22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. ახალგაზრდა ერთი კვირა ებრძოდა H1N1 ვირუსს. სამწუხაროდ, მისი გარდარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სალომე გასული წლის 9 იანვარს დაიღუპა. მას მცირეწლოვანი, წლი-ნახევრის ქალიშვილი, ელენიკო დარჩა, რომელსაც ახლა დედობას ბებია, კომპოზიტორი მანანა იმედაძე უწევს.
- "გამიფრინდა ჩემი ანგელოზი" ... თქვენთვის უმძიმეს დღეს, ძალიან დიდი ტკივილის შესახებ ასე აუწყეთ საზოგადოებას...ქალბატონო მანანა, მოგვიყევით ურთიერთობაზე, რომელიც რძალდედამთილობის ზღვარს გასცდა ...
- ჩემი ცხოვრების სასწაული იყო სალომე. ერთი ნახვით შემიყვარდა, გავგიჟდი, რომ ვნახე. სალომე იყო ღვთაებრივი, ძალიან განსხვავებული. ამდენი ადამიანი მასევია გარს და მას ვერავის ვერ ვადარებ... საოცრებას გეტყვით... პატარა ბინა ჰქონდა ვორონცოვზე, მარტო ცხოვრობდა სტუდენტი, სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა... რომ გამაცნო ირაკლიმ, ვეხვეწე, ჩვენთან მოიყვანე-მეთქი და სანამ ესენი შეუღლდებოდნენ, არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, მე და სალომე ვიწექით ერთად, ერთ ოთახში, ერთ საწოლში. ჩვენთან ათენებდა, ჩვენთან აღამებდა. ბავშვების დაოჯახებიდან კარგა ხნის მერე გავაგებინეთ სალომესიანებს, რომ ჩვენთან ცხოვრობდა. ირაკლის ეუბნებოდა თურმე, ჩვენი ამბავი კიდეც რომ არ მომხდარიყო, მე მანანა მაინც დედასავით მეყვარებოდაო... 6-7 თვე ჰქონდათ რომანი და მერე გავიცანით ჩვენ, მაგრამ სანამ ოფიციალურად გავიცნობდით, მწერდა შეტყობინებებს... ამას წინათ ავყევი მის მონაწერებს და ლამის გავგიჟდი... ის იყო არამიწიერი, ის არ იყო ამქვეყნიური... ახლა კიდევ უფრო ვაანალიზებ ამას, როცა აღარ არის ჩვენთან. სიმღერა დავუწერე სალოს. ძალიან მინდოდა ემღერათ ბექა ჩხაიძეს და დათო არჩვაძის კვარტეტს, მაგრამ მერე ეს სიმღერა მოვასმენინე თემურ წიკლაურს და მითხრა, ეს იმდენად შენი ტკივილია, შენ უნდა იმღეროო, შენსავით ვერავინ იმღერებსო... სალოს დაბადების დღე მოდის ნოემბერში და მინდა, რომ ჩემი ბოლო საჩუქარი იყოს მისთვის... მან ელენიკო მაჩუქა, ეგეც ღვთის ნება იყო ალბათ, მშობიარობაზე მე დამასწრო. რამდენი ხანი ვეუბნებოდი, დე, დამანებე თავი, ერთი მუსიკოსი ქალი ვარ, რომელი ექიმი მე მნახე, მშობიარობის დროს მოგეშველო-მეთქი, ისეთი ემოციური ვარ, პირიქით ხელი არ შეგიშალო ჩემი ნერვიულობით-მეთქი. არ დაიშალა, მინდა ჩემთან იყოო და ხელჩაკიდებულები ვიყავით, ისე გააჩინა ელენე. ისე ვაჟკაცურად ეჭირა თავი, ამ ნაზი არსებისგან რომ გაგიკვირდებოდათ - ხმა არ ამოუღია. ალბათ ესეც არ იყო შემთხვევით. ელენიკო რომ დაიბადა, პირველმა შევხედე მე. რაც უფრო გადის დროს, სულ უფრო მეტად ვაკავშირებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან. რატომ ვიყავით ასე მიკრულები ერთმანეთს. იცი, ბევრ რძალ-დედამთილს უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველგვარ სასიყვარულო ზღვარს ცდებოდა. სახლში ახლაც ვხვდები ზარდახშებში მის ბარათებს... წერს, მიყვარხარ, დე, ჩემი ერთადერთი ხარო...
