2018 წელს ამერიკის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ავტოავარია მოხდა. 22 წლის ჯო დიმეო ღამის ცვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და საჭესთან ჩაეძინა. მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი მოეკიდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი. ექიმებმა მას თითების ამპუტაცია ჩაუტარეს. მან ტუჩები და ქუთუთოებიც დაკარგა. საოპერაციო მაგიდაზე 23 საათი გაატარა და 140 ექიმი მეთვალყურეობდა.
ჯომ დამწვრობის განყოფილებაში ოთხი თვე გაატარა, აქიდან ორი თვე კომაში იყო. 20 პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ხელის მოტორიკა და სახის მიმიკები არ აღუდგა. 2019 წელს ის NYU Langone-ში, ნიუ-იორკის აკადემიურ სამედიცინო ცენტრში წაიყვანეს. ბიჭი იქ ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა და პირველად ისტორიაში სახე და ხელები გადაუნერგეს.
"ასეთ საჩუქარს მხოლოდ ერთხელ გვაძლევს ცხოვრება. იმედი მაქვს, რომ ჩემი დონორის ოჯახის წევრები თავს უკეთესად იგრძნობენ, როცა გაიგებენ, რომ მათი საყვარელი ადამიანის ნაწილები ჩემთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. მე და ჩემი მშობლები მადლიერები ვართ, რომ მეორე შანსი მომცეს." - თქვა ჯომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ოპერაციას პლასტიკური ქირურგი ედუარდ როდრიგესი ხელმძღვანელობდა. მან თქვა: "ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ გარეგნობის გაუმჯობესება იყო, არამედ გვინდოდა, რომ ყველაფერს კარგად ემუშავა, განსაკუთრებით ხელებს." ექიმის თქმით, ჯო ყველაზე მიზანდასახული პაციენტია და ოცნებობს, კვლავ დაკავდეს სპორტით, ითამაშოს გოლფი.
ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი 45 დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. ორი თვე კიდევ დარჩა საავადმყოფოში და თვალების გახელა და ხელების მოძრაობა უკვე შეძლო. მას ახლა შეუძლია დაუხმარებლად ივარჯიშოს, მოამზადოს საუზმე თუ შეასრულოს სხვა მოქმედება. ექიმები ამ ამბავს იქამდე არ ახმაურებდნენ, ვიდრე არ დარწმუნდებოდნენ, რომ ოპერაცია მართლაც წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდა.