პოპულარული ჩინელი ბლოგერი ჩჟოუ ჩუნა მზადაა სილამაზისთვის ყველანაირი მსხვერპლი გაიღოს. საკუთარი გარეგნობის სრულყოფისთვის უკან არაფერზე იხევს და არც მათ უსმენს, ვინც მის შეჩერებას და გონზე მოყვანას ცდილობს.
ჩჟოუმ პირველი პლასტიკური ოპერაცია 13 წლის ასაკში გაიკეთა. გოგონა საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყო და თანატოლების მხრიდან დამცირების მსხვერპლიც ბევრჯერ გამხდარა. ეშინოდა, რომ ცხოვრების ბოლომდე დაცინვის ატანა მოუწევდა, ამიტომაც მშობლებს ულტიმატუმი წაუყენა - ან პლასტიკურ ოპერაციას დაუფინანსებდნენ ან სკოლას მიატოვებდა.
ჩუნამ ოჯახს გამოსავალი არ დაუტოვა და ოცნება აისრულა - ქუთუთოების კორექციის შედეგად მან „ფახულა თვალების“ ეფექტი დაიყენა. აზიელებში ეს პროცედურა ძალიან მოთხოვნადი და მოდურია.
„ქუთუთოების შეცვლის შემდეგ ჩემს მიმართ ყველამ შეცვალა დამოკიდებულება, უფრო მეგობრულები გახდნენ“ - ამბობდა ჩჟოუ, რომელმაც პირველივე ოპერაციის შემდეგ ბლოგერობა დაიწყო.
მას 300 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მათთან ერთად განიხილავს ყოველ ახალ პლასტიკურ ოპერაციას. ბევრი მოუწოდებს გოგონას, რომ ახალ ტრანსფორმაციებზე უარი თქვას, რადგან თანდათან უფრო არაბუნებრივად და დაბერებულად გამოიყურება. თუმცა ჩჟოუ არავის უსმენს და ამბობს, რომ ყოველი ახალი მანიპულაციის შემდეგ უფრო მოსწონს საკუთარი თავი და თავდაჯერებაც ემატება.
3 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა - რინოპლასტიკით დაწყებული ლიპოსაქციითა და მკერდის კორექციით დასრულებული. მხოლოდ 2020 წელს გოგონამ 20-ჯერ მიმართა პლასტიკურ ქირურგიას. ოპერაციებში 620 ათასი დოლარი აქვს დახარჯული. თანხის დიდი ნაწილი მისი მშობლების დანაზოგი იყო. დედ-მამა ძალიან შეშფოთებულია და ცდილობენ, გოგონამ მხოლოდ სერთიფიცირებულ კლინიკებს და გამოცდილ სპეციალისტებს მიმართოს.
„ბოლომდე არასოდეს ვიქნები საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი. სულ მგონია, რომ ახალი ოპერაციის მერე კიდევ უფრო ლამაზი ვიქნები. მეკითხებიან, ხომ არ ვნანობ, ამდენი ოპერაცია რომ გავიკეთე. სინამდვილეში მარტო იმას ვნანობ, უფრო ადრე რომ არ დავიწყე მათი კეთება“ - ამბობს ჩჟოუ.
16 წლის ბლოგერი ვეღარ ჩერდება. ამდენმა ჩარევამ სერიოზულად შეულახა ჯანმრთელობა. ადრეულ ასაკში ჩატარებული მანიპულაციები ორგანიზმის ზრდის პროცესში ბევრ პრობლემას იწვევენ. მაგალითად, ლიპოსაქციის შემდეგ გოგონა კიდევ გაიზარდა, რამაც კანის დაზიანებები გამოიწვია. ხშირი ანესთეზიის გამო მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა.
„საჭმლის და წყლის გარეშეც კი გავძლებ, მაგრამ პლასტიკური ოპერაციების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. ძალიან მიყვარს ეს პროცედურები და არც ანესთეზიის წინააღმდეგი ვარ. ტკივილის არ მეშინია, მე სიმახინჯის მეშინია“ - ასეთია 16 წლის გოგონას პოზიცია.