მას არანორმალური, არაჩვეულებრივი სიყვარული შეეძლო...სულ იმას ვევედრები ღმერთს, რომ მომცეს ენერგია... ელენიკო არის უდიდესი ბედნიერება, უზარმაზარი უბედურების ფასად... როგორმე უნდა შევძლო, ბავშვს ვჭირდები... არ ვანახებთ ბავშვს ცხრემლებს, არ მინდა ტრაგიზმში გაიზარდოს, მინდა ბედნიერი დღეები ჰქონდეს. ახლა ცოტა დადუმებულები ვართ, მაგრამ უნდა ავმღერდეთ, იმიტომ, რომ ბავშვის მომავალს სჭირდება. მის შინგან სამყაროს სჭირდება სიხალისე. სხვა რა ვქნათ, ასეთი ტვირთი დაგვაკისრა ღმერთმა. ხომ ამბობენ, უფალი იმხელა ტვირთს არ აგკიდებს, რამხელის ზიდვაც არ შეგიძლიაო. ჩვენს ოჯახს შეუძლია ალბათ ამ მძიმე ხვედრის ტარება. ტირილი ცოტა გადავდე, მარტო, ჩუმად ვტირი, ისეთ საქმეს ვემსახურები, ჩემს ტკივილს თავს ვერავის მოვახვევ. ელენიკოს წინაშე მაკისრია საოცარი პასუხისმგებლობა და უნდა ვიბრძოლო, რომ შინაგანად მაგრად ვიყო.
ჩემი უმცროსი ბიჭი ექიმია, ირაკლის ინგლისური ფილოლოგია აქვს დამთავრებული. რძალ-მაზლი რომ შეიკრიბებოდნენ, ამათი საუბრის მოსმენა იყო ერთი ბედნიერება, თან ეს ექიმები ხომ ერთ ენაზე საუბრობენ და ორი მედიკოსი ვართო, იპრანჭებოდნენ. რეანიმაციაში ერთი კვირა სალომეს ჩემი ვაჟი, სალომეს მაზლი არ მოსცილებია გვერდიდან, მაგის ხელში დალია სული. სალომეს გარდაცვალება იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.
- გარდაცვალებამდე რამე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა? ავად ხომ არ ყოფილა?
- სალომეს არაფერი აწუხებდა, აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ისეთი ყურადღებიანი იყო, არაფერი გამოეპარებოდა, თვითონ სამედიცინოზე სწავლობდა, მეოთხე კურსის სტუდენტი გახლდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვირუსი მას ბავშვთა ინფექციური საავდმყოფიდან გამოჰყვა, იქ მორიგეობდა. ბოლო კვირას ჰქონდა გულისრევა, 37 გრადუსი სიცხეები. ჩვენდა გასაკვირად და საუბედუროდ, ყურადღების მიღმა დარჩა ეს სიმპტომები. ამ სიმპტომებით წავიდა ბორჯომში პირველ იანვარს. მისმა თანამშრომლებმა მითხრეს, რამდენჯერმე ვნახეთ, ჩამოჯდებოდაო და ამბობდაო, რაღაც დავიღალეო, არადა ძალიან ენერგიული იყო და სულ სხვანაირი ვიზუალი ჰქონდა, ნაზი იყო, მაგრამ შინაგანად ძალიან ენერგიული. სიჩქარე უყვარდა, ისე დააქროლებდა მანქანას და მოტოციკლს, გოგოსგან გაგიკვირდებოდათ, ცურავდა ბრწყინვალედ, ზღვაზე რომ ვიყავით, ისე შორს მიცურავდა, თვალს ვერ ვაწვდენდით. სალო ხატავდა, მაისი ნახატებით სავსეა სახლი, მეც დამხატა, ჩემი პრორტრეტი დახატა, ერთ ერთში მგავს. გაკვირვებულმა ვუთხარი, ასე ზუსტად რანაირად დამხატე-თქო, მიპასუხა, შენი სული დავინახეო. მღეროდა ასევე შესანიშნავად, ყოველმხრივ ნიჭიერი იყო. ახლა რომ ვფიქრობ, რაღაცას ალბათ გრძნობდა, რამდენიმე სიმღერა მოვასმენინე, ჯვრისწერისთვის უნდოდათ ცოლ-ქმარს ემღერათ. ისეთი ტრაგიკული სიმღერა აირჩია, ტერენტი გრანელის ლექსი სიყვარულზე და მასზე დავწერეთ სიმღერა, ვუთხარი, სხვა აირჩიე რამე-თქო, არა - ეს მომოწნსო. ოცნებობდა ექიმი გამხდარიყო, მეუბნეოდა, როგორ გაახარებ, რომ შემოხვალ სტაციონარში და წაიკითხავ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სალომე ქემაშვილიო. ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული, გინეკოლოგობა უნდოდა თუ დერმატოლოგობა. დერმატოლოგია იმიტომ მინდაო, რომ ბოლომდე არ არის ჯერ შესწავლილიო და ძალიან საინტერესო მიმართულება არისო მედიცინაშიო. ოცნებობდა საკუთარი ნახატების გამოფენაზე. ძალიან მინდა, რომ შემოქმედებითი საღამო მივუძღვნა და დაბადების დღეს დავუკავშირო.
- ბავშვის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?
- ელენიკოს 24 ივნისს შეუსრულდა ორი წელი. ახლა ნელ-ნელა ენას ებრძვის, სიტყვებს სწავლობს. დედას, დადას მეძახის, ამ ასაკში ჩემი გადმოსახედიდან უფრო სხვანაირი გახდა დედაშვილობის შეგრძნება. ამბობენ, დედას ვერავინ შეცვლისო... პატარა დამირჩა ძალიან, წლის და ხუთი თვის იყო, სალომე რომ გარდაიცვალა. როცა ვმუშაობ, არაჩვეულებრივი ქალბატონი გვყავს ძიძად და ის გვეხმარება. როგორც თავის შვილს, ისე უვლის და პატრონობს. სახლში სალომეს ფოტოები რომ გვქონდა გამოფენილი, რეაქცია ჰქონდა ენით ამოუხსნელი, ჩაიხუტებდა ამ ფოტოს და ვერ ვაგლეჯდით ხელიდან. რომ ვუყურებდით ბავშვი როგორი დეპრესიული ხდებოდა, ფოტოები დავმალეთ. დრო რომ გავიდა თითქოს უკვე თვალებით აღარ ეძებდა. მე მაინც მგონია, რომ ასაკის მიუხედავად ბავშვი ყველაფერს გრძნობს და განიცდის. ახლა სასწაული რომ მოხდეს და სალო გაცოცხლდეს, უეჭველად იცნობს... ვცდილობ, დედობრივი პასუხისმგებლობა ავიღო ჩემს თავზე... შვილებს ვეუბნები, რომ ელენე ჩემთვის თქვენზე მეტია-თქო, დედაშვილური სიყვარულის გამოცდაა ჩემთვის, ორი შვილის დედისთვის ხომ არ არის უცხო, მაგრამ ჩემი და ელენიკოს ურთიერთობა კიდევ უფრო სხვა რაღაცაა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვს დედა უნდა შევუცვალო. იმედი მაქვს, ამ ყოველივეს უფალი შემაძლებინებს. ზოგი მეუბნება, რომ დედა მაინც სულ სხვააო... მე მაქვს პასუხი მათთვის, აბა, როგორ არის, ქალებს გასაზრდელად რომ აჰყავთ სხვისი შვილები, ის ქალბატონები დედები არ არიან, მათ არ უყვართ?! ბავშვებსაც ხომ უყვართ ისინი?!. მით უმეტეს ელენე ჩემი სისხლი და ხორცია და თან ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანების - ირაკლის და სალოს შვილია. მე ხომ სალომე, როგორც რძალი ისე არ მიყვარდა. ის იყო ჩემი შვილი, ჩვენ ისე ვიყავით ერთმანეთისთვის, ღვიძლი დედა-შვილი რომ არ იქნება. ბევრი გინახავთ, რძალ-დედამთილი ჩახუტებულები რომ იძინებენ. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რძალს არ უნდა შეხედო, როგორც სხვის შვილს. უნდა შეხვდე, როგორც საკუთარ შვილს. თუ მას შეხედავ, როგორც ღვიძლ შვილს, აუცილებლად ეყვარები.
