ჰუმბერტ ჰუმბერტისა და ახალგაზრდა გოგონას აკრძალული სიყვარული ერთ-ერთი იდუმალი ისტორიაა მსოფლიო ლიტერატურაში. ამერიკელი გამომცემლის, სარა უაინმანის ახალი წიგნი ნაბოკოვის რომანის უცნობ დეტალებს ხდის ფარდას.
სინამდვილეში, რა დგას "ლოლიტას" ისტორიის უკან, ეს მწერლის ფანტაზიის ნაყოფია თუ მხატვრულად აღწერილი სხვისი ცხოვრება. ეს კითხვა ნაბოკოვის ბიოგრაფიასა და ლიტურატურულ ნაწარმოებს მუდმივად გასდევს თან.
თავად ნაბოკოვმა ისტორიის რაიმე დეტალის გამხელასა და განხილვაზეც კი უარი განაცხადა. ეს მხოლოდ "ლოლიტას" არ ეხება, მსგავსი კატეგორიული აკრძალვა ავტორმა სხვა წიგნებზეც დააწესა.
სარა უაინმანი პირველი არაა, ვინც ნაბოკოვის "ლოლიტას" ისტორია ნამდვილ გოგონასთან, სალი ჰორნერთან დააკავშირა. რომანში ბევრი ისეთი დეტალია, რაც რეალურად მოხდა.
1948 წლის 13 ივნისს, 11 წლის სკოლის მოსწავლე, სალი ჰორნერი ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ კემდენში, მაღაზიაში შევიდა და 5 ცენტის ღირებულების წიგნი მოიპარა თანაკლასელის "მაგიურ" წრეზე დასასწრებად ბილეთი რომ შეეძინა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ნაბიჯი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა.
წიგნი ჩანთაში ჩაიდო და გასასვლელისკენ სწრაფად წავიდა. მაგრამ კართან ვიღაცამ მჭიდროდ ჩაავლო ხელი. გოგონამ დაინახა მაღალი, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი, სახეზე იარით: "FBI-ის აგენტი ვარ, - განცხადა მან, - დაკავებული ხარ".
სალის რეაქცია იყო ისეთი, როგორიც იქნებოდა სხვების, მსგავს სიტუაციაში - შიშისა და სირცხვილისგან ტიროდა.
კაცმა გოგონა მაღაზიიდან გამოიყვანა და მერიასთან, ქალაქის ყველაზე მაღალ და საშიშ შენობასთან, მიიყვანა.
"გაგიმართლა, - უთხრა მან. - მე არც პოლიციაში წაგიყვან და არც გამოსასწორებელ კოლონიაში, თუმცა დროდადრო მხოლოდ მე და შენ შევხვდებით ერთმანეთს და შენსავე საქციელზე მომიყვები."
კაცმა რამდენიმე დღის შემდეგ გოგონას სკოლაში მიაკითხა და უთხრა, რომ მეზობელ ატლანტიკ-სითიში უნდა წაეყვანა დასაკითხად. იმისათვის, რომ დედას არ შეშინებოდა, მისთვის უცნობი მამაკაცი თანაკლასელის მამად უნდა გაეცნო, რომელთან ერთადაც ზღვაზე მიდიოდა დასასვენებლად.
სალის ძალიან შეეშინდა, დედა დასთანხმდა იმიტომ, რომ მატერიალურად უჭირდათ და გაუხარდა, თუ ვინმე ქალიშვილის დასვენებაზე უფასოდ იზრუნებდა.
ფრენკ ლასალი ავტომექანიკოსი იყო. ის სალის FBI-ის აგენტად გაეცნო, თუმცა სინამდვილეში მცირეწლოვანი გოგონების გაუპატიურების ფაქტზე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.
დროდადრო გოგონა დედას ურეკავდა, ყოველ ჯერზე ავტომატის მუქარით და რწმუნდებოდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ელა ჰორნერი 6 კვირის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მისი ქალიშვილი მეგობართან ერთად ზღვაზე ისვენებდა.
დროთა განმავლობაში ზარები უფრო იშვიათი ხდებოდა. 1948 წლის 31 ივლისს კი დედამ პოლიციას მიმართა. თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო - ფრენკი სალისთან ერთად გაქრა.
თითქმის, 2 წლის განმავლობაში კაცმა გოგონა სხვადასხვა ქალაქში წაიყვანა, პოლიციას ემალებოდა და თავს ბავშვის მამად ასაღებდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მუდმივად ძალადობდა სალიზე.
1950 წლის მარტში სალიმ სახლში დარეკვა მოახერხა და დას საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ უთხრა, ასევე სთხოვა, რომ FBI-ში განეცხადებინა.
ლასალი დააპატიმრეს და 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად სალი კი 1952 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალა. ის 15 წლის იყო.