პოპულარული თუქრული სერიალების მთავარი გმირების ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ქართველი მაყურებლის ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით გულშემატკივრობენ მთავარი როლების შემსრულებელ შეყვარებულ წყვილებს და სულ აინტერესებთ, გრძელდება თუ არა მათი სიყვარული ეკრანს მიღმა.
რამდენიმე წლის წინ უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს ფილმ „მარწყვის სურნელის“ მთავარი გმირების, ბურაკისა და ასლის სიყვარულის ისტორიას. თურქეთის ულამაზესი საკურორტო ადგილების ფონზე განვითარებული ხალისიანი ამბავი რომანტიკული სცენებითა და ლამაზი ახალგაზრდების მონაწილეობით, სწრაფად შეიყვარა მაყურებელმა. თუმცა განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი მაინც მთავრი როლების შემსრულებლების იუსუფ ჩიმსა და დემეტ ოზდემირის მიმართ გამოიჩინეს.
ფილმის გადაღებისას იუსუფი 23, დემეტი კი 22 წლის იყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მათი ეკრანული სიყვარულის პარალელურად მათ რეალურ სიახლოვეზეც ალაპარაკდნენ. ჯერ კიდევ გადაღებების დროს იწერებოდა, რომ წყვილი ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ იყო. ბევრს მათი სიყვარული ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი ეგონა და ფიქრობდნენ, რომ სერიალის ჩვენების დასრულების შემდეგ თანდათან დავიწყებას მიეცემოდა. თუმცა ასე არ მოხდა. მათი გრძნობები საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და სერიალის ეკრენებზე გამოსვლიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში არ განელებულა. ისინი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ და ვარსკვლავურ წყვილად იქცნენ. ყველა ელიტური წვეულების ეპიცენტრში და პრესის გარეკანზე ხვდებოდნენ. სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე კი მათი ამბავი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ბევრს უჩუყებდა გულს.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა იუსუფ ჩიმი, რომლისთვისაც „მარწყვის სურნელი“ პირველი წარმატებული როლი იყო. გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდამ მალე დაიპყრო მაყურებლის გული. იუსუფი თავიდან სერიოზულად იყო სპორტით გატაცებული და პროფესიონალურ დონეზეც თამაშობდა ფეხბურთს. მაგრამ ფეხის ტრავმის შემდეგ დიდ სპორტზე ოცნება დასრულდა. იუსუფმა, რომელმაც სკოლაშივე გამოირჩეოდა მათემატიკური ნიჭით, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლიცეუმში განაგრძო სწავლა. თანდათან მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი მოწოდება და მშობლიურ ქალაქში რადიოსა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. სტუდენტობის დროსვე შესთავაზეს სარეკლამო რგოლში მონაწილეობა. პირველივე კლიპის შემდეგ სამოდელო სააგენტოებმა შენიშნეს და მალე თურქეთის საუკეთესო მოდელის ტიტულის მფლობელიც გახდა. ის მოთხოვნადი იყო როგორც პოდიუმზე, ასევე როგორც საუკეთესო ფოტომოდელი. ცნობილი ბრენდები ერთიმეორეზე მიყოლებით აფორმებდნენ მასთან კონტრაქტებს.
დაკავებული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, იუსუფმა მუსიკალური მიმართულებითაც სცადა ბედი და მალე სოლო ალბომი ჩაწერა. მოგვიანებით საკუთარი საავტორო გადაცემაც ჰქონდა ერთ-ერთ პოპულარულ ტელეარხზე. როგორც ამბობენ, ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია და იუსუფიც არ დაკმაყოფილებულა მიღწეულით. 22 წლის ასაკიდან უკვე ფილმებსა და სერიალებში იღებდნენ.
სწორედ გადასაღებ მოედანზე შეხვდა თავის პირველ დიდ სიყვარულს დემეტ ოზდემირს, რომელთანაც პირველი სერიოზული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. დემეტი ძირითადად, ცეკვით იყო დაკავებული, თუმცა სამსახიობო განათლებისა და გამორჩეული გარეგნობის გამო ფილმებში საკმაოდ ხშირად იწვევდნენ.
იუსუფ ჩიმისა და დემეტ ოზდემირის ურთიერთობა 2 წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. თაყვანისმცემლები უკვე ქორწილს ელოდნენ, თუმცა, როგორც ამბობდნენ, ორივეს ოჯახი წინააღმდეგი აღმოჩნდა ასე ადრეულ ასაკში ახალგაზრდების ქორწინებით. მშობლებმა ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ქორწინება არ ეჩქარათ.
წყვილი ერთადაც ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ ერთმანეთს მაინც დაშორდნენ. დღეს დემეტი 29 წლის, იუსუფი კი 30 წლისაა. ორივე საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, თუმცა პირადი ცხოვრება ვერცერთმა ვერ ააწყო. ორივეს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ხანმოკლე რომანი გაჩაღდა, თუმცა ფაქტია, დღემდე ორივე მარტოა. სხვათა შორის, მათი დაშორების შემდეგ თურქულ ყვითელ პრესაში დიდი ხნის განმავლობაში ჩნდებოდა ჭორები, თითქოს იუსუფი და დემეტი შერიგდნენ, რამდენჯერმე ერთად დააფიქსირეს, თუმცა ვარაუდი შერიგებაზე არც ერთხელ არ გამართლდა.
თაყვანისმცემლები დღემდე არ კარგავენ იმედს, რომ ეს ლამაზი წყვილი საბოლოოდ კვლავ ერთად იქნება.