15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტმა სრულიად საქართველო შეძრა. მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ფეისბუქის" გვერდზე ლუკას ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი გვანცა ადამია ყოფილი მოსწავლის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება და მასთან გატარებულ პერიოდს იხსენებს:
"ლუქ", უუუძალიანესად მიყვარხარ, ჩემო ჭკვიანო ბიჭო. მახსოვს, სულ პირველი შეხვედრისას, შენს ძალიან ლამაზ თვალებში შემჩნეული სხივი. მაშინვე ვიფიქრე, ეს ბავშვი ძალიან ნიჭიერი და აქტიური "ტიპი" იქნება-მეთქი. ინტუიციამ გაამართლა. ეს არ იყო მხოლოდ "მასწავლებლურ-მოსწავლური" ურთიერთობა. ჩვენ ვმეგობრობდით. არ არსებობდა სფერო, თემა, არ განგვეხილა ხან ქართულად, ხან ინგლისურად. როგორც წესი, საპირისპირო იყო შენი აზრი და ყოველთვის არგუმენტირებული. ღიმილიანი იყავი სუუულ, ღიმილიანი კეთილი თვალებით. აი, იცი, როგორი? 1000 ადამიანს შორის რომ გამოარჩევდნენ და დაამახსოვრდებოდათ. ლიდერობა გიყვარდა. ოღონდ დამსახურებული და ყოველთვის ჩვენი დიალოგი მთავრდებოდა შენი ფრაზით: "I'll do my best" ვიცინოდით კიდეც, პრეზიდენტი გამოხვალ-თქო.
არც იმდენად დიდი ვარ, შენი ასაკის "მე" არ მახსოვდეს. მეც მქონდა პროტესტი ბევრი რამისა, თუ ვინმეს მიმართ, მეც არ ვუჯერებდი ზოგჯერ მშობელს და მაინც ჩემებურად ვაკეთებდი მერე, მეც არ მომწონდა ხანდახან ბევრი რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებელი კანონზომიერებაა პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე. ამიტომაც ჰქვია ბავშვს ბავშვი და ზრდასრულს ზრდასრული,რომ უფროსმა ასწავლოს უმცროსს დახმარება, თანადგომა, გაგება, პატივისცემა, ნდობა.... ახლა? ახლა ვარჩიოთ მტყუან-მართალი.... რაღა აზრი აქვს... შენ წახვედი".