიცვალა. დღეს 41 წლის ქეთი პრაისი მარტოობით იტანჯება, ამიტომ ბევრ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. საინტერესოა, რამ გამოიწვია ერთ დროს ცნობილი ქალის დრამა.
ქეთი პრაისი თითქმის ყველა ბრიტანელმა იცის ტელეეკრანებიდან. 41 წლის ასაკში 5 შვილი ჰყავს, გაიმარჯვა კიბოზე, დაწერა 10-ზე მეტი წიგნი, იღებდნენ ფლეიბოისთვის, მაქსიმისა და ვოგის გარეკანისთვის. გახდა ათობით რეალითი შოუს ვარსკვლავი და მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაცდუნებელი ქალის სტატუსი დიდ ბრიტანეთში. ამავე დროს, ის ცნობილია ღამის კლუბებში სკანდალითა და ჩხუბით. თუმცა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა - 41 წლის ასაკში მოდელობიდან მონსტრად იქცა და შვილებსაც კი აშინებს...
პირველ სირთულეს პრაისი 4 წლის ასაკში შეხვდა. მისი მშობლები, ემი შარლიე და რაი ინფილდი განქორწინდნენ. ბევრი სკანდალისა და ჩხუბის გარეშე, ერთ დღესაც მამამისმა ჩაალაგა თავისი ნივთები და სახლიდან წავიდა. პრესამ ხმაურიანად გააშუქა ეს ამბავი და მომავალში პრაისის წარუმატებელ ქორწინებასაც დაუკავშირეს ეს ფაქტი.
ბრიტანულ გაზეთებში შეიძლება წაიკითხოთ, რომ ქეთი პრაისი ირჩევს ისეთივე მკაცრ მამაკაცებს, როგორი მამაც ჰყავდა. მაგრამ ეს ყველაფერი ბევრი წლის შემდეგ მოხდა, მაშინ კი პრაისი მხოლოდ 4 წლის იყო და შეეჩვია იმ აზრს, რომ მამა მასთან აღარ იცხოვრებდა. დედამისი ავად იყო, თუმცა ბევრს მუშაობდა, რომ როგორმე ოჯახი ერჩინა. რამდენიმე წლის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა მშენებელს, რომელსაც უკვე ჰყავდა ვაჟიშვილი. პატარა ქეთი მთლიანად ჩამოშორდა ახლობლებს.
ის საკუთარ პრობლემებს თავად უმკლავდებოდა, დაწყებული საშინაო დავალებებით, დასრულებული მამაკაცებისგან შევიწროებით. მეცადინეობა არ უყვარდა და გაკვეთილზეც ცუდად კონცენტრირდებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ კი აუზში დიდხანს ცურავდა. ამით მან მალევე მიიქცია მასწავლებლის ყურადღება და სპორტულ კლუბში ჩაწერეს. გოგონა დათანხმდა. მალევე გახდა ვარსკვლავი და სკოლის საცურაო გუნდის ერთ-ერთი დიდი იმედი.
შესანიშნავი გარეგნობის მიმზიდველ გოგონას უკვე 7 წლის ასაკში იღებდნენ ტანსაცმლის რეკლამაში, ბეჭდავდნენ ჟურნალებში. საზოგადოების მხრიდან ყურადღება პრაისისთვის ახალი იყო, რამაც ნელ-ნელა პატარა გოგონა ბავშვობის ასაკიდან გამოიყვანა. ზრდასრული მამაკაცები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ მის მიმართ. ერთხელ ლამის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა - ერთ-ერთმა მამაკაცმა თქვა, რომ ფოტოგრაფი იყო და 7 წლის გოგონა გადაღებებზე მიიწვია. ქეთის ამ ფაქტის გახსენება არ უყვარს. მისმა მშობლებმა კი გადაწყვიტეს, რომ პოლიციისათვის არ მიემართათ.
13 წლის ასაკში უკვე თავდაჯერებული იყო, წარმატებები ჰქონდა სპორტშიც. სკოლაში ფიქრობდნენ, რომ პრაისს შეეძლო სტიპენდიის მიღება და კოლეჯში მოხვედრა, მაგრამ გოგონამ უკვე იცოდა პოპულარულობის ფასი და სულ სხვა გეგმები ჰქონდა.
პრაისმა სკოლა მიატოვა და არ ისურვა გამოცდების ჩაბარება. "არ მინდოდა, გავმხდარიყავი ოფისის მენეჯერი, როგორც ყველა." - ამბობს წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, არავინ იცის, რეალურად რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.
16 წლის ასაკში მიჩვეული იყო მამაკაცების ყურადღებას, საკმაოდ თავდაჯერებულადაც გამოიყურებოდა. ამიტომ, შეავსო პორტფოლიო და გააგზავნა სხვადასხვა სამოდელო სააგენტოში. თან ფოტოებიც დაურთო.
18 წლის იყო, როცა მისი დებიუტი შედგა სხვადასხვა პოპულარულ ჟურნალში. "The Sun"- მა გამოაქვეყნა 6 ფოტო. მალევე შეამჩნიეს და გადაიღეს ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიცაა: FHM, Maxim, Nuts, Front, Zoo Weekly, Sky, Esquire, Loaded. 2002 წელს "ფლეიბოის" სექტემბრის ნომერში გადაიღეს.
თუმცა წარმატებას ბედნიერება არ მოჰქონდა. მუდმივად უკმაყოფილო იყო გარეგნობით - რამდენჯერმე დაიბერა ტუჩი, გაიკეთა ლიპოსაქცია, გაიარა რინოპლასტიკური პროცედურები. აიხსნიდა თუ არა ბინტს, ახალ პლასტიკურ ქირურგს უკავშირდებოდა. უკმაყოფილო იყო მკერდის ზომითაც, რის გამოც რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. ჰქონდა შანსი, რომ მაღალი მოდის სფეროში საკმაოდ წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ დაუსრულებელმა პლასტიკურმა ოპერაციებმა მისი კარიერა დაასრულა და "სულელ ქერად" გადაიქცა საზოგადოებისათვის. პრაისი მოდელად მხოლოდ სიტყვით დარჩა. მიიღო რამდენიმე რეალითი შოუში მონაწილეობა. 2001 წელს საპარლამენტო არჩევნებშიც კი მიიწვიეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. იმ დროს 23 წლის იყო და შექმნა დამოუკიდებელი პროგრამა. მისი სლოგანი იყო "დიდი და უკეთესი მომავლისკენ." საკუთარ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მკერდის უფასო კორექციას გაუკეთებდა, გაზრდიდა უფასო პლაჟების რაოდენობას, შეღავათები შესთავაზა ქალ ფეხბურთელებს. ამომრჩევლისგან მხოლოდ 713 ხმა მიიღო, გამარჯვებულმა კი - 23 836. თუმცა, მოგვიანებით პრაისმა განმარტა, რომ მისი მიზანი გამარჯვება არ ყოფილა.
პირად ცხოვრებაში, რატომღაც სულ მოძალადე კაცებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც მას როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ ტკივილს აყენებდნენ. 2002 წელს პირველი შვილი - ჰარვი გააჩინა. ბავშვის მამა ყოფილი ფეხბურთელი დუაიტ იორკი იყო. პრაისი იმედოვნებდა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ისინი დაქორწინდებოდნენ და იცხოვრებდა ოჯახურ გარემოში, თუმცა იორკმა არ აღიარა საკუთარი ვაჟი, მეტიც, დნმ-ის კვლევაც კი მოითხოვა.
კიდევ უფრო ცუდი რამ მოხდა პრაისის ცხოვრებაში. სწორედ ამ პერიოდში, მას თითზე სიმსივნური წარმონაქმნი გაუჩნდა. პირველად დედამისმა მანიკურის წასმისას შეამჩნია და ფეხმძიმე ქეთი ექიმთან გაუშვა. შიში დადასტურდა, მაგრამ ონკოლოგებმა მოახერხეს ოპერაციის წარმატებით ჩატარება. სტრესმა გავლენა მოახდინა ბავშვის ჯანმრთელობაზე. ბიჭი თითქმის უსინათლო, აუტისტური სპექტრის აშლილობით და გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვით დაიბადა.
2019 წლის თებერვალში, პრაისმა თავის 17 წლის შვილზე ერთ-ერთ თოქ-შოუში თქვა: "ძალიან რთულია. მთელი ჩემი ცხოვრება მის ირგვლივ ტრიალებს. ყოველდღე ვაცმევ და ვაჭმევ ჩემს ჰარვის. ღამით საწოლში ვერ ისვენებს და მუდმივად ვუსწორებ საბანს. ის აშინებს ჩემს სხვა შვილებს. ჰარვი მედიკამენტებზეა დამოკიდებული, რომლის გარეშეც მოკვდება. ვფიქრობ, რომ მან ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაწესებულებაში უნდა გააგრძელოს. მეტი აღარ შემიძლია".
გარკვეული დროის შემდეგ პრაისის დედა მძიმედ დავადდა. ქეთის ხუთი შვილის რჩენაც გაუჭირდა და დეპრესიაში ჩავარდა. დაიწყო კოკაინის მოხმარება. ძალიან გაუჭირდა შემდეგ ამაზე უარის თქმა, თუმცა ნახევარი წლის განმავლობაში, მან საკუთარი თავი თავად განკურნა.
"თითქმის არავინ მელაპარაკებოდა. ყველა წავიდა ჩემგან", - განაცხადა პრაისმა ბრიტანულ მედიაში.
მერე იყო უამრავი ჯარიმა, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. საკუთარ შვილებსაც კი ეშინოდათ მისი.
ჰარვის დაბადებისა და მის ბიოლოგიურ მამასთან განშორების შემდეგ, პრაისი მარტო დარჩა. ერთ-ერთ რეალით-შოუში მონაწილეობის დროს, მუსიკოსი, პიტერ ანდრე გაიცნო. 2005 წელს ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს. ქეთი იმედოვნებდა, რომ ბოლოსდაბოლოს შეხვდა საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს, რომელთან ერთადაც ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ მუსიკოსს ოჯახი არ აინტერესებდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო პოპულარულობა. ამას მოჰყვა სკანდალი, ჩხუბი ოჯახში, ბავშვების დაბადება. პიტერი ყველა მიზეზს ეძებდა, რომ მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონოდა. 2009 წლამდე ცხოვრობდნენ ერთად და პრესაც არ წყვეტდა მათზე საუბარს. ორი შვილიც ეყოლათ.
უკვე მრავალშვილიანმა დედამ სხვადასხვა პროექტი აიღო, სადაც მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა. შექმნა დიეტური დანამატები წონაში კლებისთვის, დაწერა რამდენიმე წიგნი, სცადა სიმღერა. შოუბიზნესის თითქმის ყველა სფეროში აქტიურად იყო ჩართული. 2005 წელს "ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსზე მეორე ტურში გადავიდა და მუსიკალურ პროექტზე დიდი ბრიტანეთი წარდგინა.
2007 წელს ის "წლის ქალად" დაასახელეს. ამ ტიტულს ატარებენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: რიანა, ანჯელინა კოლი, კამერონ დიასი. ამ დროს მას ბევრი პლსტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული...
ამის შემდეგ ნელ-ნელა დაკარგა პოპულარულობა. შოუებშიც ნაკლები ხარისხით მონაწილეობდა და მისი წიგნებიც იშვიათად იყიდებოდა. 2011 წელს კი მისი სიმღერა "ყველაზე ცუდი სიმღერის" ნომინაციაში დაასახელეს. 2009 წელსაც გაეხვა კიდევ ერთ სკანდალში, როცა ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ ცნობილი საახეები მის გაუპატიურებას ცდილობდნენ, მაგრამ ვინაობის დასახელებაზე კატეგორიული უარი თქვა.
2010 წელს სამოქალაქო აქტივისტ ალექს რეიდზე დაქორწინდა, რომელსაც 2 წელში გაშორდა, შემდეგ კი სტრიპტიზიორ კირან ჰეილერთან იქორწინა და მისგან ორი შვილი გააჩინა. მათი ურთიერთობაც არ შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო. კირანი გამუდმებით ღალატობდა ცოლს, ამიტომ 2018 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. ქეთი ამ დროს 40 წლის იყო. ამის შემდეგ კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ნარკოტიკები და ალკოჰოლი. 41 წლის ასაკში კი წარმატებისგან აღარაფერი დარჩა...
სასოწარკვეთილმა ქეთიმ გააბა რომანები მასზე გაცილებით ახალგაზრდა მამამაკაცებთან, უჩივლა ყოფილ მეუღლეებს. კირან ჰეილერი ბავშვების წართმევასაც გეგმავდა, რადგან თვლიდა, რომ პრაისის ამჟამინდელი მდგომარეობა ცუდ გავლენას მოახდენდა მათზე. პრაისზე დარდობდნენ მეგობრებიც და ამბობდნენ, რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის მანიაკური სურვილითაა შეპყრობილი.
ახლა 41 წლის ქეთი პრაისი მზადაა, კვლავ გათხოვდეს. მისი რჩეული მასზე ორჯერ ახალგაზრდა კრის ბოისონია. მან კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ამისთვის ივლისში სტამბულში გაემგზავრა. იმედოვნებდა, რომ ახალი ოპერაცია გააახალგაზრდავებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. მისმა კანმა ვერ გაუძლო კიდევ ერთ ხელოვნურ ჩარევას, თუმცა ის უკვე გამოწერეს კლინიკიდან. სახე ეჭიმება და ამიტომ, კვლავ დაბრუნდა კლინიკაში რეაბილიტაციისათვის. პრაისმა საკუთარი შვილებიც შეაშინა. ისინი ფიქრობდნენ, რომ დედას ვიღაც დაესხა თავს ან ავტოკატასტროფაში მოხვდა.
"ქეთის დაძინებაც კი არ შეუძლია, რადგან გამუდმებით ტანჯავს საშინელი ტკივილი. რა თქმა უნდა, თავადაც ხვდება, რომ ეს ოპერაცია არ უნდა გაეკეთებინა. ძალიან ნანობს და ცდილობს ყველაფერი გამოასწოროს", - განაცხადა მისმა მეგობარმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ აქ საქმე დაბერების პანიკურ შიშთან გვაქვს და რომ პრაისისთვის მისი გარეგნობა მისსავე თვითშეფასებას განსაზღვრავს და ფიქრობს, რომ მის გარეშე საზოგადოება არ მიიღებს. "სხეულის უმნიშვნელო ცვლილებაც კი მალევე ექცევა მედიის ყურადღების ქვეშ. სინამდვილეში ადამიანები ამით სერიოზულ პრობლემას უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას. პლასტიკური ქირურგია გაქცევაა საკუთარი თავისა და საზოგადოების მხრიდან იმედგაცრუებისაგან", - ამბობს ფსიქოლოგი.
გამოდის, რომ პრაისს ეშინია. ეშინია იმ დროიდან, როცა ოჯახში სკანდალი ჰქონდა, როცა მამამ მიატოვა, მსხვერპლი გახდა შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის. მის ცხოვრებაში იყო ბევრი წარუმატებელი სიყვარული, რომელიც ცემით დასრულდა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი ქალი, ახლა საკუთარ გარეგნობას ებრძვის, მისი წარმატებისაგან კი აღარაფერი დარჩა.