ამ ამბავს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რუსული ინტერნეტგამოცემა woman.ru ავრცელებს. და თავისთავად ამბავიც საინტერესოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში რომ ხდება, ორმაგად საინტერესოა და რასაკვირველია, ბევრ შეკითხვასაც აჩენს ამ წყვილის მიზნებზე, გეგმებზე, ინტერესებზე...
"ადამიანებს სხვადასხვანაირი ოცნებები აქვთ, ზოგს სურს, რომ მათი ძალები და შესაძლებლობები გაიზარდოს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ცოლ-ქმარი გეგმავს, რომ 105 შვილი ჰყავდეს? კრისტინა და გალიფი უკვე 10 ბავშვს ზრდიან, რომლებიც სუროგატი დედებისგან გაუჩნდათ და გაჩერებას არ აპირებენ.
კრისტინა გაგარკინას ისტორია კინოს ჰგავს. მარტოხელა დედა მოსკოვიდან ცხოვრებაში პირველად წავიდა ზღვაზე დასასვენებლად და პირველივე საღამოს რესტორანში საქართველოში მცხოვრები ცნობილი თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი გაიცნო.
"ჩემი ცხოვრების მეგზური, ზღაპრული პრინცი", - ასე უწოდებს კრისტინა ქმარს. გალიფი იმ საღამოს გახსენებისას ამბობს, რომ ქალი ერთი ნახვით შეუყვარდა. "ისეთი მსუბუქია, სულ ღიმილი აქვს სახეზე, დროდადრო მორცხვი და იდუმალი ხდება. ისეთი ცოლია, როგორიც მინდოდა. მე მასში შეუფასებელი ბრილიანტი დავინახე. სუფთა და კეთილი გული აქვს", - ამბობს ის კრისტინაზე.
ბიზნესმენი ბათუმში წარმატებული და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია და ასევე სხვა ბიზნესსაქმიანობებსაც ეწევა.
კრისტინამ და გალიფმა გადაწყვიტეს, რომ კავშირი გაემყარებინათ და ბევრი ბავშვის მშობლები გამხდარიყვნენ. ვინაიდან ერთი ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის შეუძლებელი იყო ათობით ბავშვის გაჩენა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სუროგატი დედები ეპოვნათ.
ფინანსურად არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, უბრალოდ ამ საქმეს სწორი ორგანიზება სჭირდებოდა და კრისტინამაც გაართვა თავი. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ 10 შვილი ეყოლათ და გაჩერებას არ გეგმავენ. ქალი საკუთარი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას:
"ახლა 10 შვილი გვყავს და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. ყველაზე პატარა 2021 წლის იანვრის ბოლოს გაჩნდა, ხოლო ჩემი უფროსი შვილი 6 წლისაა. დანარჩენი ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს. ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ. არ ვაპირებთ 10 შვილზე გაჩერებას, თუმცა ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს თავის დრო აქვს. ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, სუროგატი დედების შესახებ არაფერი ვიცოდი, ვიდრე ჩემმა ქმარმა არ მითხრა. ორივე შევთანხმდით, რომ ბევრი შვილი გვინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, მე გავაჩენდი. როდესაც სუროგაციაზე შევთანხმდით, დიდხანს ვაანალიზებდი დადებით და უარყოფით მხარეებს. ბათუმში არსებული კლინიკა სრული პასუხისმგებლობით გვირჩევს სუროგატ დედებს. პირადად არც ერთ ქალს არ ვიცნობთ და არც კონტაქტი გვაქვს მათთან. ჯანმრთელობის საკითხებს კლინიკა აგვარებს, ჩვენ ვაკვირდებით კლინიკაში არსებულ მონაცემებს, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ იკვებებიან, როგორი ანალიზი აქვთ და ასე შემდეგ. სუროგატი დედა ახალგაზრდა ქალი უნდა იყოს და ერთხელ მაინც იყოს ნამშობიარევი. არ უნდა იყოს რაიმეზე დამოკიდებული. პროგრამაში ჩართვამდე აუცილებლად უნდა გაიაროს ფსიქოლოგთან კონსულტაცია. შემდეგ გამოიკვლიონ, რაიმე ქრონიკული დაავადება ხომ არ აქვს. თუმცა, არის ხოლმე მსოფლიოში შემთხვევები, როცა სუროგატი დედები ბოლო ეტაპზე უარს აცხადებენ ბავშვის მშობლებისთვის მიცემაზე. სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა მსგავსი შემთხვევა. ვიცი, რომ წყვილები ხშირად აკონტოლებენ მათ, სახლშიც მიჰყავთ და ყველა ნაბიჯი იციან. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ბავშვების დაბადების შემდეგ ჩვენსა და სუროგატ დედებს შორის ყველანაირი კონტაქტი წყდება", - ამბობს ის.
