"მის სამყარო“ 2019 სამხრეთაფრიკელი გოგონა გახდა - 26 წლის ზოზიბინი ტუნზი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ კოსას ხალხს მიეკუთვნება. გოგონას მთავარი მესიჯი კონკურსზე ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ასევე მას მიაჩნია, რომ ბუნებრივი სილამაზე უნდა დავაფასოთ და ისეთები გვიყვარდეს საკუთარი თავები, როგორებიც ვართ.
მეორე და მესამე ადგილები პუერტორიკოელმა მედისონ ანდერსონმა და მექსიკელმა სოფია არაგონმა მიიღეს. ეს მესამე შემთხვევაა, როცა "მის სამყაროს" კონკურსში სახმრეთაფრიკელი გოგონა იმარჯვებს.
ზოზიბინი ქალაქ ტსოლოში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის 94% კოსას ხალხია. ინგლისურის გარდა ის კოსას ენასაც ფლობს. სხვათა შორის, ამ პროვინციაშია დაბადებული პრეზიდენტი ნელსონ მანდელა.
ტუნზი მის სამშობლოში ცნობილი აქტივისტია, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის.
"მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ქალი, რომელიც ჩემსავით გამოიყურება - ჩემნაირი თმით და კანის ტიპით - არასდროს მიიჩნეოდა ლამაზად. მე ვფიქრობ, ეს დრო დღეს დამთავრდა. მინდა, რომ ბავშვებმა მიყურონ, ჩემს სახეს უყურონ და მასში თავიანთი სახეების ანარეკლი დაინახონ, - აღნიშნა გამარჯვებულმა გოგონამ, - ქალები ლიდერებად უნდა იქცნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ვასწავლოთ, ეს ლიდერობაა. ეს აკლდათ გოგონებს წლების განმავლობაში. თუმცა იმიტომ არა, რომ ეს არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება არ გვაძლევს ამის უფლებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი ქმნილებები ვართ და მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, აი, რა უნდა ვასწავლოთ გოგონებს...", - განაცხადა ტუნზიმ.