ზამთრის დადგომასთან ერთად, კვლავ აქტუალურია ასაფეთქებლების თემა, რომელიც ყოველ წელს არაერთი ადამიანის დაზარალებით მთავრდება, განსაკუთრებით კი - ბავშვების. წლიდან წლამდე ვსაუბრობთ ამის შესახებ, თუმცა წლიდან წლამდე, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში, გამუდმებით გვესმის, როგორ აფეთქებენ დღისით-მზისით, ეზოებში, სკვერებსა და სკოლის შენობებთანაც კი, ბავშვები ათასგვარ ასაფეთქებელ მოწყობილობას. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფოტო თუ ვიდეო მასალა, როგორ ზიანდებიან ამით ბავშვები და როგორ უქმნიან სხვასაც საფრთხეს, ესვრიან მანქანასა თუ შინაურ ცხოველებს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს ვკითხეთ, რა მდგომარეობაა წელს ამ მხრივ.
- საბედნიეროდ, ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღესასწაულები და ახალი წელი წინაა. არ მაქვს იმედი, რომ წელს შედარებით ნაკლები შემთხვევა გვექნება. კანონმდებლობით პიროტენიკის არასრულწლოვანზე მიყიდვა აკრძალულია, მაგრამ, ჩვენი გამოცდილებიდან, ამან არაფერი შეცვალა. მოსახლეობამ მაინც ვერ გაიგო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი. ძალიან ბევრ მშობელს ბავშვისთვის საჩუქრად მიაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არ არის გასართობი საშუალება. რაც არ უნდა უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. ძირითადად, 46%-ში ზიანდება ხოლმე მარჯვენა ზემო კიდურის მტევანი, 17%-ში - თვალები, სახე, შემდეგ მოდის ტორსი, მარცხენა ზედა კიდური, ქვმო კიდურები და გენიტალიები. ბუნებრივია, ეს მხოლოდ დამწვრობას არ იწვევს. არც ისე იშვიათია თითების ამპუტაცია, სრული ინვალიდიზაცია, თვალის დაკარგვა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები.
შემთხვევები 20-25 დეკემბრის შემდეგ ატიურდება და მთელი იანვრის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, ბევრი შემთხვევა სკოლის არდადეგებთან იყო დაკავშირებული. შარშან, პანდემიის გამო ვფიქრობდით, რომ მონაცემი შემცირდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ, სტატისტიკამ არ მოიკლო. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ყველაფერი აკრძალულია. ჩვენთან ნებისმიერ ადგილზე იყიდება და არავინ აკონტროლებს ამას, ბავშვებისათვის თავისუფლადაა ხელმისაწვდომი. მე მომხრე ვარ, რომ საერთოდ ყველა ტიპის ასაფეთქებელი აკრძალული იყოს.
ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, რომ აივანზეც არ გავდივართ ხოლმე იმიტომ, რომ არ არის უსაფრთხო და შესაძლოა მეზობლის ნასროლმა პიროტექნიკამ დაგვაზიანოს. ჯობს, გაცილებით უსაფრთხოდ შეხვდეს მოსახლეობა ახალ წელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა ყველაფერი სწორად, ინსტრუქციის მიხედვით გავაკეთოთ, მაგრამ თავად ასაფეთქებელი იყოს დაზიანებული და ამან საკმაოდ სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
როგორც გუგა ქაშიბაძემ გვითხრა, შარშან პიროტექნიკით დაზიანების 300 შემთხვევა დაფიქსირდა და აქიდან დაახლოებით 30 პაციენტს სტაციონარში გადაყვანა დასჭირდა.
არსებული კანონმდებლობით, პიროტექნიკის არასრულწლოვანზე გაყიდვა ჯარიმდება. ფიზიკური პირები 100 ლარის, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარის ოდენობით ჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 200 ლარის, ხოლო იურიდიულ პირებს 400 ლარის გადახდა მოუწევთ.
თამარ იაკობაშვილი
რა მოჰყვა პიროტექნიკის აფეთქებას 71-ე ბაღში? - ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო
შვილიშვილმა მძინარე ბაბუას პირში საახალწლო ასაფეთქებელი აუფეთქა