- მთელი ოჯახისთვის, განსაკუთრებით თქვენი ვაჟისთვის, ძალიან მძიმე იქნებოდა იმ აზრთან შეგუება, რომ სალომე ხელიდან გამოგეცალათ...
- ამ ტრაგედიის შემდეგ სმა დაიწყო, ვერც კი ვსაყვედურობდი, სულ სასაფლაოზე დადიოდა, თავიდან ძალიან გაუჭირდა, ბავშვი იმდენად ჰგავს დედას, რომ უყურებდა, გიჟდებოდა... ელენიკოს თვალები, გამოხედვა ზუსტად დედის აქვს. 10-12 წელიწადში ელენიკო იქნება ისეთი, როგორიც იყო სალომე, ოღონდ ჩვენი გაზრდილი.
ჩემს ვაჟს ყოველ ღამე ესიზმრება, მის სურნელსაც კი ვგრძნობო, მეუბნება. არ არსებოს, რომ გაიღვიძებს არ თქვას, რომ სალო დაესიზმრა. სასწაული სიყვარული ჰქონდათ. ვერ იტანდა, ირაკლი თუ სადმე წავიდოდა, სულ მასთან უნდოდა ყოფნა. თურმე, რა ცოტა დღეები გვქონდა ერთად ყოფნის. ამიტომაც იყო, რომ ყველას უზომო სიყვარულით გვავსებდა. მიუხედავდ იმისა, რომ ჰქონდათ ცალკე წასვლის საშუალება ერთად ვცხორობდით ყველანი.... სულ ახალი გარდაცვლილი იყო, რომ გამომეცხადა. ელენიკოს ვაძინებდი, მიწოლილი ვიყავი მასთან და ვიგრძენი, ხომ ამბობენ, 40-მდე სული სახლში არისო, ეს იყო მართლა ცოცხალი შეგრძნება, მომკიდა ხელი და მისი გრძელი თმების შეხება ვიგრძენი... როგორც იცოდა, დე, დე... არ მეძინა, ვიფიქრებდი, რომ დამესიზმრა, დავაბრალებდი, რომ იყო სიზმარი, მაგრამ არა, ეს იყო მისი გამოცხადება და მისი შეხება. მას მერე არ მინახავს. ისე მინდა დამესიზმროს, ისე მენატრება. ყოველდღე ესიზმრება, რომ სიმარტოვის განცდა გაუნელოს... სალომეს ჩემს ცხოვრებაში ჰქვია სასწაული. ის იყო სასწაული ამქვეყნად მოვლენილი.
- ალბათ მძახლებთან გაქვთ ურთიერთობა...
- სალომეს ჰყავს ძალიან ახალგაზრდა 40 წლის დედა, რომელსაც საოცრად ჰგავდა გარეგნობით სალომე. ის რომ მოდის ჩემთან, ისე მიხარია, მგონია სალმე შემოდის ოთახში. რამდენჯერაც ჩვენთან მოდის, გულში ვიხუტებ, იმიტომ, რომ ის არის სალომეს ბიოლოგიური დედა. გარკვეული პერიოდი სალომე ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, მათზე გიჟდებოდა. დედას მეორე ოჯახი აქვს. სალომეს მამა ადრე გარდაეცვალა, 9 თუ 10 წლის იყო. სალომესიანიები არც სალოს აკლებდნენ ყურადღებას და არც ელენიკოს აკლებენ ყურადღებას.
რუსკა კილასონია