გამომძიებლებმა დაასრულეს საგამოძიებო სამუშაოები ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე - მიხაილ ხაჩატურიანის მკვლელობაზე, მისი სამი ქალიშვილის მიერ - კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანების.
ორი უფროსი და ბრალდებულად ცნეს განზრახ მკვლელობაში, უმცროსმა კი იძულებითი მკურნალობა უნდა გაიაროს. გოგონების დაცვის მხარე კვლავ ამტკიცებს, რომ გოგონები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს იცავდნენ მამის ძალადობისგან და ნაფიცი მსაჯულების მოთხოვნას გეგმავს.
საბოლოო ვერდიქტი სასამართლოზეა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ განზრახ მკვლელობა დასტურდება, მოტივი იმდენად თვალსაჩინო და გამაოგნებელია, საზოგადოებას უჭირს ამ ფაქტს განზრახ მკვლელობა უწოდოს მხოლოდ. მით უმეტეს, რომ სულ უფრო და უფრო გამაოგნებელი დეტალები ჩნდება სააშკარაოზე.
გახმაურებული მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა - დებმა ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა სასტიკად მოკლეს. ძიების დროს დადგინდა, რომ მამა ძალადობდა შვილებზე წლების განმავლობაში, იგულისხმება სექსუალური ძალადობა, ასევე სიკვდილის მუქარა და ფიზიკური ძალის გამოყენება.
მკვლელობის მომენტში გოგონები 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა ედებათ ბრალად და 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ძიების თანახმად, 2018 წლის 27 ივლისს მოსკოვში, საკუთარ სახლში იპოვეს 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანის ცხედარი, მრავლობითი ჭრილობებით კისრისა და მკერდის არეში (სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ჭრილობების რაოდენობა 36-დან 45-მდე იყო). პოლიციამ ამოიღო ბინიდან დანა, აბებით სავსე კოლოფი, ჩაქუჩი, არბალეტი, პისტოლეტი, სასიგნალო რევოლვერი ნაგანი, სანადირო თოფი ტყვიებით.
მეორე დღეს დააპატიმრეს მოკლულის სამი ქალიშვილი. დაკითხვისას მათ აღიარეს დანაშაული და ოფიციალურად წარუდგინეს ბრალდება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის საღამოს გოგონების მამა ფსიქონევროლოგიურ ცენტრში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დასაჯა გოგონები - თითქოსდა საბანკო ბარათის გადახარჯვის და ბინაში არეულობის გამო. რიგრიგობით იძახებდა და სათითაოდ უშვერდა აალებულ გაზს სახეში, გაზის ბალონიდან. უფროსმა გოგონამ გაზის იმხელა დოზა მიიღო, რომ ასთმის შეტევა მოუვიდა და უგონოდ დაეცა. გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ მათ სიცოცხლეს უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა - მამას ფაქტობრივად დატყვევებული ჰყავდა ისინი და არსად არ უშვებდა. ამიტომ მისი მკვლელობა დაგეგმეს.
როდესაც კაცს სავარძელში ჩაეძინა, ერთდროულად დაესხნენ თავს და მისი მანქანიდან ამოღებული დანითა და ჩაქუჩით მიაყენეს ჭრილობები. მიხაილი გონს მოეგო, წამოდგა კიდეც და გოგოებს დაედევნა, სწორედ ამ დროს ანგელინამ მარიას გამოსტაცა დანა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა კაცს გულში.
კაცის გარდაცვალების შემდეგ, გოგონებმა სცადეს, მამის თავდასხმის ინსცენირება მოეწყოთ, დანით ჭრილობები მიიყენეს და პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს...
გოგონების დაპატიმრებიდან მალევე გამოჩნდა ინფორმაცია მედიაში, თუ როგორ ემუქრებოდა ხაჩატურიანი შვილებს და სასტიკად ექცეოდა. გამოქვეყნდა გოგონების მიმოწერები მეგობრებთან, სადაც ისინი მამის მხრიდან ძალადობაზე ყვებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ ხაჩატურიანის წინააღმდეგ არაერთხელ შესულა საჩივარი პოლიციაში, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. გოგონების დედა აურელია დუნდუკი ამბობს, რომ ხაჩატურიანი მეგობრობდა პოლიციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და სავარაუდოდ, ამიტომაც არ ჰქონდათ მათ რეაქცია საჩივრებზე.