საქართველოში სუროგაცია ოფიციალურად 1997 წლიდანაა ნებადართული. იმისათვის, რომ წყვილებმა შვილის ყოლის ეს გზა გამოიყენონ, ოფიციალურ ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში უნდა იყვნენ. საქართველოში სუროგაცია შედარებით იაფია. საშუალოდ, სუროგატი დედა 8 ათას ევროს იღებს. გარდა ამისა, იღებს სამედიცინო მომსახურებასა და ყველა საჭირო ნივთს, რაც ორსულობის პერიოდში სჭირდება. სუროგატ დედას ბავშვის დატოვების არანაირი უფლება არ აქვს, რადგან ის გენეტიკურად დედა არ არის და მხოლოდ ცოლ-ქმრის გენეტიკური მასალა გამოიყენება ჩასახვისთვის.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლე სულ მხარში მიდგას. ერთ შვილს რომ უვლი, ეგაა რთული და ათი რომ გყავს, ეს ხომ წარმოუდგენელი შრომაა. რთულია, ყველა მათგანს თანაბარი დრო დაუთმო, სიყვარულს საზღვრები არ აქვს, მაგრამ დროა შეზღუდული. ხშირად გამთენიისას ვიძინებ, რადგან მთელი დღე ბავშვებს რომ ყურადღება სჭირდებათ, ღამით ვაკეთებ საჭმელს, ვაწესრიგებ სახლსა და ვგეგმავ მომავალ დღეს. ეს ძალიან რთული პროცესია. ჩემი მეუღლე სრულად მენდობა, რომ საყოფაცხოვრებო საკითხებში თავად მივიღო გადაწყვეტილება. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მე არანაირი საქმე არ მაქვს, ბავშვებს ჩემს ნაცვლად სხვები აჩენენ, ძიძები მეხმარებიან, სახლს ალაგებენ და მე მხოლოდ მეგობრებთან ერთად დავდივარ რესტორნებსა და კაფეებში. მაგრამ ასე არ არის. ბავშვებთან მაქსიმალურ დროს ვატარებ, ყველა ძიძას ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით ვარჩევ და ჩემი მითითებებით ურთიერთობენ. ვაძლევ ინსტრუქციას, თუ რა უნდა წაუკითხონ ბავშვებს და რა თანმიმდევრობით. საკვებს მხოლოდ სახლში ვამზადებთ, დაკონსერვებულ ან მზა პროდუქტს არ ვყიდულობთ.
მკაცრად ვაკონტროლებ, რომ ბავშვებმა მიიღონ ყველა საჭირო ვიტამინი თუ სასარგებლო ნივთიერება, ადეკვატური დოზით. ყოველ დღე სახლი სველი წესით უნდა დასუფთავდეს. ყველა ნივთს, რომელსაც გამოვიყენებთ, სტერილიზაცია უკეთდება. ყველაფერი უნდა დაუთოვდეს. თითოეულ ბავშვს საკუთარი დღიური აქვს, რომელშიც წერენ, რა შეჭამეს იმ დღეს, რამდენი, რამდენ ხანს ეძინათ, რამდენჯერ იყვნენ ტუალეტში, რამდენ ხანს ტიროდნენ და რა ცვლილებები მოხდა მათ ორგანიზმში. ბევრი შვილი მყავს, ამიტომ ბევრი პასუხისმგებლობაც მაქვს", - ამბობს ქალი".