ავღანეთში მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიო ააფორიაქა. იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მრავალნატანჯ ქვეყანას თალიბანების ხელში და განსაკუთრებით - რა ბედი ეწევათ ქალებსა და ბავშვებს, ბევრი ღელავს. ქალების უფლებები ამ ქვეყანაში ისედაც ფეხქვეშ იყო გათელილი და ახლა უარესი საფრთხეების წინაღე არიან.
ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს ნახატები, რომლებზეც უფლებებშეზღუდული ავღანელი ქალები არიან გამოსახული. ნახატები ძირითადად გრაფიტითაა შესრულებული ქაბულის ქუჩებში და მათი ავტორი 33 წლის შამსია ჰასანია.
შამსია ავღანელი გრაფიტისტია, ქაბულის უნივერსიტეტის ლექტორი. წლებია ცნობილია, როგორც სტრიტ-არტის - ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი. თავისი ნამუშევრები რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი. ჰასანი წლებია, ხატავს ქაბულის ქუჩებში, რომ ავღანეთის პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღება მიაპყროს. 2014 წელს 100 მსოფლიო მოაზროვნეს შორის მოიხსენია ჟურნალმა Foreign Policy-მ.
ჰასანი 1988 წელს არის დაბადებული ირანში, სადაც მისი მშობლები ავღანეთიდან იყვნენ ემიგრირებული ომის დროს. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხატვით, თუმცა ირანში სამხატვრო სკოლაში ვერ ჩააბარა, რადგან იქ ავღანელებს მსგავსი საქმიანობა ეკრძალებათ. 2005 წელს დაბრუნდა ქაბულში და ქაბულის უნივერსიტეტში მიიღო დიპლომი, როგოროც ხელოვანმმა. ფერწერის ბაკალავრის ხარისხი აქვს და ასევე გამომსახველობითი ხელოვნების მაგისტრის.
ქაბულის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, თანამედროვე ხელოვნების ჯგუფიც შექმნა. პარალელურად ხატავს ქუჩებს და იბრძვის ქალთა უფლებებისთვის.
რა თქმა უნდა, ხშირად ხვდება წინააღმდეგობა, ზეწოლა, იმის გამო, რომ ქაბულის მცხოვრებთ დაუშვებლად მიაჩნიათ რელიგიური თვალსაზრისით, ქალი ქუჩაში იდგეს და გრაფიტებს ხატავდეს.