როგორც დუნდუკი ყვება, მან მომავალი მეუღლე 1996 წელს გაიცნო. ის ამტკიცებს, რომ ქმარმა პირველივე წლებში დაიწყო მისი ცემა, ჯერ კიდევ პირველ ბავშვზე - ვაჟ სერგეიზე ორსულობის დროს. "ეს ყველაფერი 20 წელი გრძელდებოდა. მისი ნაცნობების, ნათესავების თვალწინ - შეეძლო ვეცემე, ვეგინებინე, მერე კი ვითომ არაფერი, ეთქვა: "აურიკა, მიდი, ჩაი მომიმზადე". დუნდუკის თქმით, ხაჩატურიანი ვაჟსაც სცემდა "აღმზრდელობითი მიზნებით", თუმცა მერე ისიც გააგდო სახლიდან და ცოლიც, და აუკრძალა ყველანაირი კონტაქტი გოგონებთან, რომლებიც სახლში დაიტოვა.
ოჯახის ნაცნობები ადასტურებენ, რომ ხაჩატურიანი თითქოსდა რწმენისა და ტრადიციების დაცვის თვალსაზრისით, უამრავ კანონს უწესებდა გოგონებს. მისი დედა და და, რომლებიც 10 წელი ხაჩატურიანებთან ერთად ცხოვრობდნენ, როცა ცოლიც მის გვერდით იყო, ასევე იზიარებდნენ მის პატრიარქალურ შეხედულებებს და ცოლსაც ურჩევდნენ, მოეთმინა ძალადობაც. ამ ყველაფრის გამო ქალი გამუდმებით სვამდა საძილე აბებს და ფაქტობრივად გათიშული იყო დღის დიდი ნაწილი.
ჩვენებების თანახმად, ცოლთან გაშორებიდან მალევე დაიწყო ხაჩატურიანმა გოგონებზე ძალდობა. თავიდან - უფროს გოგონებზე. ერთ-ერთმა დამ თავის მოკვლაც კი სცადა მას მერე, რაც მამამ მასზე სექსუალურად იძალადა, თუმცა ექიმებმა გადაარჩინეს. გოგონები ჰყვებიან, რომ ხაჩატურიანი მათზე გამუდმებით ძალადობა სექსუალურად და ეს ფაქტი სამედიცინო ექსპრტიზამაც დაადასტურა - გოგონებს სექსუალური ძალადობის კვალი აღმოაჩნდათ.
2018 წელს ხაჩატურიანმა საერთოდაც ჩაკეტა გოგონები სახლში და გარეთ აღარ უშვებდა. გოგონები მას ისე ჰყავდა, როგორც მონები. "ითხოვდა, რომ სულ გვერდით ვყოფილიყავით და მის ერთ დაძახებაზე მივსულიყავით. სპეციალური ზარი ჰქონდა, რეკავდა ზარს და რომელიმეს იმ წამს უნდა მიერბინა, დღე იქნებოდა თუ ღამე. და გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც ის მოითხოვდა. წყალი მიეტანა, საჭმელი, ფანჯარასაც კი არ აღებდა თავისით, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი", - ყვება ერთ-ერთი და. გოგონები სკოლაშიც აღარ დადიოდნენ და სკოლის ადმინისტრაციას ხაჩატურიანი ერთხელ ეჩხუბა კიდეც, რომ არ სჭირდებოდა სკოლა, რადგან გოგონებს შინ აძლევდა განათლებას.
როგორც ყვებიან, ხაჩატურიანი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში, ჯერ კიდევ იმ წლებიდან, როცა ცოლიც მის გვერდით იყო და იცნობდნენ, როგორც ღრმად მორწმუნეს.
- ხშირად დდიოდა, მკაცრი იყო საკმაოდ. ნერვულიც ჩანდა. დამამშვიდებლებს სვამდა. უცხოებთანაც ვერ იკავებდა ხოლმე თავს, ძალიან ფიცხი იყო, - ყვებიან ეკლესიაში, სადაც ის დადიოდა, და ასევე ამბობენ, რომ ამავდრულად იყო პატიოსანი, მოწესრიგებული, ყველა მარხვას იცვდა და იერუსალიმშიც დადიოდა წელიწადში სამჯერ.
მეზობლების თქმით, მიხეილი გავლენიან სომხურ მაფიაში იყო და ამიტომ ბევრ რამეს ვერ ამბობენ, სწორედ მაფიის შიშით.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ხაჩატურიანი აქტიურად ზრუნავდა ციხეში პატიმრებზე, სავსე მანქანებით მიჰქონდა საჭმელი, სიგარეტი, ყველაფერი, რასაც სთხოვდნენ და ამაში თავის პროცენტს იღებდა. მის მანქანაში ნაპოვნი ჰეროინიც, სავარაუდოდ, ციხეში შესატანად იყო გამზადებული.
ხაჩატურიანის ნათესავები ცდილობენ, ყველაფერი, რაც ამ საქმის გარშემო ვრცელდება, ჭორებად და გოგონების მიერ თავის დაცვის მიზნით მოგონილ აბსურდად შერაცხონ, თუმცა უამრავი ნაცნობი, გოგონების მეგობრები, მათი დედები, ასევე მათი დედა და ძმა, აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებენ.
ახლა გოგონები სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან.