ქართველი გოგონა, 10 წლის ნიტა ჭიკაძე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. პატარა მსახიობი მოკლემეტრაჟიან ფილმ Voiceless-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესოდ აღიარეს. ნიტას გმირს საუბარი არ შეუძლია.
გარდა იმისა, რომ მსახიობობის შესანიშნავი მონაცემები აქვს, გოგონა აქტიურად მისდევს სპორტს და კიკბოქსინგში ვარჯიშობს. ნიტას მამა, გიგა ჭიკაძე წარმატებული სპორტსმენია. mshoblebi.ge ნიტას დედას, თამუნა გაზაშვილს ესაუბრა.
მან ამერიკულ ცხოვრებზე, საგანმანათლებლო სისტემაზე და ნიტას წარმატებაზე დეტალურად გვიამბო.
- დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობთ? როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს დატოვება?
- 5 წელია ამერიკაში ვცხოვრობთ. ჰოლანდიაში ვცხოვრობდით რამდენიმე წელი. ამერიკაში გადმოსვლა ჩემი მეუღლის, გიგას კარიერის გამო გადავწყვიტეთ. გიგამ შემოთავზება მიიღო რამდენიმე ამერიკული სპორტული გუნდიდან და საბოლოო არჩევანი კალიფორნიაზე შევაჩერეთ.
- მოგვიყევით ნიტას შესახებ, რამდენი წლისაა და როდის დაინტერესდა მსახიობობით?
- ნიტა 10 წლის არის. რაც მახსოვს, სულ მსახიობობა უნდა. ოჯახში არავინ გვყავს მსახიობი და არც არავის მოუხდენია განსაკუთრებული ზეგავლენა. 5 წლის წინ კომპიუტერში შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც ნიტა სხვადასხვა ფილმიდან თავის საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა. მივხვდით, რომ ამ ყველაფრით ძალიან ერთობოდა და კარგადაც გამოსდიოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო და დავიწყეთ კასტინგებზე სიარული. ჩემთვის მთავარია გაერთოს და სიამოვნება მიიღოს ფილმიდან, მიუხედავად იმისა, გააგრძელებს თუ არა სამსახიობო კარიერას.
- მოგვიყევით ნიტას წარმატებაზე დეტალურად, როგორ მოხვდა ფილმში, რომელ ფილმში ითამაშა, როგორ შეარჩიეს, როგორც ვიცი, ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს...
- ფილმში კასტინგის გავლით მოხვდა. Voiceless მოკლემეტრაჟიანი ფილმია ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც მია ჰქვია. მია ვერ საუბრობს დაავადების, სელექციური მუტიზმის გამო. საკმაოდ რთული ცხოვრებაც აქვს, დედ-მამა განქორწინებულები არიან. დედას მუდმივად მუშაობა უწევს. მამა ძალადობს მიას უფროს დაზე. სკოლაში ყველა ცუდად ექცევა დაავადების გამო. მოკლედ, ძალიან დასტრესილი და მორცხვი პერსონაჟია.
ფილმის გადაღება დაახლოებით 3-4 კვირა გრძელდებოდა. პირველი რამდენიმე დღე ძალიან გაუჭირდა როლის მორგება, რადგან არ შეეძლო საუბარი და ემოციებით იყო ყველაფრის გამოხატვა საჭირო. სიმართლე გითხრათ, არც ველოდით, რომ ნიტა ჯერ ნომინირებული და შემდეგ გამარჯვებული გახდებოდა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
- მსახიობობის გარდა, კიდევ რა მისწრაფებები აქვს, რით არის დაინტერესებული და როგორი მოსწავლეა?
- წესით, მსახიობი ბავშვების უმეტესობა არ დადის სკოლაში, იმდენად დაკავებულები არიან. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ძირითადი აქცენტი მსახიობობაზე გავაკეთოთ და სკოლიდან გამოვიყვანოთ.
ნიტა ძალიან კარგად სწავლობს და იმ შემთხვევაში, თუ სხვა პროფესიას აირჩევს, მომავალში ამას მომზადებული შეხვდება.
გარდა ამისა, დაკავებულია სხვადასხვა აქტივობით. გიგა კიკბოქსინგში ავარჯიშებს. სპორტი ძალიან ეხმარება კონცენტრირებასა და დისციპლინაში. ასევე, ძალიან კარგად ხატავს. ამ ბოლო დროს ანიმაციების შექმნაც დაიწყო.
- ნიტას გარდა კიდევ თუ გყავთ შვილი, მასზეც გვიამბეთ...
- გვყავს 4 წლის მაქსიმე. ჯერჯერობით მარტო ბელა (ბაღის მეგობარი) და ნაყინი აინტერესებს. ნიტას დახმარებით ისიც გადაიღეს რამდენჯერმე ფილმში და რეკლამაში, მაგრამ ბოლო დროს შევწყვიტეთ. ძალიან ცელქია და არ ჩერდება გადაღებების დროს.
- თქვენი მეუღლე, ნიკა ჭიკაძე წარმატებული სპორტსმენია, რა წარმატებები აქვს ამერიკაში? მოგვიყევით თქვენი ამერიკული ცხოვრების შესახებ. თავად რას საქმიანობთ?
- გიგა პროფესიონალი მებრძოლია. ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში. ამჯერად UFC-ს ოფიციალური ათლეტია. მე სასსტუმროების მენეჯმენტ კომპანიაში ვმუშაობ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ჩემი კომპანია აშენებს და მართავს სხვადასხვა ფრენჩაიზ სასტუმროებს.
- საქართველოში თუ გქონდათ შეხება ქართულ განათლების სისტემასთან და რამდენად დიდია ამერიკულსა და ქართულ განათლების სისტემას შორის სხვაობა, რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ ამერიკულ სკოლაში ყველაზე მეტად?
- ნიტა ყოველ წელს კლასს და მასწავლებელს იცვლის. ვფიქრობ, ეს კარგია ბავშვის გამოცდილებისა და განვითარებისთვის. მოსწავლეების შეფასებაც სხვანაირად ხდება. მეოთხე კლასამდე ნიშნებს არ უწერდნენ. ფიქრობენ, რომ ეს გარკვეული სტრესია 10 წლამდე ბავშვებისთვის. სკოლაში ფასდება არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ მასწავლებელიც. მასწავლებლის კარგად შეფასება ისევ მათ ანაზღაურებაზე აისახება და ამიტომ მასწავლებლები უფრო მეტად მოტივირებულები არიან.
ასევე, უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპორტულ აქტივობებს. ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის მიდგომა, რომ ბავშვი უნდა გაერთოს სწავლის პროცესით და არ გადაიღალოს.
არ არის საზეპიროები და ბევრი საშინაო დავალება. სკოლა თვლის, რომ ის 6-7 საათი, რასაც ბავშვი სკოლაში ატარებს. საკმარისი დროა, რომ სათანადო განათლება მისცეს ბავშვს.
დღის თითქმის მესამედს ბავშვები სათამაშო მოედანზე ატარებენ. ამ დროს ბავშვებს სრული თავისუფლება აქვთ. ზოგი ბურთს თამაშობს, ზოგი წიგნს კითხულობს, ზოგი უბრალოდ თანატოლებთან კონტაქტობს.
- რას ექცევა ყველაზე მეტად ყურადღება, რომელიმე საგნის სწავლებას, თუ რაიმე კონკრეტული უნარის განვითარებას?
- ნიტა ჯერჯერობით მეოთხე კლასშია და რომელიმე საგანზე განსაკუთრებული დატვირთვა არ არის. ზოგადი საგნების გარდა, ბავშვებს ძირითადად ასწავლიან, დამოუკიდებლად გაართვან თავი სწავლის პროცესს, სხვადასხვა დავალებას მიუდგნენ ინდივიდუალურად და წაახალისონ ბავშვები განსხვავებული მიდგომების გამო.
- ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით როგორი მიდგომა აქვთ სკოლებში, რთავენ ბავშვებს „სმარტფონების“ ტარების უფლებას?
- ტელეფონი სკოლაში დაუშვებელია.
- ნიტას რომ დავუბრუნდეთ, აქამდე რა პროექტებში მიუღია მონაწილეობა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, მსახიობობა სურს? თუ რაიმე სხვა პროფესიითაა უფრო მეტად დაინტერესებული.
- ჯერჯერობით მოსწონს მსახიობობა და სხვა პროფესიით უფრო მეტად დაინტერესებული არ არის. რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული: Critical Candle, Lucid. შარშან გადაიღეს ამაზონ პრაიმ შოუს ჰანას რეკლამაში. გადაიღეს ასევე US National Domestic Violence პროექტშიც. გადაღებები სულ აქვს, ეხლა ერთ-ერთი ბენდის მუსიკალურ ვიდეოში იღებს მონაწილეობას.
ხატია ვარდოსანიძე