ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის საფრთხის მატებასთან ერთად, პრაქტიკულად გამუდმებით ვხედავთ ეკრანებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს. მას აქამდეც იცნობდა მთელი საქართველო და საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში. ამ საყოველთაო პანიკაში ის აღმოჩნდა ადამიანი, რომლის სიმშვიდე და დამაჯერებელი ტონი, ბევრ ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს და პანიკას თითქოს განმუხტავს კიდეც.
ცნობისათვის, ბატონი ამირანი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში.
დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მალევე დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსს ლაბორანტად; 1991-1996 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე. 1988-1996 წელბში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარატამენტის უფროსი; 1995-1997 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორად. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში — მინისტრი.
2013 წლის 7 თებერვლიდან გამყრელიძე არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.
2002 წელს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ჰყავს მეუღლე - 1950 წელს დაბადებული, ექიმი-ჰემატოლოგი მარინე კვეზერელი-კოპაძე.
საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ვაჟი - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე.
ბატონ ამირანს ჰყავს ასევე ქალიშვილი - თამარ გამყრელიძე და ორივე შვილისგან - ექვსი შვილიშვილი.